ე.წ. “კანონიერმა ქურდმა” ტაძარი ააშენა, შემოქმედელმა მიტროპოლიტმა გახსნა და “ქართულმა ოცნებამ” ქება დიდება უძღვნა
„მეტად საშური და დიდებული ამბავია… ულამაზესი ტაძარი აღიმართა სოფლის ცენტრში. მადლობა იმ ორ ადამიანს (შოთა ხოფერია, იური ნაკაიძე), ვინც საძირკველი ჩაუყარა მშენებლობას… მადლობა ყველა იმ პიროვნებას, ვინც თუნდაც ერთი აგური დადო ტაძრის მშენებლობისას… ფიზიკურად ვინც თავი არ დაზოგა და განსაკუთრებით მადლობა იმ ადამიანს, ვინც ფინანსურად უზრუნველყო ასეთი დიდებული ტაძრის აშენება. ბავშვმაც კი იცის ჯურუყვეთში, რომ ტაძარი ბატონმა თენგო ხოფერიამ ააშენა. ჰოდა, მე, როგორც ერთი უბრალო მოკვდავი და ცოდვილი, ამ საშვილიშვილო საქმისათვის მადლობას ვუხდი ყველას, ერსაც და ბერსაც _ ფიზიკურად თუ ფინანსურად თავშეწუხებულ ადამიანს, ვინც გვაჩუქა ეს დიდებული ტაძარი“ _ ადგილობრივი მედიის, “გურია თუდეის” ინფორმაციით, წერს თემის მაჟორიტარი, ელისო ჭიჭინაძე – ლანჩხუთის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატი, “ქართული ოცნებიდან”
ცნობისთვის: სოფელ ეწერში, (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) წმინდა ქრისტეფორე გურულის სახელობის ეკლესია, მიმდინარე თვის დასაწყისში გაიხსნა.
ტაძარი შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა აკურთხა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, განსაკუთრებით დალოცა ყველა, ვინც თუნდაც მცირე წვლილი შეიტანა მის მშენებლობაში.
ეკლესიის მშენებლობა , ამავე სოფლის მკვიდრის, თენგიზ ხოფერიას სახელს უკავშირდება.
ხოფერია ე.წ. „კანონიერი ქურდია“ და საქართველოში არ ცხოვრობს, მას ქართველი სამართალდამცველები ე.წ. „ქურდულ გარჩევების“ ორგანიზებას ედავებიან.
რაზედაც მიმინარეობს სისხლის სამართლის საქმეები და წინასწარ პატიმრობაშია ლანჩხუთის 12 მკვიდრი.