გურიის მოამბე

როგორ ვებრძოლოთ რეჟიმს?

ხშირად, როცა რეჟიმი ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯებს დგამს, ეს აქტიური მოქალაქეებისთვის შოკის მომგვრელია, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს თავს არაფერი ხდება ისეთი, რაც უკვე არ მომხდარა სხვაგან ან სხვა დროს.  შესაბამისად, მის წინააღმდეგ ბრძოლის აპრობირებული მეთოდებიც უკვე არსებობს. ავტორიტარული რეჟიმის დაფუძნების პროცესი, ერთი მხრივ, საკმაოდ საშიში, თუმცა, მეორე მხრივ, ბანალური პროცესია.

ზემოთ ნახსენები ეფექტური მეთოდების ერთობლიობას სამოქალაქო წინააღმდეგობა (ან არაძალადობრივი წინააღმდეგობა) ჰქვია, რომელმაც სხვადასხვა დროს შედეგი მოიტანა იუგოსლავიაში (2000), საქართველოში (2003), უკრაინაში (2005) და კიდევ უამრავ შემთხვევაში.

ეს ტექსტი კი არაძალადობრივი წინააღმდეგობის შესახებ ლიტერატურის ძირითადი მიგნებების ზოგად კომპილაციას წარმოადგენს, მათთვის, ვისაც სურს გაერკვიოს ამგვარი პროტესტის საფუძვლებში, მიიღოს გარკვეული პრაქტიკული რჩევები და იპოვოს შესავალი საკმაოდ ფართო ლიტერატურაში.


მითი: არაძალადობრივი წინააღმდეგობა მხოლოდ პაციფისტური მორალური პოზიციაა.

სინამდვილეში: არაძალადობრივი წინააღმდეგობა მორალურთან ერთად ძალიან პრაგმატულ ბრძოლის მეთოდებს აერთიანებს და აუცილებლად დასაცავი არაძალადობრივი დისციპლინა მხოლოდ ერთი კომპონენტია. მეორეა ფართოდ გაშლილი და ტაქტიკურად მრავალფეროვანი პროტესტის ფორმები, რომელიც მიზნად ისახავს შეაღწიოს საზოგადოებრივი ქსოვილის ყველა შრეში.


არაძალადობრივი წინააღმდეგობა – ეს არის წინააღმდეგობა ოპონენტის ფიზიკური დაზიანების გარეშე, მრავალფეროვანი არაძალადობრივი ტაქტიკის გამოყენებით.  

აქედან გამომდინარე, გვაქვს 3 ძირითადი კომპონენტი, რომლებიც გადაითარგმნება მოძრაობის ამოცანებში:

  • არაძალადობრივი დისციპლინის ზედმიწევნით დაცვა;
  • პროტესტის გაფართოების შეუქცევადი პროცესი და საზოგადოების განსხვავებული ჯგუფების კონსოლიდაცია;
  • თანმიმდევრულობა, დაგეგმვის უნარები და ტაქტიკური მრავალფეროვნება.

თუმცა, მანამ, სანამ თითოეულს განვიხილავდეთ, ერთ მნიშვნელოვან კითხვას უნდა გავცეთ პასუხი:

ვინ ან რა არის ჩვენი მეტოქე?

ჯინ შარპის განმარტებით, ძალაუფლება არაფერია, თუ არა დაქვემდებარებულთა რწმენა, რომ ის არსებობს. თუ ამ რწმენას შევარყევთ და ადამიანები უბრალოდ უარს იტყვიან სისტემაში ჭანჭიკების როლზე, სისტემა გაჭედავს.

ავტორიტარულ რეჟიმებს აერთიანებთ ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი „დასაყრდენი ბურჯები“.

დასაყრდენი ბურჯები ეწოდება ინსტიტუტებისა და საზოგადოების ორგანიზებულ ჯგუფებს, რომელთა მხარდაჭერის გარეშეც რეჟიმი ვერ შენარჩუნებს და გააფართოებს ძალაუფლებას.

დასაყრდენი ბურჯები: 

 

მმართველებს არ შეუძლიათ გადასახადების აკრეფა, კანონების შედგენა და მიღება, მატარებლების განრიგის ზუსტად დაცვა, ბიუჯეტის მომზადება, ფულადი ტრანზაქციების განხორციელება, ან თუნდაც ზებრის მოვლა. ამ ყოველივეს ისევ ხალხი აკეთებს რეჟიმისთვის. თუ ხალხი უარს იტყვის მორჩილებაზე და უნარებს აღარ მოახმარს ავტორიტარის სურვილების ასრულებას, მართვა შეუძლებელი გახდება.

მიზანი: პროცესის დასაწყისში აღნიშნული ბურჯების უმრავლესობა რეჟიმს დაუჭერს მხარს, თუმცა ეტაპობრივად უნდა გამოვაცალოთ ბურჯები მმართველს, რათა ვეღარ შეძლოს ფუნქციონირება.

არაძალადობრივი დისციპლინის ზედმიწევნით დაცვა

არაძალადობრივი დისციპლინა არ არის მხოლოდ მორალური პოზიცია. ეს პრაგმატული ბრძოლის ფორმაა, რომელიც გაცილებით მეტადაა გამართლებული. ამას ორი მარტივი მიზეზი აქვს.

  1. არაძალადობრივი წინააღმდეგობით ცვლილების მიღწევის ალბათობა გაცილებით მეტია, ვიდრე ძალადობრივით.

არაძალადობრივი და ძალადობრივი კამპანიების წარმატების მაჩვენებლები დეკადების მიხედვით: 

წყარო: Erica ChenowethThe future of nonviolent resistance. Journal of Democracy

დიაგრამაზე შეამჩნევდით, რომ ბოლო წლებში პროტესტის წარმატების მაჩვენებლები რეგრესირებს როგორც ძალადობრივის, ისე არაძალადობრივის შემთხვევაში, თუმცა, ამის მიუხედავადაც, არაძალადობრივი წინააღმდეგობის წარმატების ალბათობა  დაახლოებით 4-ჯერ უფრო მეტია. უარყოფით ტენდენციას მარტივი მიზეზები აქვს: დიქტატორებმა დახვეწეს თავიანთი უნარები, როგორ ებრძოლონ წინააღმდეგობას. უფრო უკეთ ახერხებენ შიდა განხეთქილებების გაჩენას და, რაც მთავარია, პროტესტის წარმოჩენას როგორც ძალადობრივი, ან მართლა ძალადობრივად გარდაქმნას. ეს კი აჩერებს მასში მონაწილე ადამიანების რაოდენობის ზრდას.

  1. არაძალადობრივი წინააღმდეგობის შედეგად დამდგარი ცვლილება გაცილებით მეტჯერ კონვერტირდება დემოკრატიზაციაში, ვიდრე სხვა შემთხვევაში. ძალადობრივი გადატრიალებები ხშირად ისევ სრულდება არადემოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბებით. 

წყარო: Peter Ackerman, The Checklist to End Tyranny: How Dissidents will Win 21st Century Civil Resistance Campaigns

 

პროტესტის გაფართოების შეუქცევადი პროცესი და საზოგადოების განსხვავებული ჯგუფების კონსოლიდაცია

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ძალადობრივ მეთოდებს არ აქვს წარმატების ბევრი გზა, მაშინ როცა არაძალადობრივი წინააღმდეგობის დროს წარმატების უამრავი სხვადასხვა სცენარი არსებობს (წარმატება შეიძლება მოიტანოს ნებისმიერი საყრდენი ბურჯის ჩამოშლამ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად)

არაძალადობრივი წინააღმდეგობის ტაქტიკას  4 ძირითადი უპირატესობა/რესურსი აქვს: 

მონაწილეობის დაბალი ბარიერები – ამ ტიპის პროტესტში მონაწილეობა არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულ ფიზიკურ მონაცემებს ან რაიმე სტატუსს.

დაბალი ვალდებულებების ბარიერები – მონაწილე ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ, თავად გადაწყვიტონ, რა დოზით მიიღებენ მონაწილეობას და რა დროს, ენერგიას ან რესურსს დაუთმობენ აქტივიზმს. შესაბამისად, თავად აკონტროლებენ რისკებსაც და აკეთებენ პერსონალურ კალკულაციებს.

