გურიის მოამბე

რაში იხარჯება ხალხის ფული – მომავალი წლის ბიუჯეტი ვალების ხარჯზე იზრდება

2026 წელს ბიუჯეტი გაიზრდება, ოღონდ ეს ვალების და გადასახადების ხარჯზე. მომავალ წელს 5 მლრდ 100 მლნ უნდა ავიღოთ ვალად, ძველი სესხი გადავფაროთ და ახალი დავიმატოთ. რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფო ვალიც მოქალაქეების გადასახდელია. 3 მლრდ 300 მლნ მხოლოდ საგარეო ვალია – “ქართული ოცნების” გეგმაა ფული დასავლური ფინანსური ინსტიტუტებისგან და მთავრობებისგან ისესხოს, ოღონდ ამის მიუხედავად დასავლეთზე თავდასხმა არ წყდება.

ბიუჯეტი იზრდება გადასახადების ხარჯზეც – მილიარდ 300 მილიონით. საერთაშორისო გამჭვირვალობამ 2026 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი შეისწავლა. აქ “ქართული ოცნების” პრიორიტეტები ყველაზე უკეთ ჩანს – ხელფასი არავის მოაკლდება, ივანიშვილის გუნდის ჩინოვნიკები მინიმუმ 10 პროცენტით მეტ ანაზღაურებას მიიღებენ, ვიდრე აქამდე. ხოლო პენსია მხოლოდ 20 ლარით გაიზრდება. ირაკლი კობახიძე ყოველთვე თითოეულ პენსიონერზე 43-ჯერ მეტ თანხას აიღებს.

ბიუჯეტის ხარჯზე დასაქმებულების რაოდენობა იზრდება, შსს-ში და პროკურატურაში, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროში ამცირებენ მათ, ვინც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაზე მუშაობდა. დაფინანსებას მოაკლებენ ინფრასტრუქტურას და განათლებას – ძალოვანი სტრუქტურების გაძლიერების ხარჯზე. ნახევარ მილიარდამდე იზრდება სწორედ იმ უწყებების დაფინანსება, ვინც რეპრესიულ მანქანას ამუშავებს.

კობახიძეს და პაპუაშვილს მომავალი წლიდან 16 ათას ლარამდე ეზრდებათ ხელფასი, მინისტრებს 13 600 ლარამდე – დეპუტატები 12 800 ლარს აიღებენ. ჯამში მხოლოდ ხელფასები 385 მლნ-ით იზრდება, სამაგიეროდ, მოაკლებენ ანაკლიის პორტის, ავტომაგისტრალების მშენებლობას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights