,,ეს უკუსვლა არ არის, ეს არის ევროინტეგრაციის გზის შეგნებული, განზრახ ფეხქვეშ გათელვა”, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე ისაუბა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ ევროკომისიის მწვავე ანგარიშზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ ივანიშვილის ხელისუფლებას ეკისრება.
“დავიწყებ იმით, რომ ის, რაც დღეს ხდება, ეს არის ის, რაც დაგეგმილი იყო. პრაქტიკულად, ორი წელია, რაც ჩვენ ვზეიმობდით თავისუფლების მოედანზე, როცა მე არ ამიშვეს სცენაზე და ვითომ ზეიმობდნენ მთავრობის წარმომადგენლები, მაშინვე დაიწყო და დაწყებული იყო უკვე ის უკუსვლა, რომელიც დღეს აღნიშნა ევროკავშირმა. ეს უკუსვლა არ არის, ეს არის შეგნებული, განზრახ, თანმიმდევრული ამ გზის ფეხქვეშ გათელვა, ამ გზის, რომელიც უცებ გაიხსნა, უფრო ჩქარა, ვიდრე იყო დაგეგმილი. ამ გზის გახლეჩვა დაიწყო თანმიმდევრულად “ქართულმა ოცნებამ”. დღეს ორი წლის თავზე “ქართულმა ოცნებამ” მიაღწია იმას, რომ ჩვენ ფაქტობრივად გაგვიყიდეს კანდიდატის სტატუსი, გაუყინეს “ქართულ ოცნებას”, იმიტომ, რომ ის არის პასუხისმგებელი იმ ყველაფერზე, რაც მოხდა, სრულიად მიუღებელ რიტორიკაზე, იმ ყველა რეფორმის შეჩერებაზე ჯერ და მერე უკუსვლაზე. ყველაფერი ის, რაც დღეს წერია ანგარიშში, არის მხოლოდ და მხოლოდ “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობა. არანაირი პასუხისმგებლობა არ არის ევროკავშირის მხარეს, რომელმაც ყველაფერი სცადა. ცოტა უფრო მკაცრად უნდა მოეთხოვა ალბათ ამ რეჟიმისგან რეკომენდაციების შესრულება, რაც არ შესრულდა. ეს იყო განზრახ გადაწყვეტილი, მოსკოვის მითითებით, ჩვენი ევროპისკენ სვლის შეჩერება. ეს არის ის, რაც მიუღებელია ქართველი ხალხისთვის. ეს არის ხალხი, რომელიც აპროტესტებს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გზის გადაკეტვას, იმ გზის გადაკეტვას, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის საუკუნეებიდან, ეკუთვნის ჩვენს შვილებს და შვილთაშვილებს და არავის აქვს უფლება, რომ ეს გზა გადაგვიკეტოს” – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ევროკომისიის ახალი ანგარიში საქართველოს მიმართ უპრეცედენტოდ მკაცრია. დოკუმენტის მიხედვით, იმ პოლიტიკის ფონზე, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ატარებენ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ფაქტობრივად დაკარგულია.
80-გვერდიან ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი ქვეყნის უკუსვლა დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით. ევროკომისარმა მარტა კოსმა აღნიშნა, რომ „საქართველოს სიცოცხლისუნარიანი ევროპული გზა ამ ეტაპზე არ აქვს“.