დაბალი მორალური ბარიერები – ამ ტიპის პროტესტს არ სჭირდება მორალური კომპრომისები, რაც აძლიერებს მისდამი ერთგულებას.

დაბალი ინფორმაციული ბარიერები – ძალადობრივისგან განსხვავებით, არაძალადობრივ წინააღმდეგობას შეუძლია იყოს საჯარო და მაქსიმალურად გამჭვირვალე. ღიად ისაუბროს მიზნებზე, მეთოდებსა და პრინციპებზე.

რაში უნდა გამოვიყენოთ აღნიშნული უპირატესობები: 

ამ უპირატესობებმა უნდა განაპირობოს ადამიანთა მასიური მობილიზაცია. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ გადავტეხავთ რეჟიმის დომინაციას საინფორმაციო სივრცეებში. თანამედროვე წინააღმდეგობის განუყოფელი ნაწილია საინფორმაციო ომი. თუ რეჟიმი აკონტროლებს საინფორმაციო ველს, ის განსაზღვრავს, რა არის ძალადობრივი და არა, რა არის სიკეთე – რა ბოროტება. ამიტომ აღნიშნული უპირატესობები უნდა გადაითარგმნოს იარაღებად ინფორმაციულ ველზე წარმატებაში.

ხშირად სწორედ ამ უპირატესობების საინფორმაციო არხებში გადათარგმნისას აგებს პროტესტი. თუ კარგად დააკვირდებით, რეჟიმი სწორედ ამ ბარიერების გამაგრებას და „ამაღლებას“ ცდილობს პროპაგანდით. მაგალითად, ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ აქციაზე დგომა გარკვეულ მორალურ კომპრომისებს უკავშირდება (ნაცებთან დგომა, LGBTQ საკითხები და ა.შ.), ან თითქოს აქცია ემსახურება რაიმე დაფარულ, საიდუმლო მიზანს, რასაც ხმამაღლა არავინ ამბობს რეჟიმის გარდა (მაიდანიზაცია, ომის სურვილი და ა.შ).

სწორედ ჩვენი ზრახვებისა და მიზნების საინფორმაციო ველზე კომუნიკაციის დროს უნდა ვიყოთ ფრთხილად. მაქსიმალურად დამაჯერებლად და ზედმიწევნით აღვწეროთ თითოეული ფაქტი. მაქსიმალურად გავურთულოთ რეჟიმს ნარატივების შეთხზვა. თითოეულმა უნდა ავითვისოთ ჟურნალისტის საბაზისო უნარები და ვამხილოთ რეჟიმი.

ხშირად რეჟიმს ჩვენი შეცდომებითაც ვეხმარებით:

ძირითადი შეცდომები:

არაძალადობრივი დისციპლინის ცალკეული დარღვევები – მოლოტოვის კოქტეილის გამოყენება ამორალურთან ერთად არაპრაგმატულიცაა. პოლიციელის წინააღმდეგ გასროლილი ერთი ბოთლი არის საკუთარ ფეხებში ნასროლი ჯაველინი საინფორმაციო ომის ველზე. ეს არის არგუმენტი რეჟიმის ხელში მერყევი კლიენტების დასარწმუნებლად. ასევე ეს უჭრის გზას ძალოვნებს, გადმოვიდნენ პროტესტის მხარეს და ამაღლებს მათ თვითრწმენას, რადგან ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგანან.

Fake News-ის გამოყენების ცალკეული მცდელობები – ეს ის მოედანია, სადაც ოპონენტი ყველაზე ძლიერია, ამიტომ მისივე წესებით თამაში დამღუპველია.

ვიწრო ცენტრალური სამიზნეები  – რეჟიმის საინფორმაციო ველი გასარღვევია, თუმცა წინააღმდეგობა ფოკუსირდა მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც, მისი რეიტინგიდან გამომდინარე, არასდროს ყოფილა პროპაგანდის მთავარი არხი. რეჟიმის მთავარი ფლაგმანი ტელეკომპანია „იმედი“ და სოციალური ქსელი Facebook არის.

