კონსტიტუციის 78-ე მუხლი ქართული ოცნების პარლამენტის დეპუტატის მარიამ ლაშხის მიერ გუშინ, 26 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრიდან თანამშრომლების რეორგანიზაციის მიზეზით გათავისუფლებას ეხებოდა.
კერძოდ, მარიამ ლაშხმა საჯარო მოხელეებზე საუბრისას თქვა, რომ “თუ ვინმეს აქვს, ზოგადად ვიძახი, იმის განცდა, რომ რუსი არის ხელისუფალი, ამ რუსი ხელისუფალისგან არც ხელფასი არ უნდა აიღოს”.
კონსტიტუციის 78-ე მუხლის წარმომადგენლები განცხადებაში ამბობენ, რომ საჯარო მოხელეები ხელფასს იღებენ არა ხელისუფლებისგან, არამედ ბიუჯეტიდან, რომელიც ივსება მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით. შესაბამისად, ისინი ემსახურებიან სახელმწიფოს, ხალხს და აქვთ კონსტიტუციური უფლება დააფიქსირონ საკუთარი აზრი, მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან აქციებში და გააკრიტიკონ ნებისმიერი პოლიტიკური პარტია.
ისინი მოუწოდებენ მარიამ ლაშხს, რომ შეწყვიტოს საჯარო მოხელეებზე ზეწოლა.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ პარტია ქართული ოცნების წევრის, მარიამ ლაშხის განცხადებას, რომელიც ამავდროულად იკავებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას.
მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში, სადაც ჟურნალისტი მას კითხვას უსვამს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან გათავისუფლებული თანამშრომლების თაობაზე, მარიამ ლაშხი დაუფარავად ამბობს: “თუ ვინმეს აქვს, ზოგადად ვიძახი, იმის განცდა, რომ არის რუსი ხელისუფალი, ამ რუსი ხელისუფალისგან არც ხელფასი არ უნდა აიღოს”.
გარდა იმისა, რომ მთელი მისი კომენტარი ირიბად ადასტურებს თანამშრომლების გათავისუფლების რეალურ მიზეზს, რომელიც აქაც შეფუთულია რეორგანიზაციით, მარიამ ლაშხი ამახინჯებს რეალობას და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოების ნაწილი, როცა ამბობს, რომ რომელიმე საჯარო მოსამსახურე ხელფასს იღებს ხელისუფლებისგან.
ყველა საჯარო მოსამსახურე, საბიუჯეტო დაწესებულებაში დასაქმებული ყველა პირი ანაზღაურებას იღებს ბიუჯეტიდან, რომელიც საქართველოს მოქალაქეების გადასახადებით ივსება. მეტიც – არა მარტო შემოწირულობებით არსებობენ, არამედ ბიუჯეტიდან იღებენ დაფინანსებას თვითონ პოლიტიკური პარტიებიც. შესაბამისად, არათუ ვინმეს რამეს უხდის ქართული ოცნება, რომელსაც აქვს პრეტენზია, ხელისუფლებად იწოდებოდეს, არამედ პირიქით, მას ბიუჯეტიდან ერიცხება დაფინანსება.
მარიამ ლაშხს მოვუწოდებთ, პატივი სცეს საჯარო სექტორს და შევახსენებთ, რომ საჯარო მოსამსახურე ემსახურება მხოლოდ სახელმწიფოს და ხალხს, ანაზღაურებასაც იღებს ხალხის გადასახადებისგან, ასევე, აქვს უფლება, ჰქონდეს და გამოხატოს საკუთარი აზრი, მათ შორის ნებისმიერ პარტიასთან დაკავშირებით, ასევე მონაწილეობა მიიღოს მშვიდობიან საპროტესტო აქციებში. ქართული ოცნება კი საჯარო სექტორის მხრიდან აღიარებულია როგორც საჯარო სამსახურის დამანგრეველი და მასობრივი რეპრესიების განმახორციელებელი პოლიტიკური ძალა”, – ნათქვამია განცხადებაში.








