ივანიშვილის საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დასრულდა. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კირცხალიას ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ სხდომას ოცნებიდან ფორმალურად წასული ევროპელი სოციალისტების და ხალხის ძალის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ერთადერთი განსახილველი საკითხი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ რეჟიმის მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი იყო.
“შემიძლია გითხრათ, რომ საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობა დასრულებულია, მზად არის სარჩელი. უმრავლესობის დასრულების შემდეგ შევჯერდით ერთ საკითხზე – დღეს პარტიის ოფისიდან არ გაკეთებულიყო განმარტება და არ შევსულიყავით იმ დეტალებში, სარჩელი მაქვს მხედველობაში.
ხვალ, დღის პირველ ნახევარში პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი შალვა პაპუაშვილი გამართავს ბრიფინგს, სადაც დასრულებულ, ყველანაირად შეჯერებულ სარჩელზე ისაუბრებს ძალიან ვრცლად და ძალიან დეტალურად, ამიტომ, მინდა მედიას გთხოვოთ, რომ ამ საკითხის ირგვლივ დღეს თავი შევიკავოთ, რადგან რამდენიმე საათი დარჩა ამ საკითხის ირგვლივ მთავარ ბრიფინგამდე” – თქვა კირცხალიამ.
ქართული ოცნების მიღებული ცვლილებებით, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის 36-ე მუხლს მე-2 პუნქტი დაემატა, რომლის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება, აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და შემადგენლობა “არსებითად იმეორებს” სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას.
როგორც ივანიშვილის წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილებებით, თუ კონკრეტული პარტია იკრძალება, მის წევრებს და მასთან დაკავშირებულ პირებს არ ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ პასიური საარჩევნო უფლებით, ანუ მათ აღარ შეეძლებათ იყვნენ არჩეულები, მაგალითად – საქართველოს პარლამენტსა და მუნიციპალიტეტებში. ამავდროულად, მათ შეეზღუდებათ კონსტიტუციაში დასახელებული ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავების უფლება, ვეღარ შეძლებენ, გახდნენ სხვა პარტიის წევრები. ასევე, ვერ გახდებიან სხვა პარტიების შემომწირველები.
მისივე თქმით, პარტიას, რომელიც ასეთ პირს თავის რიგებში გააწევრებს და შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება – ჯარიმა, ხოლო თუ კონკრეტული პარტიის მნიშვნელოვნად მეტი ადამიანი ახალ პარტიაში გაწევრიანების შემდეგ გადაწყვეტილების მიმღები იქნება, ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტული პარტიის აკრძალვა არის შესაძლებელი, როგორც ე.წ. მემკვიდრე პარტიის.