ახალი, მაკონსოლიდირებელი საკითხებისა და მესიჯების ნაკლებობა – პროტესტის ძირითადი მესიჯები და მოთხოვნები შეიძლება იყოს მაკონსოლიდირებელი, თუმცა საჭიროა ამ საკითხთა გაფართოება. ადამიანებს აქვთ ყოველდღიური პრობლემები, საჭიროებები და ტკივილები, რომლებსაც უნდა პასუხობდეს მოძრაობაც. საჭიროა იმის ჩვენება, რომ პროტესტი სწორედ განსხვავებული სოციალური ჯგუფისთვის აქტუალური ინტერესის დაცვასაც ემსახურება, გარდა ჭეშმარიტი, თუმცა ზედმეტად ზოგადი მესიჯებისა.

ციფრული აქტივიზმის ილუზიები – უამრავი კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანები, როდესაც სოციალურ ქსელებში აზრს აფიქსირებენ, იწონებენ და ეხმაურებიან სხვების აზრს და აზიარებენ ინფორმაციას, ექმნებათ განცდა, რომ აქტიური მოქალაქის მოვალეობა მოიხადეს. აზრის გამოთქმა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არის საქმის მხოლოდ ერთი კომპონენტი და არა სრული წინააღმდეგობა.

და მთავარი: მწირი ტაქტიკური არსენალი – წინააღმდეგობა მთავარ იარაღად მასობრივ შეკრებებს და მარშებს ირჩევს, რასაც აქვს თავისი აშკარა დადებით თვისებები და შედეგებიც მოიტანა, თუმცა მის მიღმა ბრძოლის მეთოდების არსენალი საკმაოდ მწირია.  დღემდე აღწერილია წინააღმდეგობის ასობით მეთოდი, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ყოველდღიურ რეჟიმში, სხვადასხვა ჯგუფის ან ცალკეული აქტივისტის მიერ, ისე, რომ გაურთულოს რეჟიმს ოპერირება. ამ მეთოდებს შორის ზოგიერთი, რომლებზეც ვისაუბრებთ, მასობრივ შეკრებებზე უფრო ეფექტურადაც მიიჩნევა.

თანმიმდევრულობა, დაგეგმვის უნარები და ტაქტიკური მრავალფეროვნება

თითოეულმა აქტივისტმა უნდა გააცნობიეროს, რომ წარმატების შანსების გასაზრდელად საჭიროა ორგანიზების და მობილიზაციის უნარების განვითარება. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე მიკროპროექტმენეჯერის ფუნქციები  და არ დაელოდოს დავალებებს მხოლოდ ორგანიზატორებისგან ან სხვა აქტივისტებისგან. მთავარია, თითოეული აქტივობა შეესაბამებოდეს ზემოთ აღნიშნულ პრინციპებს და მოჰქონდეს მეტი სიკეთე, ვიდრე ზიანი ნებისმიერი საყრდენი ბურჯის ჩამოშლის პროცესში.

არაძალადობრივ, მასობრივ, მშვიდობიან შეკრებებს მნიშვნელოვანი თოვლის გუნდის ეფექტი აქვს ხოლმე. როცა ადამიანები ხედავენ, რომ მათი მეზობლები, მეგობრები და ნათესავები სისტემატიურად არიან პროცესში ჩაბმული და არ ეშინიათ რეჟიმის, ეს აგულიანებს მათაც. სწორედ ამიტომ სჭირდება რეჟიმს პერიოდული ძალადობის სერიები – რათა შექმნას განცდა, რომ პროტესტში მონაწილეობა სახიფათოა და ამ გზით შეანელოს ადამიანების რაოდენობის ზრდა.

როდესაც რეჟიმები ავტორიტარიზმის ინსტალაციას იწყებენ, ამ პროცესს წინ ახლავს „ინფრატრუქტურის“ შექმნის პროცესიც, ამიტომ ისინი მომზადებული არიან საპროტესტო ტალღის წინააღმდეგ. თავად ტალღა კი მოუმზადებელი და ემოციურია. თუმცა, თუ გზადაგზა განივითარა სჭირო უნარები და ძალიან გაამრავალფეროვნა პროტესტის ფორმები, ასევე, სწორად განსაზღვრა მათი თანმიმდევრობა, წარმატების შანსებიც იზრდება.

