გურიის მოამბე

„სამშობლოს ცვლიან ძალაუფლებაზე და ეს არის ღალატი“- ემიგრანტი ბელგიიდან

ეკატერინე კერესელიძე 27 წელია ევროპაში, კერძოდ, ბელგიაში ცხოვრობს.

ის საქართველოდან 1998 წელს წავიდა, თუმცა სამშობლოსთან კავშირი არ გაუწყვეტია.

ეკატერინე კერესელიძე საუბრობს ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობასა და იმ მითებზე, რითაც „ოცნების“ პროპაგანდა ხალხის მოტყუებას ცდილობს.

„90-იანი წლების ბავშვი ვარ, ასე ვთქვათ და ძალიან კარგად მახსოვს, რა პერიოდები გამოიარა საქართველომ. უშუქობა, უწყლობა იყო თბილისში და, ზოგადად, საქართველოში.

ბელგიაში 98 წელს ჩამოვედი და მახსოვს, რა რთული იყო მაშინ ვიზების მოპოვება. ჯერ კიდევ მაშინ, 3 000 დოლარი იყო მინიმალური თანხა, რომ ოჯახს შესძლებოდა ქვეყნის დატოვება.

მეორე თაობა ვარ იმ ქართველების, რომლებიც წამოვიდნენ ემიგრაციაში.

„ვარდების რევოლუციის“ მერე, ზაფხულობით ჩამოვდიოდი საქართველოში – ოჯახით, ბავშვებთან ერთად.

ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლებოდა თითქოს. პირველად აქ რომ ჩამოვედი, არავინ იცოდა საქართველო, რუკაზეც კი ვერ აგნებდნენ, ყველას ამერიკის ჯორჯიიდან ვეგონე. მერე კი ცნობადობა გაიზარდა ჩვენი ქვეყნის მიმართ და ევროპამაც გაგვიღო კარები.

დიდი ჟესტი იყო ვიზალიბერალიზაცია ასოცირების ხელშეკრულების მერე და მართლა ძალიან დიდი პრივილეგიაა ეს ხალხისთვის. ამის დაკარგვა იქნება მართლა ტრაგიკული საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.

აქ არ არის საუბარი მხოლოდ ტურისტულ მიმოსვლაზე, ვიზალიბერალიზაციით ადამიანებმა თავი გადაირჩინეს, ჯანმრთელობის პრობლემები მოიგვარეს და ის მკურნალობა მიიღეს, რასაც საქართველოში ვერ იღებდნენ.

მე, პირადად, იუსტიციის სისტემაში ვმუშაობ და შეხება მაქვს უცხოელების დოსიეებთან. ახლა სააპელაციოში ვარ და ვხედავ, როგორ იზრდება იმ ქართველების ნაკადი ბელგიაში, ვისაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემა.

გარდა ამისა, თავისუფალი მიმოსვლის სიკეთეებით ბევრმა ახალგაზრდამ, სტუდენტმა ისარგებლა. ბევრიც დასაქმდა და მიიღო ბინადრობის უფლება. ახლა კი ძალიან დამანგრეველი და არასწორი კურსი აქვს აღებული დე ფაქტო მთავრობას, ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიჰყავთ“, – ამბობს ეკატერინე კერესელიძე.

მისი თქმით, „ოცნების“ პროპაგანდა ცდილობს დაარწმუნოს ადამიანები, რომ ევროპა ღირებულებებს ებრძვის, რაც არარეალურია.

„წართმევით ნამდვილად არაფერი წაურთმევია ევროპას ჩემთვის, პირიქით.

რა უნდა წაერთვა, ენა დამავიწყდა და ქართულად ვეღარ ვმეტყველებ? ეს წმინდა წყლის რუსული პროპაგანდაა, რომელსაც ევროპაშიც ვებრძვით, არათუ საქართველოში. მაგრამ პოსტსაბჭოთა ქვეყნები უფრო მოწყვლადი არიან პროპაგანდის მიმართ.

ევროკავშირი ერთადერთი სივრცეა მსოფლიოში, სადაც ყველაზე მეტადაა დაცული კულტურული ღირებულებები, ეთნიკური, რელიგიური უმცირესობები, ყველა განსხვავებული.

ამიტომ იმის ძახილი, რომ თურმე რწმენას გვართმევს ევროპა, სიცრუეა. გადასარევად გრძნობენ აქ ქართველი მართლმადიდებლებიც და უზარმაზარი ეკლესია აქვთ გადაცემული სარგებლობაში ანტვერპენში და ლიეჟშიც.

ან რატომ ჰგონია ვინმეს, რომ ევროპელებს ნაკლები რწმენა აქვთ. შეიძლება ჩვენსავით აფიშირებას არ აკეთებენ ყოველ წუთს, მაგრამ ევროკავშირში ყველა ქვეყანა ქრისტიანულია და როგორ შეიძლება მათ რაიმე წაგვართვან?

