“გონზე მოდით და შვილებთან ერთად, საკუთარ სულსაც ნუ წარიწყმედთ” – ამის შესახებ ნიკო კვარაცხელიას დედა გავრცელებულ მიმართვაში წერს. იზა ომაძის წერილი პლატფორმა feedc-მა გაავრცელა:
„სამუდამოდ, დიახ ბატონებო, სამუდამოდ…
18 თებერვალს სასამართლო პროცესია, მინდა დავარღვიო დუმილი და მოგაწოდოთ უტყუარი ინფორმაცია, რომელიც არა მარტო ჩვენმა ოჯახმა არამედ ბევრმა ადამიანმა იცის რომ გიორგი კაველაძეს აქვს აღიარებული დანაშაული, მას დეტალურად აქვს აღწერილი დანაშაულის მომზადების ყველა დეტალი და დასახელებული ჰყავს დამკვეთიც, დამხმარეც და საკუთარ როლზეც ბევრი აქვს ნათქვამი. ეს იყო ძალიან დიდი ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული, როგორც მისი აღიარებითი ჩვენებიდან ვიცით.
ჩვენი ოჯახი 15 სექტემბრის რეჟიმში ვცხოვრობთ უკვე ხუთი თვეა, ჩვენი ემოციებით და მდგომარეობით თავს არ შეგაწყენთ, ძალიან დიდი უსინდისობაა იმის თქმა, რომ დრო მკურნალია, რითიც სარგებლობენ მკვლელების ოჯახები, და ის ადამიანები ვინც ეს დიდი ბოროტება დაგეგმა, არა ბატონებო თქვენ ძალიან ცდებით, დრო მკურნალი არ არის ისე როგორც ნიკოს გარდაცვალება არ არის მისი დამარცხება !
”მე ხომ მომკლეს.” დიდი ამბავი! აი, მეც დამხვრიტეს, მაგრამ მაინც ცოცხალი ვარ, ვარ თუ არა ცოცხალი? როგორ გგონია. დამმარხეს და მაინც მიწაზე დავდივარ. იცი რატომ? იმიტომ რომ ვერ დამაჯერეს ჩემი მოკვლის უფლება რომ ჰქონდათ. მთავარი კი ესაა.”(ოთარ ჭილაძე)
სამი უღირსი ადვოკატი და ოჯახები ჯგუფური დანაშაულიდან თავის დაღწევის მიზნით არ აძლევენ საშუალებას, რომ მკვლელებმა საზოგადოების წინაშე აღიარონ ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული. კაველაძეებმა ერთხელ უკვე მსგავსი მეთოდით დაიხსნეს შვილი დანაშაულიდან.
ღმერთმა არ ქნას რომ ამ რამდენიმე ადამიანს გადაჰყვეს ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულება.
საბრალოებო, ჩვენი რწმენა და მიმტევებლობა, ძალიან ცუდად გამოიყენეთ, და ვერ გათვალეთ, რომ ამ ქვეყანაში არის კანონი, რომლის წინაშეც, მორწმუნეც და ურწმუნოც თანასწორია. ჯგუფურს მარტო კაველაძე და ჭელიძე კი არა სხვა ახალგაზრდებიც ვერ დააღწევენ თავს.
ნათია ჯაფარაშვილს და თეკლე გავაშელიშვილს პირადად მოგმართავთ, ჩვენ დიდხანს ველოდით თქვენგან და ეჭვადაც არ გვქონდა, რომ თქვენ პირიქით ადამიანურ სახეს შეინარჩუნებდით და იმ შემზარავი კადრების, ტერორისტული აქტის, ხილვის მერე რომელიც თქვენმა შვილებმა განახორციელეს და რომელიც მთელმა ქვეყანამ იხილა, თავად მოითხოვდით შვილების დასჯას, თქვენ კი ძვირადღირებული ადვოკატები აუყვანეთ და მათთან ერთად ფულზე ჰყიდით სინდისს.
გონზე მოდით ახლა მაინც და შვილებთან ერთად საკუთარ სულსაც ნუ წარიწყმენდთ.
მე კარგად მესმი თქვენი ჟურნალისტების რომლებიც ინტერესდებით და ლამის ყოველდღიურ რეჟიმში მიწევს უარის თქმა განცხადებაზე ან ინტერვიუზე, მადლიერების მეტი რა მეთქმის, მაგრამ მინდა გირჩიოთ იქნებ გაიგოთ მკვლელების ოჯახები, მათი დამხმარეები, მკვლელების მასპინძელი ოჯახები როგორ აგრძელებენ ცხოვრებას, იქნებ ახალი მსხვერპლს ეძებენ???
რისი ან ვისი იმედად ჩქარობენ რომ ასე სწრაფად დაყენონ განაჩენი???“ – წერს იზა ომაძე.
ცნობისთვის, 22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, გასული წლის 15 სექტემბერს მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი შსს-მ 7 ოქტომბერს დააკავა.