„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მელიქიშვილის გამზირზე მობილიზებულ პოლიციელებში ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსის მოადგილე, ლაშა სალუქვაძე დაინახა და გადაწყვიტა მისთვის კითხვები დაესვა, თუმცა, როგორც ის ამბობს, სალუქვაძე პოლიციელებში გაერია და მის კითხვებს არ უპასუხა.
შემდეგ მან იგივე კითხვის დასხმა სხვა პოლიცილებისთვისაც სცადა. ბოკუჩავას აინტერესებდა, მას რომ რომელიმე სამართლდამცველისთვის ბოთლი ესროლა, დააკავებდნენ თუ არა, თუმცა, პასუხი ვერავისგან მიიღო.
”ვიყავი მელიქიშვილზე, სამარცხვინო კალაძის შტაბთან და მივდიოდი მოქალაქეებთან ერთად რუსთაველის გამზირზე, როდესაც ჩიხში დავინახე ერთ დროს ჩვენთვის საამაყო ქართული პოლიცია. მათ მეთაურად მოგვევლინა, ახლა უკვე ხალხისგან, მედიისგან, დღის სინათლისგან სიმართლის შიშით გადამალული ლაშა სალუქვაძე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსის მოადგილე… ბატონო ლაშა, რატომ ემალებით მოქალაქეებს, ისინი გიხდიან ხელფასს და პრემიას.
მე არ მაქვს გაყინული ბოთლი, მაგრამ მაქვს სადეზინფექციო ხსნარის ბოთლი ჩანთაში და მე ლაშა სალუქვაძეს დავუსვი კითხვა, ღმერთმა დამიფაროს, რომ კალაძის სამარცხვინო ტიტუშკებს რამით დავემსგავსო, მაგრამ ახლა რომ ავიღო ბოთლი და თავში ვესროლო ლაშა სალუქვაძეს, ან რომელიმე პოლიციელს, დამაკავებენ? რა თქმა უნდა, დამაკავებენ. გუშინ კალაძის ტიტუშკები გაყინულ ბოთლებს უშენდნენ პოლიციელებს და ეს პოლიციელები, არათუ საქართველოს მოქალაქეებს, საკუთარ თავს, ღირსებას და მუნდირს ვერ იცავდნენ. აღარც პოლიცია გვაქვს და აღარც სახელმწიფო. ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ სახელმწიფოც უნდა დავიბრუნოთ და პოლიციასაც დავუბრუნოთ ღირსება”,- აცხადებს ბოკუჩავა.