სხვადასხვა დროს აღწერილია რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლის ასობით არაძალადობრივი ეფექტური მეთოდი. აუცილებელია ბევრი მათგანის მოსინჯვა და ეფექტურობის დაკვირვება.

მაგალითად:

  • მომხმარებელთა სრული ბოიკოტი
  • გაფიცვა
  • სელექციური სოციალური ბოიკოტი
  • სოციალური და სპორტული ღონისძიებების შეჩერება
  • უარი გარკვეული პროდუქტების რეალიზაციაზე
  • უარი გადასახადების გადახდაზე
  • უარი სამთავრობო ღონისძიებების მასპინძლობაზე
  • საჯარო ინსტიტუციების უარყოფა

ეს მეთოდები უმცირესი ჩამონათვალია და კიდევ უამრავი ფორმის მოძიებაა შესაძლებელი. მთავარია მოიძიოთ საქართველოს მსგავსი შემთხვევები და ნახოთ მათი გამოცდილებები, რათა გაამრავლოთ პროტესტის არსენალი.

თუმცა ფორმის შერჩევამდე უნდა ვიცოდეთ, როგორ შევაფასოთ პროტესტის ეფექტურობა, განვსაზღვროთ, რა არის მისი სისუსტეები და მოვძებნოთ ჩვენი როლი ამ პროცესში

გთავაზობთ უმარტივეს სავარჯიშოს, რომელიც გამოიყენება პროტესტის უპირატესობების, სისუსტეების და საჭიროებების გამოკვეთისთვის, რომლებიც დაეხმარება პროტესტს სისუსტეების აღმოფხვრაში.

თქვენ წინაშეა კითხვარი, რომელიც ორ ნაწილადაა გაყოფილი. პირველი ნაწილის 4 კითხვა მიემართება პროტესტის რესურსების და შესაძლებლობების ზრდას. მომდევნო 4 მიემართება პროტესტის მართვის პროცესს.

პირველ რიგში უპასუხეთ პირველ ოთხ კითხვას 1-დან 10-მდე შკალის დახმარებით. შემდეგ, უშუალოდ ქართული კონტექსტიდან გამომდინარე, დაალაგეთ კითხვები მნიშვნელობის მიხედვით. რომელი საკითხი მიგაჩნიათ უფრო პრიორიტეტულად და რომელი ნაკლებად. ასე შეძლებთ გამოავლინოთ ამოცანები, რომლებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ნაკლები ყურადღება ეთმობა, ან პირიქით – საკითხები, რომლებიც ნაკლებად მნიშვნელოვანია და მეტადაა ყურადღების ცენტრში.

თუ ამ სავარჯიშოს ჯგუფურად, ფასილიტატორის დახმარებით, გააკეთებთ შეაჯამეთ შედეგები, განიხილეთ ერთმანეთში, თუ რატომ მიგაჩნიათ რომელიმე საკითხი მეორეზე უფრო მეტად ან ნაკლებად მნიშვნელოვანი და გამოკვეთეთ საერთო საკითხები.

იგივე გაიმეორეთ კითხვარის მეორე ნაწილის შემთხვევაშიც.

როცა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს გამოკვეთთ, დაიწყეთ იდეების გენერირება ამ კონკრეტული საკითხის ირგვლივ. ჩამოწერეთ მინიმუმ ხუთი იდეა – თითოეული რაც შეიძლება ნაკლები სიტყვის გამოყენებით და ისინიც დაალაგეთ თანმიმდევრობით.

თუ ამ სავარჯიშოს ჯგუფურად აკეთებთ, შეაფასეთ ერთმანეთის იდეები და ისინი დაალაგეთ საუკეთესოდან უარესისკენ. შემდეგ ფასილიტატორმა გამოკვეთოს 5 ისეთი იდეა, რომელიც უმრავლესობის ფავორიტი აღმოჩნდება და დაიწყეთ კონკრეტული თასქების განაწილება ამ იდეების აღსასრულებლად.

ნეტგაზეთი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights