ქართველი პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის მოადგილე და პროფესორი, საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის დირექტორი მანანა დოიჯაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მანანა დოიჯაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია პროფესორ თენგიზ ამირეჯიბის ხელმძღვანელობით. ჯ.ენესკუს სახელობის კონკურსზე ბუქარესტში (1970 წელი), ბ.სმეტანას სახ. კონკურსზე ჩეხოსლოვაკიაში (1974 წელი) და სიდნეის პირველ (1977 წელი) საერთაშორისო კონკურსებზე გამარჯვებებმა მას დიდი აღიარება მოუტანა. მის საშემსრულებლო ხელოვნებას კარგად იცნობენ რუსეთის, ბულგარეთის,ფინეთის, ამერიკის, ესპანეთის, ავსტრიის, გერმანიის, არგენტინის, კორეის, ავსტრალიის და სხვა ქვეყნების მუსიკოსები და კლასიკური მუსიკის მოყვარულები.
მისი თაოსნობით ხანგრძლივი უმოქმედობის შემდეგ აღდგა და თბილისის მუსიკალურ ცხოვრებას დაუბრუნდა კონსერვატორიის დიდი დარბაზი; მანანა დოიჯაშვილი გახდა საქართველოში საკონკურსო მოძრაობის სულის ჩამდგმელი: მან ჩაუყარა საფუძველი საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა (1995 წელი) და პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსებს (1997 წელი). გარდა ამისა იგი არის ყოველწლიური ფესტივალის – “საახალწლო მუსიკალური შეხვედრები” – ინიციატორი და ორგანიზატორი. მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით ჩამოყალიბდა ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმი (I – 2002 წელს; II – 2004 წელს )
2005 წელს მანანა დოიჯაშვილს მიენიჭა საფრანგეთის რესპუბლიკის ”ლიტერატურისა და ხელოვნების ორდენის რაინდის” და ”მშვიდობის ელჩის” საპატიო წოდებები. 2004 წელს საშემსრულებლო ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა რუსეთის საშემსრულებლო ხელოვნების ფონდის პრემიით. 2003 წელს მანანა დოიჯაშვილმა მიიღო ქართველი მუსიკოსებისათვის უმაღლესი ჯილდო – ზ.ფალიაშვილის სახელობის პრემია. 1999 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.