გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდნენ, სადაც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიმდინარე ღონისძიებებს გაეცნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გურიის და აჭარის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა ურეკის კულტურის სახლში გაიმართა, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ირმა აფხაზავა და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გურიის რეგიონში, ქეთევან მოისწრაფიშვილი დაესწრნენ.
გიორგი ხანიშვილმა რეგიონებში არსებული ვითარების და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. აღინიშნა, რომ, ამ პერიოდში, მთავარი გამოწვევა უამინდობასთან დაკავშირებული რისკებია, რამაც, შესაძლოა, ფაროსანას და სხვა მავნებელ-დაავადებებისგან სასოფლო-სამეურნეო კულტურების, განსაკუთრებით კი, თხილის მოსავლის დაზიანება გამოიწვიოს.
გიორგი ხანიშვილმა ხაზი ფერმერების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას და მოსახლეობის ინფორმირებულობის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობების როლს გაუსვა.
„შეხვედრაზე, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე თხილის მოსავალთან დაკავშირებული რისკების საკითხები განვიხილეთ. თითოეულმა ფერმერმა მაქსიმალურად გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ხარისხიანი და დიდი რაოდენობის მოსავლის მისაღებად მნიშვნელოვანია დადგენილი სქემის მიხედვით წამლობების ჩატარება. მინდა ფერმერებს მოვუწოდო, დარჩენილ პერიოდში მაქსიმუმი გააკეთონ, მშრალი ამინდები გამოიყენონ და წამლობები ჩაატარონ, მათ შორის, ფაროსანას წინააღმდეგ“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
უწყების ცნობით, დასავლეთ საქართველოში, ფაროსანას მონიტორინგის, კონტროლის და მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მობილიზებულია ყველა რესურსი და გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები ტარდება. ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან აქტიურად თანამშრომლობს. მეფუტკრეებთან და მეთხილე ფერმერებთან შეხვედრები მუდმივ რეჟიმში იმართება.
ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე – parosana.ge.