ოზურგეთი-გომისმთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ოზურგეთის მედ-ალფას კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც ჩვენთან საუბარში ოზურგეთის მედ-ალფას კლინიკის მორიგე ექიმმა, ნესტორ თოიძემ განაცხადა, ამ წუთებში შვიდივე დაზარალებულს გამოკვლევები უტარდებათ. მათ შორის, ერთი არის საქართველოს მოქალაქე – მძღოლი, დანარჩენები კი რუსეთის და უკრაინის მოქალაქეები არიან. შვიდივე დაზარალებული დღეს ავტოსაგზაო შემთხვევისას ოზურგეთი-გომისმთის გზაზე დაშავდან. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი, ეროვნებით უკრაინელი გარდაიცვალა.
ტურისტები ბათუმის ერთ-ერთი ტურისტული ბიუროს მიერ ტურისტული ტურის ფარგლებში კურორტ გომისმთაზე იმყოფებოდნენ. გომისმთაზე ისინი დილით ავიდნენ, დაახლოებით რვა სააათზე კი კურორტი დატოვეს. ავტოსაგზაო შემთხვევა ოზურგეთი-გომისმთის მეშვიდე მონაკვეთზე მოხდა. როგორც გვეუბნებიან, მანქანა მწყობრიდან გამოვიდა, გაითიშა მუხრუჭების სისტემა და მძღოლს მოუხდა ავტოსაგზაო შემთხვევის ინსპირირება ხევში გადაჩეხვის სანაცვლოდ.