ნაწყვეტები გერონტი ქიქოძის წერილებიდან
.
ჯვარედინ გზაზე (1916 წელი)
.
“ჩვენი ეროვნული სახე ძალდატანებულად ყოველთვის დასავლეთისა და სამხრეთისაკენ იყო მიმართული. ზურგი, პირიქით, დიდ ბუნებრივ ზღუდეზე გვქონდა მიბჯენილი. ეს იყო მაღალი მთაგრეხილი, რომელსაც ჩრდილოეთით ცივი და ნაკლებ სტუმართმოყვარე ქვეყნები ეკრა. აქ თითქმის დღესაც ყველაფერი უცხოა ქართველებისათვის. ნიადაგის ზედაპირი ჩვენი ქვეყნის ზადაპირს არა ჰგავს, არც ჰავა ჰგავს ჩვენს ჰავას. აქ ცოტაა ისტორიული ნაშთი და მათ შორის არ მოიპოვება არც ჩვენებური მოღუშული ციხეები, არც ჩვენებური ნათელმარმარილოსებური ტაძრები. მკვიდრთათვის გაუგებარია ჩვენი რაინდული და ინდივიდუალისტური შეხედულებები. ჩვენ კიდევ მათი ბუნდოვანი მისტიციზმი და მათი უპიროვნო მორალი გვეუცხოება.
უბედურმა შემთხვევამ დაგვაახლოვა ამ უცხო ქვეყანასთან და ჩვენი სულიერი შეუღლება უკანონოა. მეცამეტე საუკუნეში სპარსეთის კულტურა ველურმა მონგოლებმა დაამხეს, მეთხუთმეტე საუკუნეში ოსმალებმა ბიზანტიის იმპერია დაიპყრეს. ჯვარედინი გზა გადაიჩეხა და საქართველო კულტუროსან კაცობრიობას მოსწყდა. ერთი ბილიკი-ღა დაგვრჩა, კავკასიის მთაგრეხილისაკენ მიმავალი. და საქართველო დიდი ყოყმანის შემდეგ იძულებული გახდა ამ გზისთვის მიემართა, მაგრამ ამ გზით სიარულმა ყველაფერი მოგვიტანა გარდა ბედნიერებისა და კულტურული აყვავებისა.”
.
პატარა სამშობლო
.
“მართალია, პატარა სამშობლოს ბევრი რამ აკლია დღევანდელ პირობებში: ქონებრივი მორჭმულობა, მრავალრიცხოვანი სპა, მჭრელი მახვილი თავის დასაცავად, მაგრამ სამაგიეროდ მას ზოგიერთი მაღალხარისხოვანი ზნეობრივი თვისებები აქვს.
პატრიოტული გრძნობა ჩვეულებრივ, პატარა ხალხში უფრო ცხოველია, ვიდრე დიდში. ეს, ალბათ, იმით აიხსნება, რომ სიყვარულის საგანი ყოველთვის ახლობელი და ხელშესახები უნდა იყოს, დიდი სახელმწიფოები კი ხშირად უსაზღვრო და თვალუწვდენელი ტერიტორიის სახეს ღებულობენ. ასეთ ტერიტორიაზე პატრიოტიზმის ადგილს იმპერიალიზმი იჭერს, სამოქალაქო შეგნების ადგილს ქვეშევრდომის შეგნება. თითოეული მოქალაქის ჭირი და ლხინი ნაკლებად არის დაკავშირებული საერთო ლხინთან და ჭირთან და დიდი სახელმწიფო სხეულის ერთი ასო ხშირად წყლულდება და ნადგურდება ისე, რომ მეორე ასო ვერც კი გრძნობს საფრთხის მოახლოებას. ზოგიერთი დიდი იმპერია უფრო ხელოვნურად შეკოწიწებულ მანქანას წააგავს, ვიდრე ორგანულ არსებას და ხშირად ერთი პატარა მავთულის გაწყვეტაა საკმარისი, რომ მთელი უზარმაზარი მექანიზმი დაიშალოს.”

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა