გურიის მოამბე

ობიექტური განაჩენი მარტო მზიას არ სჭირდება – მთელ საზოგადოებას სჭირდება – ადვოკატი

მზია ამაღლობელის ადვოკატი, კახა წერეთელი აცხადებს, რომ ობიექტური განაჩენი არა მხოლოდ ბრალდებულს, არამედ მთელ საზოგადოებას სჭირდება. მათ შორის, დაზარალებულად ცნობილ პოლიციელს, ირაკლი დგებუაძეს. ამის შესახებ მან ამაღლობელის საქმის დასკვნით სხდომაზე ისაუბრა.

“ჩემი თხოვნაა თქვენ მიმართ [მიმართავს მოსამართლეს], ჩემი მოწოდებაა, რომ ნუ გახდებით იმ პოლიციელის [ირაკლი დგებუაძის] მიერ გაცემული პირობის ნაწილი, რომელმაც თქვა, რომ სისხლით დავიჭერო და დღემდე პირობას ასრულებს.

იქნებ თქვენ ამ მანკიერ სისტემის ჯაჭვი შეაჩეროთ და გაწყვიტოთ […] ობიექტური განაჩენი მზიას სჭირდება, პირველ რიგში. მაგრამ, მარტო მზიას არ სჭირდება – მთელ საზოგადოებას სჭირდება. დამერწმუნეთ, პოლიციას სჭირდება მსგავს საქმეებზე ობიექტური განაჩენი. სჭირდება როგორც შემაკავებელი ფაქტორი და არა ის სასამართლო, რომელიც ეხმარება იმ პირობის შესრულებაში, რომ “სისხლით დაგიჭერ”. არამედ სასამართლო, რომელიც მას დაიცავს საკუთარი, მოჭარბებული და არასწორად გაგებული ძალაუფლებისგან და მოვალეობისგან”,

ეს არის რისი თქმაც მინდოდა. საბოლოოდ, ალბათ საზოგადოებს სათქმელი – აქ მყოფი ზოგადოების, გარეთ მყოფის, ჩვენი ახლობლების და ძალიან ბევრი ადამიანის სათთქმელი შეგვიძლია ასე შევაფასოთ ორ სიტყვით – თავისუფება მზიას!”, – ასე დაასრულა წერეთელმა საკუთარი დასკვნითი სიტყვა.

წაიკითხეთ ფრაგმენტი მზია ამაღლობელის კიდევ ერთი ადვოკატის, მაია მწარიაშვილის დასკვნითი სიტყვიდან:

ამ წუთებში, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმის დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს. სავარაუდოა, რომ მოსამართლე ნინო სახელაშვილი დღესვე გამაცხადებს განაჩენს.

რა ხდება?

მზია ამაღლობელი თითქმის 7 თვე უკანონო პატიმრობაშია – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.

მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.

მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights