„ემიგრანტების დიდმა ნაწილმა ჩავთვალეთ, რომ „მოძრაობა – მზია“ არის ჩვენი დღის წესრიგი. ის არ უპირისპირდება და არანაირად ხელს არ უშლის ამ რეჟიმთან ბრძოლის არცერთ არსებულ გეგმას, პირიქით, აძლიერებს მას და გვინდა, რომ ნებისმიერ ჯგუფთან აქტიურად ვიმუშაოთ,“ – ამბობს ემიგრაციაში მცხოვრები კოკი იონათამიშვილი.
კოკი იონათამიშვილი 13 წელია ლატვიაში ცხოვრობს. იგი საზოგადოებრივი მოძრაობა „პლატფორმა 2025“-ის თანადამფუძნებელია და თანამოაზრეებთან ერთად ახალი მოძრაობის შექმნას შეუწყო ხელი – „მოძრაობა – მზია“.
ემიგრანტები მიიჩნევენ, რომ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც „ოცნების“ რეჟიმმა ციხეში გამოკეტა, სიმბოლოა დღევანდელი წინააღმდეგობის. ემიგრანტებს სჯერათ, რომ თუ წინააღმდეგობას თავისი დღის წესრიგი ექნება, როგორიცაა „მოძრაობა მზია“ და ერთმანეთს მალე დავინახავთ, გამარჯვებაც მალე მოვა.
ემიგრანტები აპირებენ შეადგინონ „მზიას სია“. ვინ მოხვდება ამ სიაში? – „ბათუმელები“ კოკი იონათამიშვილს ესაუბრა:
- ბატონო კოკი, მოგვიყევით „მოძრაობა მზიას“ შესახებ, რა ფორმით აპირებთ რეჟიმის ტყვეების მხარდაჭერას?
„მოძრაობა – მზია“ სიმბოლურად დაიწყო იმ ვიდეოკოლაჟის ჩვენებით, სადაც ემიგრანტები აჟღერებენ სათქმელს და ეს გამოცემა „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა. ეს მხოლოდ ამ მოძრაობის სიმბოლური დასაწყისია. თავად მზია ამაღლობელის თავგანწირვამ და შეუპოვრობამ დაიწყო ეს ბრძოლა.
„პლატფორმა 2025“ ერთ-ერთია იმ რამდენიმე ათეულ ორგანიზაციას შორის, რომელიც, ასე ვთქვათ, „მოძრაობა მზიას“ ფორმალურ დასაწყისს ჩაუყარა საფუძველი. ეს არა თუ აპარტიულია, არამედ არცერთ ორგანიზაციასაც არ ეკუთვნის, არც იდეა, არც ინიციატივა და ჩვენ ფორმაზე, ჩარჩოზე და ყველაფერზე ეს ორგანიზაციები, ასე ვთქვათ, კოორდინირებულად და კოალიციურ რეჟიმში შევთანხმდით, რა როგორ ყოფილიყო.
ჩვენ უნდა ვცადოთ გავზარდოთ კოორდინაცია, როგორც ემიგრანტულ ჯგუფებში, ასევე, საქართველოში არსებულ ჯგუფებს შორის, მედიაორგანიზაციებთან, სამოქალაქო აქტივისტებთან, რომლებიც ებრძვიან ამ რეპრესიულ და ანტიჰუმანურ რეჟიმს.
როცა ვახსენებთ მზიას, ჩვენ ვგულისხმობთ რეჟიმის ყველა ტყვეს. ჩვენს ვიდეოკოლაჟშიც არიან სტუდენტს ზვიად ცეცხლაძის მშობლები, ასევე ანდრო კვარაცხელიას დედა. მადლობა მათ ამისთვის. ჩვენ ვიბრძვით თითოეული ტყვეს გასათავისუფლებლად. მზიას სახელი არის ჩვენი წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი სახელი, ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის.
ამ ხალხს – ვინც ვიდეოში ნახეთ – მე თვითონ ძალიან აღელვებული ვუყურებ ხოლმე, როცა ხალხი ასე საუბრობს თავიანთ პირად განწყობაზე, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ემოცია, ეს არის ჩვენს მიერ შემუშავებული გეგმა, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ: დარწმუნებული ვარ, რეჟიმის ტყვეებიც გათავისუფლდებიან და ჩვენი ქვეყანაც გაიმარჯვებს.
გვინდა, რომ ამ მოძრაობის ფარგლებში გავააქტიუროთ მხარდამჭერების მობილიზება, მაგალითად, ცალკე მიმართულება შეიძლება გამოვყოთ სასანქციო პოლიტიკის გაძლიერება. ვეცდებით, დავამკვიდროთ ტერმინი „მზიას სია“, სადაც შევიყვანთ ყველა იმ არამზადას, რომელიც კერავს ამ საქმეებს, რომლებიც ძალადობენ, ცრუმოწმეობენ, თეთრზე შავს იძახიან, მათი დიდი ნაწილი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელია. ყველა ამ ადამიანის სახელი და გვარი უნდა იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ.
ეხლა არ იმჩნევენ შეიძლება, თორემ ნებისმიერი სანქცია არის ეფექტური. ნახავენ კიდევ რამხელა ზიანს მიიღებენ ამ სისაძაგლესა და სისასტიკეში მონაწილეობით. ვინც ფიგურირებს თუნდაც მზიას საქმეში, ან სხვა რეჟიმის ტყვეების საქმეში, მათ შესახებ ცალ-ცალკე მზადდება საქმეები.
- ვინ მოხვდა უკვე „მზიას სიაში“?
ახლა ვიწყებთ მოქმედებას კოორდინირებულად, ჯერ არავინ გვყავს შეყვანილი. ვიღებთ ინფორმაციას ამ ეტაპზე ცალკეული ადვოკატებისა და სამოქალაქო ორგანიზაციებისგან.
ემიგრანტულ ჯგუფებს გვაქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება ამ კუთხით მუშაობს, მაგალითად, ბალტიის ქვეყნებში, ლატვიაში, სადაც მე ვცხოვრობ.
მზია ამაღლობელმა თავისი პოზიციონირებით გვაჩვენა ყველას, რა უნდა იყოს პრინციპულობა. მზია ამაღლობელმა აჩვენა ყველას, რომ ქართველი ქალის გამორჩეულობა, მითი კი არა, სინამდვილეა. ემიგრანტული ჯგუფები გარკვეულ ფიცს ვდებთ მზიას წინაშე, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია.
ჩვენი სურვილია „მოძრაობა მზია“ იყოს აბსოლუტურად ყველასი, ვინც ზრუნავს საქართველოზე. ნებისმიერს შეუძლია ჩაწეროს და გაავრცელოს მისთვის სასურველი ვიდეო, მიუთითოს ჰეშთეგი „მოძრაობა – მზია“. ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული მისამართი სოციალურ ქსელში – გვინდა ერთმანეთი ვიპოვოთ და დავინახოთ.
გვექნება აქტივობები, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში, მაგალითად, დასავლურ მედიაში აქტივობა, ასევე პოლიტიკოსებთან აქტიური მუშაობა. ძალიან ბევრ ემიგრანტულ ჯგუფს აქვს საკმაოდ კარგი კავშირები და გამოცდილება.
ჩვენ მყისიერად ვთარგმნით რამდენიმე ენაზე ნებისმიერ საჭირო დოკუმენტს. ამას ემიგრანტები ვაკეთებთ თვითონ, ვთქვათ, იტალიაში იტალიურად, საფრანგეთში – ფრანგულად, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ცნობილი იმ ყველაფრის შესახებ, რაც ახლა საქართველოში ხდება. ამ გზით უნდა გაიზარდოს ჩვენი მხარდაჭერა, უნდა გაძლიერდეს სასანქციო პოლიტიკა „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ.
- ემიგრანტები, რომლებიც მუშაობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, რა ფორმით შეიძლება ჩაერთონ ამ მოძრაობაში?
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰეშთეგი „მოძრაობა – მზია“ იყოს აქტიურად გამოყენებული. როცა ვაზიარებთ რამე ინფორმაციას რეჟიმის ტყვეების შესახებ, უნდა დავამკვიდროთ ეს ჰეშთეგი. ჩვენი მიზანია ამ და სხვა საშუალებებით გაიზარდოს კოორდინაცია.
ჩვენი მიზანია, რომ ადამიანები, რომლებიც მოხვდებიან „მზიას სიაში“ იგრძნონ სუსხი – მათი ფოტოებიც გავრცელდება სოციალურ მედიაში. რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა იცოდეს, ვინ არის „მზიას სიაში“.
ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ ადამიანების დასანქცირებაზე. პოლიტიკოსებთან და აქტიურ ჯგუფებთან გვექნება შეხვედრები, რომ სასანქციო პოლიტიკა და მხარდაჭერა გაიზარდოს. ჩვენთვის მეტ-ნაკლებად ეს ჩარჩო გასაგებია, არ არის აბსტრაქტული და ამ მიმართულებით ვიმუშავებთ.
- თქვენი აზრით, რა სჭირდება ამ ეტაპზე ყველაზე მეტად წინააღმდეგობას გასაძლიერებლად? რაზეა დამოკიდებულია დემოკრატიის გადარჩენა საქართველოში?
წინააღმდეგობის მოძრაობა, უდიდესი გამოწვევების, ხელოვნური და თავსმოხვეული დღის წესრიგების მიუხედავად, მაინც დგას ფეხზე და ვიცი, რომ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს გამარჯვებისკენ.
მნიშვნელოვანია, რომ დღის წესრიგი ჩვენ თვითონ შევქმნათ. მხოლოდ „ოცნების“ გადაწყვეტილებებზე რეაგირებით არ უნდა იყოს დაკავებული მთელი წინააღმდეგობის მოძრაობა.
ემიგრანტების დიდმა ნაწილმა ჩავთვალეთ, რომ „მოძრაობა – მზია“ არის ასეთი დღის წესრიგი. ის არ უპირისპირდება და არანაირად ხელს არ უშლის ამ რეჟიმთან ბრძოლის არცერთ არსებულ გეგმას, პირიქით, აძლიერებს მას და გვინდა, რომ ნებისმიერ ჯგუფთან აქტიურად ვიმუშაოთ.
ბრძოლა რთულია, მაგრამ გავიმარჯვებთ. კოორდინაციის ხარისხის გაზრდით კი, ეს გამარჯვება ცოტა უფრო მალე მოვა.
ჩვენ უნდა მოვახერხოთ იმ ადამიანების ჩართვა ამ პროცესში, რომლებიც „ოცნების“ მხარდამჭერები არიან, ან არ არიან, მაგრამ პრაქტიკულად არაფერს აკეთებენ, არც სოციალურ ქსელში აქტიურობენ, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა გავაძლიეროთ. ეს ადამიანები ჩვენი დები და ძმები არიან, მათ როგორმე უნდა ვაჩვენოთ, რომ მნიშვნელოვანია მათი ხმა. რეჟიმს საბოლოოდ სწორედ აქტიური ხალხის სიმრავლე ჩამოშლის.
ის ადამიანები, ვინც „ოცნებას“ წარმოადგენენ, ადამიანები არიან და მათ უნდა შეუნარჩუნდეთ სასტიკი გარემო გარშემო მყოფებში – ისინი უნდა გადმოვიდნენ საქართველოს მხარეს. მათი დიდი ნაწილი უამრავ დანაშაულშია ჩართული, მაგრამ მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ – საქართველოს მხარეს უნდა დადგნენ!