საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის მესამე კვარტალში [ივლისი-აგვისტო-სექტემბერი] ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა – 567.1 ათასი რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა. ეს ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 26.1 პროცენტია. მეორე ადგილზე იყო თურქეთი 16.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 11.8%-იანი წილით.
შესაბამისად, მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციის [664.6 ათასი], თურქეთისა [430.0 ათასი] და სომხეთის [329.3 ათასი] მოქალაქეების მიერ.
საქსტატის ინფორმაციით, „საერთო ჯამში 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 3 მილიონი საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური შემოვიდა, რაც 6.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსულთაგან 40.7 პროცენტი 31-50 წლის მოგზაური იყო“.
სტატისტიკის სასამსახური
2025 წლის მესამე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 1 306.3 ათასი და 1 274.4 ათასი ვიზიტი.
2025 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.3 ღამე შეადგინა, რაც 2024 წლის III კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე [6.2 ღამე] 2.1 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 73.3 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2025 წლის პირველ ორ კვარტალში – იანვრიდან ივნისის ჩათვლით კი, საქართველოში რუსეთის ფედერაციის 770 714 მოქალაქე შემოვიდა – ასეთია შს სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა. 2025 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან საქართველოში საზღვრის 271 988 კვეთა დაფიქსირდა, მეორე კვარტალში კი – 498 726.
სტატისტიკის თანახმად, ამავე პერიოდში, რუსეთის 535 048 მოქალაქემ დატოვა საქართველოს საზღვარი.