ან იმის ძახილი, რომ თურმე ძალით უცვლიან ვიღაცას სქესს. რა სისულელეა. ჩემი შვილები აქ დაიბადნენ, აქ გაიზარდნენ და მსგავსი არაფერი გამიგია. გადასარევად ფლობენ ქართულ ენასაც და გიჟდებიან საქართველოზე.

ყველა ქართველი, ვინც აქ ცხოვრობს ასეა. არავინ მინახავს აქ ვინმე გადაგვარებული.

სამწუხაროდ, ჩვენც გვაქვს უარყოფითები მხარეები და თუ ვინმესგან რაიმე უკეთესს ვისწავლით, უკეთეს გამოცდილებას გაგვიზიარებენ, რატომ უნდა იყოს პრობლემა. არავინ გეუბნება შენი დაივიწყე და ჩემი მიიღეო. ბუნებრივია, როცა სხვის ქვეყანაში მოდიხარ, პატივი სცე მათ ენას და კულტურას. ჩვენც ხომ გვიხარია, როცა ვინმე უცხოელი ქართულად საუბრობს?

სამწუხაროდ, პროპაგანდა ერევა მათ, ვინც მოკლებულია ინფორმაციას და მხოლოდ „იმედს“ ან სხვა პროპაგანდისტულ მედიებზე მიუწვდება ხელი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებშიც მივაწვდინოთ ხოლმე ხმა ადამიანებს.

„ოცნების“ წარმომადგენლები ძალიან კარგად სარგებლობენ ევროპული სიკეთეებით. მათი ოჯახები, შვილები აქ ცხოვრობენ და ამერიკაშიც. სხვებს კი აძულებენ ევროპას“, – ამბობს ეკატერინე კერესელიძე.

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის „ოცნება“ ღია ანტიდასავლური და ანტიევროპული პროპაგანდითაა დაკავებული, ივანიშვილი დღემდე ინარჩუნებს საფრანგეთის მოქალაქეობას, მისი ერთი შვილი კი აშშ-ში სწავლობდა და ცხოვრობს.

„სამშობლოს ცვლიან ძალაუფლებაზე და ეს არის ღალატი, რადგან საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ქვეყანას ართმევენ ევროპულ მომავალს, რომელიც ასე ახლოსაა.

პატრიოტიზმი გაქრა მათში და, ზოგადად, თუ დააკვირდებით, საერთოდ გადახარისხება გააკეთეს ღირებულებების. ჩვენ რაც ვაჟკაცობად მიგვაჩნდა, თურმე ის ვაჟკაცობა აღარ არის.

ანწუხელიძის გმირობა, თურმე გმირობა არ არის და მტრისთვის ბოდიშის მოხდაზე ლაპარაკობს ეს დე ფაქტო გუნდი. საქართველოს ომის დაწყება დააბრალეს და ამასაც შეგნებულად აკეთებენ. ეს არის საკუთარი ქვეყნის გაწირვა და ამას აკეთებენ შეგნებულად.

უკრაინის ომის მერე ჩამოიხსნეს ნიღაბი. ალბათ ეს იყო 2012 წელს ივანიშვილის მოსვლის მიზეზიც, მართლა რუსული სპეცოპერაცია ჩაგვიტარეს და იმდენი ქნეს, რომ რუსეთში ამოგვაყოფინეს თავი. ებრძვიან მედიას, არასამთავრობოებს, რა დღეში ჩააგდეს ხალხი, სამოქალაქო სექტორი, ამდენი პოლიტპატიმრით მგონი რუსეთსაც გავუსწარით. და რისთვის, ძალაუფლება რომ შეინარჩუნონ“, – ამბობს ეკატერინე კერესელიძე.

მისი აზრით, ერთადერთი გზა საქართველოს გადარჩენის არის ხალხის გაერთიანებაში.

„ყველა ერთად უნდა დავდგეთ. სამწუხაროდ, ცალკეულმა პოლიტიკოსებმა იმედები გაგვიცრუეს, მაგრამ მათი გასაკეთებელიც ხალხმა უნდა გავაკეთოთ. მოახლოებულია 4 ოქტომბერი და მეც ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, რომ რაღაც გარდამტეხი მოხდება. ძალიან განვიცდი და მტკივა, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება.

ემიგრანტებიც ვცდილობთ ხელი შევაშველოთ აქედან იმ ხალხს, ვინც თითქმის 300 დღეა ქუჩაშია და იბრძვის ქვეყნის მომავლისთვის. იმედია ყველაფერი გამოგვივა ყველას ერთად“, – ამბობს ეკატერინე კერესელიძე.

batumelebi.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights