2025 წლის პირველ 10 თვეში, პროკურატურამ სექსუალური ხასიათის დანაშაულის საქმეებში 188 მოზარდს მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი. მათგან 28 მოზარდი გაუპატიურების მსხვერპლია
- 14 წლის ბავშვმა ბავშვი გააჩინა
- რატომ არ პასუხობენ კითხვებს პასუხისმგებელი უწყებები?
- როგორია ორსული ბავშვების სტატისტიკა საქართველოში?
- რა ვალდებულებები აქვს სკოლას, ზრუნვის სააგენტოს, ექიმებს, მართლწესრიგის ინსპექტორებს?
- როგორია საქართველოში ბავშვზე სექსუალური ძალადობის სტატისტიკა?
- როგორ ნიღბავენ სექსუალურ ძალადობას ქორწინების სახელით?
ორი ადამიანი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დასავლეთ საქართველოში 14 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა.
რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, რომ ორივე დაკავებულს გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს.
სხვა დეტალები, – დაკავებულთა ასაკი, მათი კავშირი დაზარალებულ ბავშვთან, – უცნობია.
როგორ იქცა 14 წლის მოზარდი მძიმე დანაშაულის მსხვერპლად? იცოდა თუ არა მისი ორსულობის შესახებ სკოლამ, ზრუნვის სააგენტომ, სამედიცინო დაწესებულებამ, მუნიციპალიტეტმა და სხვა იმ სახელმწიფო უწყებებმა, რომლებსაც ამ ტიპის დანაშაულების პრევენციაში ძირითადი როლი აკისრიათ?
ყველა ის სახელმწიფო უწყება, რომელიც მოზარდთა ზრუნვაზე, განათლებასა და კეთილდღეობაზეა პასუხისმგებელი, დუმს მთავარზე და მხოლოდ იმას ამბობს, რომ საქმე ეხება არასრულწლოვანს, ეს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემია და დეტალებზე საუბარი არ შეუძლიათ.
რადიო თავისუფლებას მათგან არ მოუთხოვია ისეთი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც მოზარდის იდენტიფიცირებას შეუწყობდა ხელს. ჩვენ გვაინტერესებდა, რამდენად კეთილსინდისიერად შეასრულა ან ვერ შეასრულა საკუთარი როლი ამ საქმეში სახელმწიფომ, რომელსაც ბავშვის ინტერესები უნდა დაეცვა.
ორსული ბავშვები – მოზარდი დედები
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიაში მოზარდების ორსულობისა და მშობიარობის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.
- 2019 წელს დააკავეს კაცი, რომელსაც 16 წლის მოზარდი გაუპატიურებაში ადანაშაულებდა და მისგან ბავშვი ეყოლა.
- 2021 წლის გაზაფხულზე იმშობიარა 13 წლის მოზარდმა. ამ საქმეზე ერთი პირი დააკავეს. მაშინდელმა შსს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მინისტრის საათის ფარგლებში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა: „ეს არ არის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თემა. რატომღაც ყველა იძახის, სად იყო შსს? სად იყო პოლიცია? რა თქმა უნდა, მე არ ვირიდებ თემას, არამხოლოდ, განათლება იქნება, თუ სხვა სამინისტრო, ყველასი, თქვენი ბრალიცაა, ჩემი ბრალიცაა. რომ არა საავადმყოფოდან შემოსული ინფორმაცია, ვერც გავიგებდით საერთოდ, რომ ამ ბავშვმა… რაც მოხდა, ფაქტია, აღარ მინდა დეტალებში შევიდე. ისე გავიდა ეს თვეები, არავის არაფერი უთქვამს. ან მეზობელი არ ხედავს, ან… ეს საზოგადოების პრობლემაა, არ არის მარტო შსს-ს პრობლემა.
- 2022 წლის ნოემბერში, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმშობიარა 12 წლის მოზარდმა.
- 14 წლის მოზარდმა იმშობიარა ბოლნისში 2023 წლის ოქტომბერში. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის 12 წლის ასაკში დანიშნეს, 13 წლისა კი მეზობელ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ კაცზე დააქორწინეს. ამის მიუხედავად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ნიშნები მხოლოდ მაშინ აღმოაჩინეს, როცა ბავშვმა იმშობიარა. გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით დაიწყო.
- იმავე წელს, დეკემბერში, შიდა ქართლის ერთ-ერთ კლინიკაში გააჩინა ბავშვი 15 წლის მოზარდმა. გამოძიება 140-ე მუხლით დაიწყო.
- 2024 წლის თებერვალში, რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ 17 წლის მოზარდმა ნაადრევად იმშობიარა. ის მამას ადანაშაულებდა გაუპატიურებაში და გამოძიება ამ საქმეზე სწორედ გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობდა.
- 2025 წლის მარტში მედიაში გასაჯაროვდა კიდევ ერთი ინფორმაცია 14 წლის მოზარდის მშობიარობის შესახებ. შემთხვევა კახეთში მოხდა. ამბავი კი მაშინ გახმაურდა, როდესაც ბავშვი დედა გახდა. გამოძიება სამშობიაროდან მიწოდებული ინფორმაციით დაიწყო. სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 50 წლის კაცი იყო.
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით:
- 2024 წელს 427 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა;
- 2023 წელს მათი რიცხვი 679 იყო.
- 2025 წლის მონაცემები ჯერჯერობით უცნობია.
შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს – მოზარდმა ცოტა ხნის წინ იმშობიარა
რას ნიშნავს 140-ე მუხლით დაწყებული გამოძიებები?
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულებათა სტატისტიკის თანახმად:
- 2024 წელს, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის, სსკ-ის 140-ე მუხლით, გამოძიება დაიწყო 117 საქმეზე;
- 2025 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით – 54 საქმეზე.
სსკ-ის 140-ე მუხლით დაწყებული გამოძიებები, უმეტესად, არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულებს ეხებათ. ეს მუხლი სრულწლოვანის მიერ ჩადენილ დანაშაულს გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან ცხრა წლამდე.
საქართველოს კანონმდებლობით, აკრძალულია 18 წლამდე ასაკის პირის ქორწინება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქვეყანაში ქორწინება 18 წლიდანაა დაშვებული. 2016 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა წესი, რომლის თანახმადაც, 16 წელს მიღწეულ პირთა ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა.
ანუ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, 18 წლამდე მოზარდი მის სრულწლოვან პარტნიორთან მხოლოდ ფაქტობრივ თანაცხოვრებაში იმყოფება და არა ქორწინებაში.
140-ე მუხლში არაფერია ნათქვამი ე.წ. „ნებაყოფლობით“ თანხმობის შემამსუბუქებელ გარემოებაზე.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ საქართველოში მოქმედებს ერთგვარი მანკიერი, სქესობრივი ძალადობისა და ადრეული ქორწინების წამახალისებელი პრაქტიკა, როდესაც ამ მუხლით დაკავებული მოზარდების ე.წ. ქმრებს, საპროცესო შეთანხმების საფუძვლით ათავისუფლებენ ხოლმე:
„როდესაც შსს-თან და პროკურატურასთან მიდის ინფორმაცია მოზარდის მშობიარობის შესახებ, ისინი იყენებენ დამნაშავესთან საპროცესო შეთანხმების პრაქტიკას, რადგან ამბობენ, რომ წყვილს ე.წ. ოჯახური ტიპის თანაცხოვრება აქვთ. ერიდებიან ხისტ ჩარევას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის დანაშაულების დროული გამოვლენა, რაშიც, მაგალითად, განსაკუთრებული როლი უნდა შეასრულოს სკოლამ, ზრუნვის სააგენტომ, მათ აქვთ ვალდებულება, რომ გამოავლინონ ამგვარი შემთხვევები, მაშინვე გადაამისამართონ ფაქტი, რაც ბავშვის დახმარების პერსპექტივებს კიდევ უფრო მეტად ზრდის“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას უფლებადამცველი და იურისტი გოგა ხატიაშვილი.
რა ვალდებულებები დაუწესა 437-ე დადგენილებამ სკოლას, ექიმებს, მუნიციპალიტეტს, მართლწესრიგის ინსპექტორებს?
საქართველოში 2016 წლიდან მოქმედებს მთავრობის 437-ე დადგენილება, „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების დამტკიცების თაობაზე“, რომელიც ავალდებულებს მთელ რიგ სტრუქტურებს, გამოავლინონ ბავშვის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტები და ამგვარი ეჭვის შემთხვევაში, ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ გადაამისამართონ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სოციალური ზრუნვის სააგენტოში.
ეს არ არის ნებაყოფლობითი პროცესი, ის სავალდებულოდ შესასრულებელია და არსებობს გარკვეული მექანიზმები და ინდიკატორები, თუ როგორ უნდა შეძლოს, მაგალითად, სკოლამ ბავშვზე ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის, ოჯახში ძალადობის, ქორწინების იძულების შემთხვევების გამოვლენა და ამ ინფორმაციის შესაბამისი სტრუქტურებისთვის შეტყობინება.
„ხშირად ამბობენ ხოლმე მასწავლებლები, რომ ბავშვი არ მოსულა ჩემთან, მას არაფერი უთქვამს და საიდან უნდა მქონოდა ინფორმაცია, რომ მასზე ვინმე ძალადობდაო. ეს მათ არ ათავისუფლებთ პასუხისმგებლობისგან, რადგან თავად ეს დადგენილება განუსაზღვრავს გარკვეულ ინდიკატორებს, როგორ შეიძლება, რომ ბავშვის ქცევით ამოიცნონ, რომ მას დახმარება სჭირდება. ისინი არ უნდა დაელოდონ იმას, თუ როდის ამოიღებს ბავშვი ხმას. ამგვარ სიტუაციებში, ბავშვი, როგორც წესი, შეშინებულია, დათრგუნული და შესაბამისად, ლაპარაკიც უჭირს“, – ამბობს გოგა ხატიაშვილი, რომლის თქმითაც, რეფერირების ვალდებულების შეუსრულებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და ითვალისწინებს ჯარიმას (100-დან 300 ლარამდე). თუმცა, რიგ შემთხვევაში, ის შეიძლება იქცეს სისხლის სამართლის დანაშაულადაც.
და, აი, როდის:
„თუკი საქმე ეხება სისხლის სამართლის კოდექსის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას. აი, მაგალითად, 140-ე მუხლი, რომელიც უკავშირდება ადრეულ ქორწინებას, მძიმე კატეგორიის დანაშაულია, ამიტომ, თუკი ამ ტიპის დანაშაულის შესახებ არ გადაამისამართებს პასუხისმგებელი რგოლი საქმეს შესაბამის უწყებებში, მას შესაძლოა დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. არსებობს არაერთი შემთხვევა, როდესაც მასწავლებლებს ამ ტიპის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ“, – ამბობს გოგა ხატიაშვილი.
როდესაც საქმე მოზარდზე ძალადობას, იძულებით ქორწინებას და ამ პროცესში სკოლის პასუხისმგებლობას ეხება, გოგა ხატიაშვილი ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ, განათლების მინისტრის 2019 წლის ბრძანებაზეც.
ამ დოკუმენტის მეათე მუხლში წერია, რომ სკოლა ვალდებულია, სასწავლო წლის განმავლობაში, სულ მცირე ორჯერ აწარმოოს მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-საინფორმაციო კამპანია მათ შორის, ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ. ამ შინაარსის შეხვედრები სკოლებმა წელიწადში მინიმუმ ერთხელ უნდა ჩაატარონ მშობლებთანაც:
„ეს საკითხები მოიცავს ადრეული ქორწინების, იძულებითი ქორწინების მავნე პრაქტიკისა და შედეგების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას მშობლებისთვის. ძალიან საინტერესოა, სკოლებმა გვითხრან – ატარებენ ისინი ამგვარ შეხვედრებს ბავშვებთან, მათ მშობლებთან, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ამ დანაშაულების შესახებ ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით?“ – კითხულობს გოგა ხატიაშვილი.
არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულის სტატისტიკა
გარყვნილი ქმედება, სქესობრივი კავშირი 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება, გაუპატიურება – 2025 წლის პირველ 10 თვეში, პროკურატურამ სექსუალური ხასიათის დანაშაულის საქმეებში 188 მოზარდს მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი. მათგან 28 მოზარდი გაუპატიურების მსხვერპლია.
იურისტები და უფლებადამცველები ამბობენ, რომ როდესაც საქმე ბავშვთა მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულსა და სტატისტიკას ეხება, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი რიცხვი რეგისტრირებულ დანაშაულებზე გაცილებით დიდია.











