გურიის მოამბე

კინტრიშის ხეობის შესახებ – ფრაგმენტი მეუნარგიასა და თალაკვაძის ანგარიშიდან

კინტრიშის ხეობის შესახებ – ფრაგმენტი მეუნარგიასა და თალაკვაძის ანგარიშიდან
.
„რუსული სამსახურში მყოფი პოლკოვნიკი შავშეთელი ნურიდ-ბეგ ხიმშიაშვილი, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა ქართული ამტკიცებდა, რომ არტანუჯმა ისლამი ძალით მიიღო, ხოლო შავშეთმა – სულთნის ფირმანით. მისი თქმით სულთანმა შავშეთელ ბეგებს სიგელი მისცა, რომლითაც მათ სამსახურისთვის ხალხს და მიწებს მისცემა დაპირდა თუ კი ისინი ისლამს მიიღებდნენ, რის გამოც ბეგებმა და მათმა ხალხმა მამების რწმენას უღალატეს.
.
ამ მხარის სხვა ნაწილებში, იქ სადაც ქართული ენა დღემდეა გავრცელებული, მოსახლეობას ახსოვს მათი წინაპრების მიერ ისლამის მიღებასთან დაკავშირებული ამბები. ამ მხრივ, ჩვენ ადგილზე საკმაოდ მდიდარი და საინტერესო მასალა შევაგროვეთ.
.
იგივე ნურიდ-ბეგმა აჭარაში ისლამის გავრცელების შემდეგი ისტორია მოგვიყვა. დუშეთში მცხოვრები ცხრა ძმა ხიმშიაშვილიდან უმცროსი ლევანი ცნობილი ქურდი და ყაჩაღი იყო, რომელსაც ადვილად შეეძლო გაეტაცებინა ათობით თავისი თანამემამულე და ერევანში გაყიდა. ძმებიდან უფროსი მღვდელი იყო და შეწუხებულმა მოსახლეობამ მას დახმარებისათვის მიმართა, რის შემდეგაც უფროსმა ძმამ მოითხოვა უმცროსისაგან ან შეეწყვიტა ხალხის გატაცება ან დაეტოვებინა იქაურობა.
.
ლევანმა სამშობლოს დატოვება გადაწყვიტა, წამოიყვანა მისი ერთგული 340 ადამიანი და პერანგას მთასთან ახლოს კილილას მთის ძირში მივიდა. ამის შემდეგ ლევანი თხუთმეტი მხედრის თანხლებით სულთან სელიმთან წავიდა მიწის სათხოვნელად. სულთანმა იგი კეთილგანწყობილად მიიღო და უთხრა მისთვის სასურველი ადგილი აერჩია. ლევანმა აჭარა აირჩია, რომელიც ნაკლებად იყო დასახლებული.
.
სამი წლის შემდეგ სულთანმა მას თავისი ადიუტანტი გამოუგზავნა ისლამის მიღების წინადადებით. ლევანმა მიიღო სულთანის წინადადება, მისი 340 მხლებლიდან 300-მა ისლამი მიიღო. ისლამის მიღების შემდეგ მას ლევან-აჰმედი დაარქვეს და იგი აჭარის ხიმშიაშვილების საგვარეულოს დამაარსებელი გახდა. მისი მაგალითის მიყოლით და გავლენით, ნელ-ნელა აჭარის მოსახლეობამ ისლამის მიღება დაიწყო.
.
კინტრიშის აუზი მოსახლეობაში მრავლადაა შემონახული ქრისტიანული დროის მოგონებები. აქ ჯერ კიდევ ცხოვრობენ მოხუცები, რომლებსაც ახსოვთ ოჯახების ქრისტიანულ და მუსლიმურ ნაწილებად დაყოფა, რომელთაგან თითოეულს საკუთარი სუფრა ჰქონდა.

აჭყვის-თავის მცხოვრებმა სულეიმან-ალი ხაბაზმა, რომელიც ჩვენი მოგზაურობის დროს შემხვედრ ყველა მოხუცს შორის ყველაზე ხანდაზმული იყო და სელიმ ფაშას მკვლელობაც ახსოვდა, გვითხრა, რომ ხშირად ესწრებოდა საეკლესიო წირვა-ლოცვებს თემროსანიში, აჭყვისთავში, ხუნცუბანსა და ლეღვაში. ბავშვობაში ყველა ეს სოფელი ქრისტიანებით იყო დასახლებული, მაგრამ მუსლიმების ზეწოლის შედეგად ზოგი ისლამზე მოიქცა, ზოგი კი სუფსის გადაღმა მდებარე გურიაში გადასახლდა.

ზერაბოსელის მკვიდრი ალი ჯინჭარაშვილი ყველაზე ხანდაზმული იყო სულეიმან-ალის შემდეგ, მისი თქმით იგი 133 წლის იყო, მას ახსოვს 60 წლის წინ დანგრეული ზერაბოსელის წმინდა გიორგის ეკლესია. მუსულმანობა კინტრიშის ხეობაში გავრცელდა აღმოსავლეთიდან დასავლეთით, ქრისტიანულ რწმენაში დარჩენილები ზორაბოსელიდან ქობულეთში ზღვის სანაპიროზე გაიქცნენ.

ხუშტ-აღა ჯაში კინტრიშის სახალხო სასამართლოს წევრია, 60 წლის, ირწმუნება, რომ მის ბავშვობაში ქობულეთში გურიიდან ჩამოყავდათ მღვდლები რომლებიც ბავშვებს ნათლავდნენ.მისი თქმით გურიაში იმ დროს იქ არსებულ სასწაულმოქმედ ხატებს მოოქროვილ რქებიან ხარებს სწირავდნენ.
.
ესედ-აღა წილოსანმა 45 წლისა, მოგვიყვა, რომ მისი ბაბუა დავით წილოსანი, ლანჩხუთიდან ჩამოსულიყო. ბაბუასთან ერთად გამოსახლებული მისი მამიდა, ახლაც ცოცხალი იყო, ისლამის მიღების შემდეგ დავით წილოსანს სულეიმან-აღა დაერქვა.
.
დედი-აღა ჯელალ-ოღლი, 62 წლის, გვაცნობა, რომ მისი დედა იყო მართლმადიდებელი მღვდელის შვილი და მისი გვარი იყო შარაშიძე.
.
არიფ-აღა დადიან-ოღლი, 62 წლის, გვაცნობა, რომ მისი დიდ ბაბუას მიუღია ისლამი, მანამდე კი სამეგრელოში მღვდელი ყოფილა, სადანაც გაუსახლებიათ რაღაც დანაშაულისათვის.
.
ქობულეთის მკვიდრმა გულა-კაკაც-ოღლუმ მოგვიყვა, თუ როგორ ხდებოდა ქრისტიანების იძულებით ისლამზე მოქცევა: ახალციხის ფაშას, მდინარე კინტრიშის ხეობაში ყოფნისას, თან ერთი მასხარა ხლებია, რომელმაც სოფელ ზერაბოსელში ჩასვლისას ადგილობრივ მოსახლეობას უბრძანა, რომ სოფლის მოედანზე მდინარის გასწვრივ იქ სადაც ახლა მეჩეთი დგას დაერჭოთ წვერწმახული სარები. სარების დარჭობის შემდეგ მასხარამ ხმამაღლა მოაცხადა – „ახლა ნახავთ რამდენ ურწმუნოს ჩამოაცმევენ ამ სარებზეო“. ამის გაგონებაზე სოფლის მოსახლეობა შეშინდა ნაწილი სამუდამოდ გაიქცა იმ ადგილიდან, ნაწილი კი ისლამზე მოექცა.
.
65 წლის ისლანგ ჯინჭარაძემ იმავე თემაზე საუბრისას თქვა, რომ ქრისტიანები, როგორც კი იძულებით ისლამზე მოექცეოდნენ, შებრუნდებოდნენ და საკუთარ თავს ეუბნებოდნენ: „არა, არ მჯერა, არ მჯერა“.
.
ოცი ან ოცდაათი წლის წინ, 110 წლის ასაკში გარდაცვლილმა კურტ-ბექირას თანამემამულეებისათვის მოუყოლია, რომ მდინარე კინტრიშის ხეობაში მაჰმადიანობა კელიმეჯ ეფენდიმ შემოიტანა. ის ყოფილა პირველი ვისაც ხეობაში ღორის ხორცის ჭამა აუკრძალავს. როდესაც ეფენდი სოფელში ჩავიდა, სოფლის მცხოვრებლებმა ღორები დამალეს. კურტ-ბექირამ კი ისინი საპლის ხეობაში თავად გადარეკა.
.
ქვემო აჭარის ერთ-ერთი სოფელი საღორეთი თავის სახელს იმ ღორებს უმადლის, რომლებიც ყველაზე დიდხანს ამ სოფელში შემორჩა. მისი მოსახლეობა ქრისტიანობის ერთგული დარჩა ყველაზე დიდხანს, რის გამოც მიმდებარე სოფლების გაბოროტებულ მოსახლეობას თუ კი რამ ღორები ყავდათ ამ სოფელში შეურეკიათ. აქედან მომდინარეობს სოფლის სახელი საღორეთი, ანუ ღორების ადგილი.
.
ბათუმის ოლქში მუსლიმების რიცხვი ყოველწლიურად იზრდებოდა გურიიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან და აფხაზეთიდან ჩამოყვანილი ტყვეების ხარჯზე. ტყვეები რომლებსაც ვერ გამოისყიდნენ ისლამს ღებულობდნენ, რის გამოც გურია ყოველწლიურად ასობით ადამიანს კარგავდა მანამ სანამ ქობულეთის მმართველები თავადი თავდგერიძეები გურიელებთან არ დანათესავდნენ.
.
70 წლის რეჟედ-აღა ჯალალ-ოღლის კარგად ახსოვს ჩეთობისა და გოთაულობის დრო. ამ სახელწოდებით მოიხსენიება გურიაში ტყვეებზე მონადირეთა თარეში.
.
რუსეთის მიერ ბათუმის ოლქის შემოერთებისას ადგილობრივი მოსახლეობაში არცერთი ქრისტიანი ოჯახი აღარ იყო.
.
P.S. ბათუმის ოლქის შესახებ საქართველოს ეგზარხატის გამოცემაში გამოქვეყნებული ეს ინფორმაცია აღებულია კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების საბჭოსთვის წარდგენილი ანგარიშიდან, რომელიც წარადგინეს მღვდელმა თალაკვაძემ და ბატონმა მეუნარგიამ, რომლებიც მისიონერული საქმიანობის მიზნით მისი უმაღელოსბა საქართველოს ეგზარქოსის მიერ იყვნენ გაგზავნილი ოლქის შესასწავლად 1890 წლის ივნისსა და ივლისში.
.
– Прибавленія къ Духовному вѣстнику Грузинского Экзархата (1-го іюля 1891 годаж №9) – Нѣсколько историческихъ свѣдній о Батумской области. (კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოებისათვის მეუნარგიასა და თალაკვაძის მიერ წარდგენილი ანგარიშიდან – ბათუმის ოლქის შესახებ)
– ალექსანდრე ეისნერის ნახატი – მუსულმანი ქართველი ბათუმის ოლქიდან

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights