მოსწავლეები და მშობლები, ოზურგეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ, გაუსაძლის, პირობებზე ალაპარაკდნენ.
ზეწოლა და თანხის გამოძალვა რეპეტიტორებისაგან, საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებზე, “ოქროს მედლების” გაცემის მანკიერი სისტემა, თანხების გარკვეული ნაწილის მითვისება სკოლების ადმინისტრაციების მხრიდან, სხვადასხვა სახის კონკურსებსა და გრანტებში გამარჯვებული მოსწავლეებისაგან.
ამის შესახებ “გურიის მოამბესთან”, ოზურგეთის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლე და მშობელი საუბრობს:
“ოზურგეთის ქალაქის მეორე საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ დაიბარა სკოლაში დასაქმებული ყველა რეპეტიტორი და მათ უბრძანეს, რომ ყოველთვიურად ადმინისტრაციაში 100 ლარი უნდა მიიტანონ”
გვითხრა ამავე სკოლის მოსწავლის ერთ ერთმა მშობელმა, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო, საკუთარ სახელსა და გვარს ვერ ასახელებს.
ერთ ერთი სკოლის კურსდამთავრებული კი აცხადებს, რომ “ოქროს მედლებს” ძირითადად ის კურსდამთავრებულები იღებენ, რომლის მშობლებსაც, სკოლის დირექციებთან “გარკვეული აქვთ” :
” თუ სკოლის დირექტორთან არ არის შეთანხმებული და “გარკვეული”, მოსწავლე “ოქროს მედალს” ვერ მიიღებს” – გვეუბნება ასევე, მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული:
“წელს 12 მაძიებელი ვიყავით, გაიცა 5 “ოქროს მედალი”, ბევრი დავიბლოკეთ იმის, გა,მო, რომ ვერ შევძელით გარკვეული “საქმიანობის” განხორციელება სკოლის ადმინისტრაციასთან-დაბლოკვა ყოველთვის ხდება დირექტორის მხრიდან კონტროლირებადი მასწავლებლის მიერ “მოულოდნელად” დაბალი შეფასებით” –
გვიყვება ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელიც საკუთარი უსაფრთხოების მიზნით, ასევე წინაარმდეგია საკუთარი ვინაობის გამხელისაგან.
ცნობისათვის, ოქროს მედალს სკოლაში იღებს მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10 დამრგვალების გარეშე და სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მიიღებს დადებით შეფასებას, იღებს ოქროს მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს. საკმარისია მოსწავლემ საშუალო საფეხურის ნებისმიერ საგანში მიიღოს 9 შეფასება, ის ავტომატურად კარგავს “ოქროს მედლის” მიღების შანსს.
“გურიის მოამბე”, ამ თემაზე სასაუბროდ, რამდენიმეჯერ დაუკავშირდა ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის დირექტორს, ლალი სიჭინავას, თუმცა ეს უკანასკნელი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, ჩვენ მას გავუგზავნეთ კითხვები, თუმცა ესეც უპასუხოდ დარჩა.
რედაქციას, მოსწავლეები და მშობლები ესაუბრებიან ასევე, გარკვეულ, კორუფციულ სქემებზე, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ოზურგეთის სკოლებში, მაგალითად ხშირია შემთხვევები, როცა სკოლის ადმინისტრაციისაგან, სხვადასხვა კონკურსებში გრანტების მომპოვებელ მოსწავლეებს, გარკვეული თანხის მიტანა, სკოლის ადმინისტრაციაში უწევთ.
საუბარია ქ. ოზურგეთში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გახსნილ ტექნოპარკის კონკურსებში გამარჯვებულებზე.
“ტექნოპარკის გახსნის მიზანია, დახმარება გაუწიოს ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტს გამოიყენონ აქამდე რთულად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ახალგაზრდობის ჩართულობა და მათი ცოდნის ამაღლება, თუ როგორ უნდა შექმნან სტარტაპი, რა ეტაპები უნდა გაიარონ იმისთვის, რომ ბიზნესად ჩამოყალიბდნენ და წარმატებას მიაღწიონ. ტექნოპარკის ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობას, მაღალკვალიფიციური და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ძალის შექმნას, ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებასა და ქვეყანაში ინვესტიციების მობილიზებას”
ნათქვამია, ოზურგეთის ტექნოპარკის ოფიციალურ ინფორმაციაში, თუმცა ამ კონკურსების შედეგები არაერთხელ გამხდარა ადგილობრივებში მითქმა-მოთქმის საგანი, და თუ მასში გამარჯვებულ რამდენიმე ადამიანს დავუჯერებთ, “ტექნოპარკის ინფრასტრუქტურა – ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის, მაღალკვალიფიციური და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ძალის შექმნის, ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებისა და ქვეყანაში ინვესტიციების მობილიზებაის” ნაცვლად, გარკვეული ჩინოვნიკების გამდიდრების წყარო ხდება.








