ძველი გურული თამაში – „ჯაფარიკა“

ყველა სოფელს გურიაში „სათმაშო“ მინდორი ანუ ასე ვთქვათ სტადიონი ჰქონდა. იყო შემთხვევები როცა სოფლის საზოგადოება ფულს შეკრებდა და სათამაშო მინდორს შეიძენდა. „სათამაშო“ მინდორი სოფლის მოსახლეობისათვის ერთგვარ აუცილებლობასაც წარმოადგენდა, რადგანაც გურული ტრადიიცის მიხედვით აღდგომიდან ამაღლებამდე მთელი ორმოცი დღის განმავლობაში ყოველ კვირა დღეს ამ ადგილზე იმართებოდა სახალხო დღესასწაული. იყო სიმღერა და ცეკვა (ფარცაკუკუ, კალმახური, ფოთლით ცეკვა, ფერხული, მოკვლა-გაცოცხლება).
.
გურიაში ძირითადად ბურთს (ბულთს) ანუ ლელოს თამაშობდნენ, რომელთა ნაირსახეობა აღწერილი აქვს აპოლონ წულაძეს – “ლელობურთი”, “დარჩენიე”, “ხელგაკვრია”, “ღლეტია ბურთი”, “ლელო გატანია”, “გამგდებ-გამომგდებია”, “ფეხგაკვრიე”, “ფეხგორიე”, “დარჩენიე” და ა.შ. მათი თამაშის წესებიც განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან, რაც თავად დასახლებიდანაც ჩანს. მაგალითად აპოლონ წულაძის გადმოცემით „ფეხგორიე“ დაახლოებით ფეხბურთის პრიმიტიული ვარიანტი გახლდათ.
.
ასევე ძალიან პოპულარული იყო „ჯაფარიკა“, რომელსაც 30-40 წლის წინაც თამაშობდნენ გურიაში. გრიგოლ იმნაიშვილის ერკეთში („გურული დიალექტი“) ჩაწერილი აქვს ჯაფარიკის თამაშის წესები:
.
„ ჯოხი უნდა იყოს ორი ჯაფარიკობიეს სათამაშოთ. ერთი უნდა იყოს ერთი ტკეველა ჯოხი; მოორე უნდა იყოს სამი ტკეველა ჯოხი.
.
პატარა ჯოხს ქვია რიკა. დიდს ვეძახოდით ჯოხს. ამ ჯოხით ვსროლილობდით რიკას. ჯოხით გავხაზავდით სათამაშო ადგილს. იმიდგან შუაზე დავდგებოდით ერთი, ერთი მოშორებით იდგა. ვინც ხაზთან იდგა, ჯოხს დეიკავებდა ხელჩი, რიკას დეიდებდა ჯოხთან ხელზე. პაწას ააგდებდა ზეით და დიდი ჯოხით ისროლიდა, გაკრავდა ხაერში ამ ჯოხს. რიკა აგარდებოდა მაღლა და დავარდებოდა მიწაზე. ხელჩი რო ჯოხი ქონდა, იმას დადებდა ხაზზე.
.
აფხანაკი ეიღებდა რიკას და ესროლიდა ამ ჯოხს. თუ ჯოხს ვერ მუარტყამდა, მაშვინ თამაშის დამწყები აგძელებდა თამაშს: რიკას დააგდებდა ხაზის ახლოს, ცალ თავზე დაარტყამდა ჯოხს და პაწას ააგდებდა ხაერში და გაკრავდა ჯოხს. რიკა გავარდებოდა. თუ შორს გავარდა, მაშვინ კიდომ გაკრავდა ორი გზობა.
.
თუ ახლო დავარდებოდა, მაშვინ მოორე აფხანაკი იტყოდა: – ახლო დავარდაო, მე ამაზე გადავხტებიო. დანიშენიდა ადგილს და გამეიქცეოდა გადასახტომათ. უნდა გადმოხტარიყო ხაზზე. თვერ გადახტებოდა, მაშვინ კიდომ ისროლიდა რიკას. სულ სამჯერ უნდა გიეკრა რიკა. მესამე გაკვრაზე საცხა დავარდებოდა რიკა, იქიდან უნდა მიეყვანა აფხანაკს გახახზულთან ძრუგით მოკუჭუნებული. იგი იყო მისი სარჯელი. მოგებული იყო ძრუგზე. წაგებულს მიყავდა ძრუგით მოკუჭუნებული, დასფამდა ხაზთან. მოგებული დეიწყებდა ხელახლა თამაშს, განაგძნობდენ თამაშს კიდომ.“
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share