გურიის მოამბე

პროკურატურა: მთავარ არხს დოკუმენტების გადმოსაცემად გონივრული ვადა მივეცით

საქართველოს პროკურატურა მთავარი არხის კონტრაქტორ გაყიდვების სახლში შესვლასა და არხთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ცნობისთვის, აქამდე მთავარი არხის ვებ-გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა ტელეკომპანიასა და მის კონტრაქტორ გაყიდვების სახლში შევიდა და მთავარ არხთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტაციის სრულად ამოღება მოითხოვა.

განცხადების მიხედვით, პროკურატურამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე მთავარ არხს “ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა.

პროკურატურის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მთავარი არხის დირექტორის, გიორგი ქურდაძის საჩივრის საფუძველზე, გამოძიება “საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იურიდიული პირის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის” ფაქტებზეა დაწყებბული.

“საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, დღეს მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტელეკომპანია მთავარ არხს ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა, ამავე ტელეკომპანიის დირექტორის გიორგი ქურდაძის საჩივრის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

განჩინებები, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოსაპოვებელი დოკუმენტაციის და ელექტრონული ინფორმაციის მოძიების და შემდგომი გადმოცემის მიზნით, ოფიციალურად ჩაბარდა შპს მთავარი არხი და კონტრაქტორი კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენლებს და მათ დოკუმენტების გადმოსაცემად მიეცათ გონივრული ვადა.

საქართველოს პროკურატურაში გამოძიება დაწყებულია საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იურიდიული პირის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე.

გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, საქართველოს პროკურატურა მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას”. – წერია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights