გურიის მოამბე

საქართველოში 6 თვეში პატიმრების რაოდენობა 1000-ზე მეტით გაიზარდა

ბოლო 6 თვეში, საქართველოს ციხეებში პატიმრების ოდენობა მინიმუმ 1 142 პატიმრით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს ციხეებში 9 845 პირი იყო მოთავსებული. აქედან – 9 393 კაცი და 452 ქალი, მაშინ როცა, მიმდინარე წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, პენიტენციური დეპარტამენტის დაწესებულებებში განთავსებული იყო სულ 8 703 პირი, მათ შორის 8 313 კაცი და 390 ქალი.

სახალხო დამცველის აპარატის ყოფილი თანამშრომელი, ამჟამად სამოქალაქო საზოგადოების ფონდის იურიდიული მრჩეველი გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ ციხეებში პატიმრების გაზრდილი ოდენობა არის მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის ნიშანი.

„ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 1 142-ით მეტი პირი გახდა პატიმარი მარტო ბოლო 6 თვეში, რაც მიანიშნებს მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე. ამასთან, მატება გვაქვს ყველა ასაკობრივ კატეგორიაში – 14-15 წლის ასაკის ბავშვებიდან დაწყებული 70 წელს გადაცილებული პირების ჩათვლით,“ – ამბობს გიორგი ბურჯანაძე.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემები, ივლისი, 2025 წელი

რა მოხდა ბოლო 6 თვეში ისეთი, რომ ასე მკვეთრად გაიზარდა პატიმრების რაოდენობა? – გიორგი ბურჯანაძე ამ თემაზე საუბრისას რამდენიმე ფაქტორს უსვამს ხაზს, მათგან ერთ-ერთია პოლიტპატიმრები – დაუსაბუთებელი ბრალდებით საქართველოს 70-მდე მოქალაქე დაპატიმრებულია სისხლის სამართლის წესით.

მეორე საკითხია, ზოგადი კრიმინოგენური ფონი.

„ჩნდება კითხვა – აქამდე ვერ მუშაობდა პოლიცია და ახლა მუშაობს? ან შეიძლება აქამდე არსებულმა მიდგომამ, რაღაც მეთოდმა ვერ გაამართლა და ახლა ნულოვანი ტოლერანტობა გამოცხადდა კონკრეტული დანაშაულების მიმართ?“ – სვამს კითხვებს გიორგი ბურჯანაძე.

საქსტატის მონაცემებით, საერთო შეფარდებით, დაწესებულებებში განთავსებულ პირთა 21.4%-ს ბრალდებულები შეადგენდნენ.

საქართველოს 9 პენიტენციურ დაწესებულებაში სულ 2 103 ბრალდებული ირიცხებოდა, ანუ ის პირები, ვის მიმართაც წინასწარი პატიმრობის ფორმა იყო გამოყენებული და ისინი სასამართლოს განაჩენს ციხეში ელოდებოდნენ.

მოქმედი კანონმდებლობით, დადგენილია ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების რაოდენობრივი ლიმიტი, თითოეული დაწესებულებისთვის.

პენიტენციურ სისტემას დაქვემდებარებულ 14 დაწესებულებაში არსებული საპატიმრო ადგილების საერთო ლიმიტირებული რაოდენობა ჯამში 12 332-ს შეადგენს. 31 ივლისის მდგომარეობით, ციხეებში განთავსებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა (9 845) დადგენილ ლიმიტზე 2 487 ერთეულით (20.2%) ნაკლები იყო. მაგრამ სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში განსხვავებული მდგომარეობაა.

იგივე საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ივლისის მდგომარეობით, დადგენილ ლიმიტთან შედარებით, მეტობის მაჩვენებელი №2, №8 და №15 დაწესებულებებში დაფიქსირდა.

„ზოგადად ქართულ ციხეებს აქვს გადატვირთულობის პრობლემა. მართალია ყველა ციხე ლიმიტს არ სცდება, მარტო სამ ციხეს უდგას გადატვირთულობის პრობლემა, მაგრამ ზოგადად ქართულ ციხეებში ეს პრობლემა არახალია.

მე როცა სახალხო დამცველის მოადგილე ვიყავი, ყველა ციხეში დავდიოდი და  ვნახულობდი, რომ იმაზე ცოტა თანამშრომელი ჰყავდათ ამ ციხეებს, ვიდრე  საჭირო იყო  კონკრეტული ციხის სამართავად.

შესაბამისად, როდესაც ბევრი პატიმარი გყავს და საკმარისი რაოდენობის თანამშრომლები არ არიან, ამან შეიძლება მმართველობის კრიზისიც გამოიწვიოს. ეს არის ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც ზოგადად უდგას ქართულ ციხეს. გამომდინარე პატიმრების რაოდენობის ზრდაც მეტ რესურსს მოითხოვს.

ციხეებში სისტემური წამება აღარ არის, რაც იყო მათ მოსვლამდე, მაგრამ ციხეებს დღეს მართავენ მაყურებლები, ბევრ ზონას მართავს მაყურებელი, სადაც არაერთი პატიმრის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების პრობლემას იწვევს ეს ყველაფერი. ამიტომ ეს საფრთხე პატიმრებს კვლავ უდგათ და ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ დღეს ქართული ციხეები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ბრწყინავენ,“ – ამბობს გიორგი ბურჯანაძე.

ფოტო: რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულება. ფოტო: „ნეტგაზეთი“

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights