უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. არესტოვიჩი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
არესტოვიჩმა გადადგომის მოთხოვნით პრეზიდენტის აპარატის უფროსს, ანდრეი ერმაკს მიმართა.
„მინდა, ცივილიზებული ქცევის მაგალითი ვაჩვენო: პრინციპული შეცდომა ნიშნავს გადადგომას“, – წერს არესტოვიჩი.
არესტოვიჩი მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2022 წლის თებერვლიდან მოექცა, როდესაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო….
დავით არახამიას, მიხაილო პოდოლიაკის, ალექსეი არესტოვიჩის სახელები მსოფლიო თუ ქართული მედიაში ყოველდღიურად ისმის.
ქართული საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის ქვეშ თავდაპირველად აფხაზეთიდან დევნილი, გაგრაში დაბადებული დავით არახამია მოექცა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საქართველოშია დაბადებული ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთი ახლა უკვე ყოფილი თანაგუნდელიც – ალექსეი არესტოვიჩი.
ალექსეი მიკოლას ძე არესტოვიჩი – უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, სამხედრო, მსახიობი, ბლოგერი, სამხედრო და პოლიტიკური ანალიტიკოსი. დაიბადა 1975 წლის 3 აგვისტოს დედოფლისწყაროში, სამხედრო დასახლებაში.
მოძიებული ინფორმაციის თანახმად, მისი მამა – მიკოლა არესტოვიჩი თავდაცვის უწყებაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა. არესტოვიჩი ბელორუსული და პოლონური წარმომავლობისაა. ალექსეის დაბადებიდან მალევე, მისი ოჯახი უკრაინაში დაბრუნდა. მან სკოლა კიევში დაამთავრა, შემდეგ კი უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ალექსეი არესტოვიჩმა სამსახიობო კარიერა 1993 წელს დაიწყო, თამაშობდა კიევის თეატრის სტუდიაში – „შავი მოედანი“.
ასევე, სწავლობდა თეოლოგიას კიევის წმინდა თომა აკვინელის ინსტიტუტში. დაამთავრა ოდესის სახმელეთო ჯარების ინსტიტუტი, აქვს სამხედრო თარჯიმნის დიპლომი.
არის აქტიური ბლოგერი, ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს „ფეისბუკზე“ და 300 ათასზე მეტი „იუთუბიზე“.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა 16 იანვარს განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა.
მოგვიანებით, ამ განცხადების გამო, უკრაინის რადაში პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
ამასთან, დღეს ალექსეი არესტოვიჩმა რაკეტის ჩამოგდებასთან დაკავშირებით თავის განცხადებას სერიოზული შეცდომა უწოდა და დნიპროს მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.