გურიის მოამბე

ხელბურთის ფედერაციის ექს-პრეზიდენტი ნახევარი მლნ-ის მითვისების ბრალდებით დააკავეს

საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ზურაბ კაკაბაძე დააკავეს. პროკურატურის განცხადებით მას ბრალად ედება ფედერაციის კუთვნილი 464 496 ლარის მითვისება.

პროკურატურა ირწმუნება, რომ 2019-2021 წლებში ამ ადამიანს ფედერაციის საბანკო ბარათიდან რეგულარულად გამოჰქონდა თანხა პირადი მიზნებისთვის.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 11 – წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო.

“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ისარგებლა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით და 2019-2021 წლებში, მის მფლობელობაში არსებული, ფედერაციის კუთვნილი ბიზნესბარათების გამოყენებით, საბანკო ანგარიშებიდან, სხვადასხვა ბანკომატის მეშვეობით გამოიტანა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ა(ა)იპ „საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის“ კუთვნილი 464 496 ლარი, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აცხადებენ პროკურატურაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights