ბრძოლა ქვემო გურიისათვის, გურიელების და თავდგირიძეების დაპირისპირების შედეგები

ქველი ჩხატარაიშვილის მიხედვით ისტორიული გურია სამ გეოგრაფიულ რეგიონად იყოფოდა, მათ შორის გახლდათ – “ქვემო გურია” ტერიტორია ჩოლოქსა და ჭოროხს შორის. რომლის ნაწილიც გახლდათ გურიელების ბათომ-კახაბრის საუფლისწულო (საბატონიშვილო) მამული.
.
საუფლისწულო მამული გურიაში რამდენიმე იყო (კახაბერის, ლესას და საჯავახოს) გურიელების ოჯახის წევრებს გადაეცემოდათ დროებით – “სარჩოდ და საცხოვრებლად”, რა შემთხვევაშიც მათ არ ჰქონდათ მიწის გასხვისებისა და ყმების განთავისუფლების ან გაყიდვის უფლება.
.
კახაბერის საუფლისწულო მამულში იდგა გურიელების სასახლე და ციხესიმაგრე. რომლთა ნანგრევები 1878 წელს რუსეთის ჯართან ერთად ბათუმში შესულ სამხედრო ისტორიკოსს და ჟურნალისტს ა. ფრენკელს დაუთვალიერებია – „აქ (კახაბერში) კიდევ არის გურიელების ციხესიმაგრის ნარჩენები.“
.
კახაბერი იმითაც გახლავთ საინტერესო, რომ ეს იყო სამხედრო დაპირისპირების ასპარეზი გურულებსა და თურქებს შორის. როსტომ გურიელმა 1547 წელს კახაბერთან დაამარცხა ოსმალთა საკმაოდ დიდი ჯარი. გურიის სამთავროს ისტორიაში ეს ბრძოლა ერთერთი მნიშვნელოვანი და სახელოვანი გამარჯვება გახლდათ, ამ ბრძოლაში გურულებმა როსტომ გურიელის სარდლობით დამოუკიდებლად იბრძოლეს და გაიმარჯვეს. ზოგადად როსტომ გურიელი თურქებთან თავგამოდებული მებრძოლი გახლდათ, მან გურულების ჯარით იმერეთის მეფე ბაგრატ III ერთად მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო – მურჯახეთის (1535), ქარაღალის (1543) და სოხოისტის (1545) ბრძოლებში.
.
ბათუმისა კახაბერის გამო თურქებთან ბრძოლების შესახებ ა. ფრენკელი წერს – „ბათუმის (კახაბერისა და სხვა დასახლებების) მიწების მფლობელები, როგორც მთელი ამ მხარის სუზერენები იყვნენ მთავარი გურიელები, მაგრამ ერთერთი მათგანის კახაბერის დროს XV საუკუნეში თურქებმა წაართვეს გურიელებს ჭანეთი ანუ ლაზისტანი. თუმცა მალევე როსტომ გურიელმა განდევნა თურქები (1564 წელს); ამის შემდეგ თურქებმა კვლავ დაიკავეს ეს მხარე და ააშენეს სიმაგრე ბათუმში. 1609 წელს მამია გურიელმა გაანადგურა თურქების ჯარი, თუმცა ამას რეალური შედეგი არ მოყოლია და თურქები საბოლაო ჯამში დაეუფლენ ქვეყანას.“
.
ფრენეკელი წერს მამია II გურიელის 1609 წლის ლაშქრობაზე ჭანეთზე, ამ წელს გურულებმა გადალახეს ჭოროხი შეიჭრნენ ჭანეთში და დაიკავეს ეს მხარე. თუმცა რამდნიმე წლის შემდეგ ოსმალეთა მხრიდან საზღვაო ბლოკადის შედეგად მამაია II იძულებული გახდა დაეთმო ჭანეთი, 1614 წლის 13 დეკემბერს ბათუმში დაიდო გურია-ოსმალეთის შეთანხმება, რომლითაც გურიელმა, იკისრა ოსმალეთის ხარკი და აღდგენილ იქნა ომამდელი საზღვარი მდინარე ჭოროხზე.
.
ფრენკელის მიხედვით დღევანდელი ბათუმისა და კახაბერის ტერიტორიაზე ადრე რამდენიმე ტბა ყოფილა და ეს ადგილი გურიელების სანადირო მამულსაც წარმოადგენდა, ფრეინკელი წერს – „ამ ადგილს სახელად კახაბერი დაერქვა იმიტომ რომ აქ კახაბერ გურიელი ნადირობის დროს გარეულმა ტახებმა დაგლიჯეს“.
.
„მე მოვინახულე თითქმის მიტოვებული სოფელი კახაბერი, რომელიც ჩვენი შტაბის რუკაზე აღნიშნულია როგორც „კოხაბერი“. კახაბერი ოდესღაც იყო გურიელების საყვარელი საცხოვრებელი ადგილი, (ერთ ერთი მათგანი ატარებდა სახელად კახაბერს) რომლებიც როგორც მე უკვე ვთქვი იყვნენ ბათუმის ძველი სუზერენები“.
.
ქვემო გურიისათვის ანუ ბათუმ-ქობულეთისათვის გურიელები მე-18 საუკუნის მეორე ნახევრამდე იბრძოდნენ. საბოლაოდ გურიელებმა ეს მხარე თავდგირიძეებთან დაპირისპირების შედეგად დაკარგეს, რა დროსაც ქვემო გურიის სამხედრო არისტოკრატიის ნაწილმა თავდგირიძეების მეთაურობით გურიელებთან ბრძოლაში ოსმალეთის დახმარების მიღების სანაცვლოდ ისლამი მიიღეს.
.
ქვმო გურიაში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ზაქარია ჭიჭინაძე წერს – „ესენი (თავდგირიძეები) აღივსნენ მედიდურებით და კეთილ შობილურის სისხლით და დაიწყეს გურიის მთავრების წინააღმდეგ მოქმედება. აი სწორეთ ამდროს შეესწრა ვინმე მამუკა თავდგირიძე, რომელიც საკმარისად განლაღებულ იყო თვით გურიის მთავრებისაგან.“
.
„მედიდურთ თავადთა მეოხებით საქმე ისე მოეწყო, რომ მამუკა თავდგირიძე გახდა გურიის მთავრის დაუძინებელი მტერი და იმ ზომამდის წინ წასული, რომ უკანასკნელ თვით გურიის მთავრობის მოტრფიალეთაც კი აღმოჩნდა. ამან განიზრახა გულში გურიელების ღალატი, ოსმალთ მიმხრობა და მერე ოსმალთა მეოხებით ყველა თავის განძრახულებათა შესრულება.“ (ჭიჭინაძე)
.
„მამუკა თავდგირიძემ მალე წარუდგინა თავის შვილი მაქსიმე მძევლათ (ახალციხის ფაშას). მაქსიმე დარჩა ახალციხის ფაშის კარზე და აქ მას თათრულებრ დაუწყეს ზრდა. მალე თათრობაც შეაყვარეს.“
.
გურიელებსა და თავდგირიძეებს შორის ბრძოლის ახალი ეტაპი 1810 წელს გურიის რუსეთთან შეერთების შემდეგ დაიწყო, მამია გურიელი რუსებს დახმარებას სთხოვდა დახმარებოდა დაებრუნებინა – კახაბერი, ბათომი – ქალაქი და ლიმენა, სოფელი ჩაქვი და ქობულეთი. თუმცა შემდეგში საქმე ისე წავიდა, რომ რუსებმა 1829 წელს გურიის სამთავრო საერთოდ გააუქმეს.
.
