“ბათუმში, 2019 წელს დასასრულებელი სპორტკომპლექსის მშენებლობა მე-5 წელია მიმდინარეობს. მშენებლობაში 20 მილიონი აშშ დოლარის დახარჯვის შემდეგ, პროექტის საბოლოო ფასი ჯერ ისევ დაუდგენელია”, – ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.
ორგანიზაცია წერს, რომ თავდაპირველად, აჭარის მთავრობამ გადაწყვიტა, ჭადრაკის ოლიმპიადასთან დაკავშირებით ბათუმის სპორტის სასახლე აეშენებინა, თუმცა მშენებლობის დასრულებისას აღმოჩნდა, რომ ფართი ოლიმპიადის ყველა მონაწილეს ვერ დაიტევდა და მთავრობამ, ტენდერის გამოუცხადებლად ახალი სპორტკომპლექსის მშენებლობა დაიწყო. ამისთვის კი, ბიუჯეტიდან 20 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.
2017 წელს აჭარის მთავრობამ გადაწყვიტა, ჭადრაკის ოლიმპიადასთან დაკავშირებით ბათუმის სპორტის სასახლე აეშენებინა და 62 მილიონი ლარის ტენდერი ჩატარდა. მშენებლობის დასრულებისას აღმოჩნდა, რომ ოლიმპიადაში თავდაპირველად პროგნოზირებულზე მეტი ადამიანი იღებდა მონაწილეობას და ფართი მათ ვერ დაიტევდა.
უხერხულობის ასაცილებლად, აჭარის მთავრობამ გადაწყვიტა მახლობლად, ტენდერის გამოუცხადებლად აეშენებინა ახალი სპორტკომპლექსი და ამისთვის 20 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. 2018 წელს დაწყებული ეს მშენებლობა ჭადრაკის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, 2019 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ჯერაც დაუსრულებელია.
ხელშეკრულების დარღვევის გამო აჭარამ კონტრაქტორ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა და ახალი შესყიდვა მხოლოდ 22 თვის შემდეგ გამოცხადდა. ახალი შესყიდვის ღირებულება 630,000 ლარია და ყინულის არენის მშენებლობის დასრულებას და საცურაო აუზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას ითვალისწინებს, – წერს ორგანიზაცია.