ბოლო უთანხმოება გურიელებსა და თავდგირიძეებს შორის 1878 წელს ბათუმის რუსების მიერ დაკავების შემდეგ ფულის გამო მოხდა, რა დროსაც ალი-ფაშა თავდგირიძე რუსებს საჩივარს სწერდა თქვენი ჯარისათვის გზის გასახსნელად ჩემთვის შეპირებული ფული იესე და გრიგოლ გურიელმა მიითვისესო.
.
ზაქარია ჭიჭინაძე წერს – “ამან თავისის მელიაობით დასწერა წერილი და მაშინდელს რუსის მთავარ მართებლის თანაშემწეს გამოუგზავნა და თან სთხოვდა, რომ მე პირობა შევასრულე, თქვენს ჯარს გზა და ძალა მივეცი და თქვენ დანაპირებს რატომ არ მაძლევთო. მე შევიტყე, რომ ჩემი 100 ათასი მანათი, რომელიც მე უნდა თქვენის მთავრობისაგან მიმეღო, იგი მიუღიათ გრიგოლ და იესე გურიელებსა და დაუსაკუთრებიათო.” ჭიჭინაძის თქმით მას ეს წერილი უნახია 1890 წელს გრიგოლ გურიელის სახლში.
.
აქვე წერს – “ანდაზაც ყოფილა აჭარაში დაშთენილი, რომ „ალი ფაშას სამართალი ფულით იყიდებოდაო“. სწორედ ამ ქრთამის მიუღელობის გამო მოუწოდებდა შემდეგში ალი-ფაშა ქობულეთლებს 1878 წელს თურქეთში გადასახლებისკენ და მის მექრთამეობასვე უკავშირდება ქობულეთური სიმღერის ტექსტი:
.
ხვანთქარი და რუსი ჩხუბობს, იგივ არის ორივ ეში
ალიფაშამ გვიღალატა ჩაგვიყვანა კვირიკეში
იმან ფულები აიღო ჩვენ ჩაგვყარა რუსის ხელში
კაი არც მას დამართნია ბაწრით ჩაითრიეს გემში
მისი ყვირილი ისმოდა სუფსას გაღმა ბაილეთში
.
ყველაზე მძიმე ბრალდებას რასაც ჭიჭინაძე ალიფაშა თავდგირიძეს უყენებს ეს გახლავთ – რუსების მიერ ბათუმის დაკავების შემდგომ ქართველი მაჰმადიანების თურქეთში გადასახლება:
.
“ამ ბოროტ პირების მეოხებით დაიცალა ქობულეთი, მთლათ მაჭახელი. მაჭახლიდან 2000 კომლი მეტი წავიდა” – ” სადა და რა ადგილებში რამდენ რამდენ მოსახლენი სცხოვრებენ ქართველ მაჰმადიანების:
ხოფას 100 კომლი
არხავეს 120 კომლი
ირიზას 100 კომლი
სურმენს 100 კომლი
ოფს 120 კომლი
ტრაპიზონს 100 კომლი
ფლატანას 120 კომლი
ბეგლევანს 150 კომლი
თრიპოლს 100 კომლი
გერესონს 120 კომლი
ორდს 1000 კომლი
აბდალას 130 კომლი
უნიას 1000 კომლი
ბაცას 1000 კომლი
ჩერშევრეს 100 კომლი
თერმეს 100 კომლი
ბაფარას 100 კომლი
სამსონს 150 კომლი
ბოლომანს 100 კომლი
სინაპს 120 კომლი”
.
– А. Френкель – Очерки Чурук-су и Батума (1879 г.)
– ზაქარია ჭიჭინაძე “თავდგირიძიანთ გვარის ღალატი და ალი ფაშა თავდგირიძე” (1896 წელი)
– ქველი ჩხატარაიშვილის – გურიის სამთავრო;
– საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები IV ტ. 1990 წელი
– ჟურნალი მსოფლიო ილუსტრაცია (Всемирная иллюстрация) 1878 წელი – რუსების შესვლა ბათუმში და ბათუმის ნავსადგურის ხედები
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share