,,საზოგადოება დარჩენილია ინსტრუმენტების გარეშე და მის წევრებს ყველაზე მეტად საყვარელ საქმესთან დაბრუნება ენატრებათ. ჩემს სფეროზე ვიტყვი: უამრავ ადამიანს ვხედავ, რა პირობებში უწევს ცხოვრება – გამომცემლობები, ლიტერატორები, პოეტები, მწერლები და რეჟისორები საყვარელ საქმეს ვერ აკეთებენ, ეს ველი მთლიანად მოსწორებულია, მთლიანად დაპყრობილია პროპაგანდის მიერ”, – ამბობს პოეტი რატი ამაღლობელი.
– ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ… მოსწორებული უდაბნოა პოლიტიკურ ველზე და მთელი ქვეყანა თავისი ისტორიით, თავისი სიკეთეებით რამდენიმე ადამიანს უნდა – ერთ კაცს და რამდენიმე მის ქვეშევრდომს. ბუნებრივია, არის პროტესტი, რომელიც ერთ წელიწადზე მეტია უწყვეტია. 28 ნოემბერს ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა. მეც კი გაოგნებული ვიყავი, იმიტომ, რომ როდესაც ადამიანებს რეალური მნიშვნელოვანი შედეგი ხელში არ უჭირავთ და რეჟიმი კიდევ უფრო სასტიკი ხდება, დრაკონულ კანონებს იღებს, დასდევს მშობლებს, მოხუცებს, პენსიონერებს, დევნილებს აფხაზეთიდან, 70 წელს გადაცილებულ ქალებს, ასეთ სიტუაციაში, ბუნებრივია, ადამიანები დაფრთხებიან ხოლმე, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა, რაც ნიშნავს, რომ პროტესტი არსად წასულა. მეორე მხრივ, რა გვაქვს – საერთაშორისო ასპარეზზე იზოლირებული, არაღიარებული რეჟიმი, ცივილიზებული სამყარო ცალკე, საქართველო – ცალკე. ქვეყნის მოძალადე რეჟიმი სხვაგან, უფრო რუსეთთან, ბელარუსთან, ირანსა და ჩრდილოეთ კორეასთან გრძნობს კარგად თავს. ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის, გამძლეობისთვის!
– BBC-ის მასალის მიხედვით, გასულ წელს მომიტინგეების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული. “ქართული ოცნება” ამას აბსურდს უწოდებს…
რთულია ჩვენი ყოფა, მძიმე, მაგრამ ასე მოგვიწია. საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად 1921 წელს გავიღეთ მსხვერპლი ბრძოლის ველზე იუნკრებისა და სხვა ადამიანების სახით. ვინც მაშინ მსხვერპლი არ გაიღო, გაიღო 1924-ში, მერე – 1926-ში. 36-37 წლების რეპრესიებს არა მარტო საქართველოს დამოუკიდებლობის ერთგული ხალხი, თავისიანებიც ბევრი მიაყოლეს. რეპრესიულმა რუსულმა სისტემამ არ იცის გარჩევა, ის ყველაფერზე მიდის… კვლევები რომ ნახოთ, სადღაც 35% რატომღაც შეიძლება ირჩევდეს “ქართულ ოცნებას”. ეს არის ყველაზე დიდი ციფრი და ისიც უფრო რეგიონების ხარჯზე. ეს სტატუს-კვო – “ძალა აღმართს ხნავს”, “რა ვქნა, შევეგუო უნდა”, “სხვა რა გზა დამრჩენია”+ – ეს რაოდენობა 35%-ია. ეს არ არის ცოტა, მაგრამ მაინც ვერ გადაწყვეტს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ნებას. რაღაც დროს ბოროტება თავის თავს ჭამს. “ჩონჩხები კარადაში” რომ აქვთ ჩაკეტილი, აუცილებლად გაიხსნება და გადმოვა, გასკდება მათი სისაძაგლეები და მგონი იმ 35%-საც აეხილება თვალი…
– როგორც ამბობთ, რეალური შედეგი ადამიანებს ხელში არ უპყრიათ და სწორედაც დღეს ყველას შედეგი სჭირდება, ისე ბრძოლას და მოქმედებას ალბათ აზრიც არა აქვს…
– სამყარო ერთ დღეში არ იცვლება, თვითონ პროცესია მნიშვნელოვანი, ის ცვლის სამყაროს. ალპინისტებს შეუძლიათ ვერტმფრენი იქირაონ და პირდაპირ დასხდნენ მწვერვალზე, მაგრამ მწვერვალის დალაშქვრა გულისხმობს გზაზე თითოეულ წერტილს. ასეთი რთული პროცესია ეს, შედეგი არ დგება უცებ. შედეგი რა არის? ცივილიზაციური არჩევანი, განვითარების გზაზე დაბრუნება, სადაც ახალგაზრდას შეეძლება ისეთი განათლების მიღება, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი მთელ სამყაროში. ახლა განათლების ე.წ. რეფორმა მიდის, რომელიც მთლიანად აჩანაგებს ამ სისტემას…
– “გაშლილა ძველი სიბრძნე/ ცხოვრების წიგნის ყდებად,/თუ ვართ გარეთ და ვიბრძვით,/ციხე შიგნიდან ტყდება”, – წერთ. გარეთ ბრძოლას ვხედავთ, რასაც არ ახლავს პოლიტიკური ბრძოლა… პოლიტიკური ალტერნატივა თუ არ გამოჩნდა, ეფექტური იქნება ეს ბრძოლა? “ციხის შიგნიდან გატეხა” არ გაჭირდება?
– ეგეთები გატეხილა, ჩემო კარგო? გატყდება… ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ 2024 წლის არჩევნების დროს პოლიტიკურ ველზე მეტი კონსოლიდაცია, მეტი გააზრებული ნაბიჯი ყოფილიყო გადადგმული, მაგრამ როდესაც ყველაფერი “სუფთავდება” და მოსწორდება პოლიტიკური ველი, როდესაც არჩევნები ყალბდება, ეს ბრძოლა კონკრეტულ ადამიანებზე გადმოდის, ანუ მოქალაქეების ანაბარაა დარჩენილი წინააღმდეგობა, ამიტომ ძალიან რთულია გაჩნდეს აქ ალტერნატივა. გუნდი როგორ უნდა გაიყვანო მინდორზე, როდესაც აკრძალული გაქვს მინდორზე გასვლა? როდესაც იქითა მხრიდან გეთამაშება 23 ფეხბურთელი, მსაჯი არ გაძლევს თამაშის საშუალებას და მუდმივად გაჯარიმებს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ძალიან ბევრი კრიტიკულის თქმა შეგვიძლია პოლიტიკურ სუბიექტებზე, მაგრამ ახლა გამიჭირდება, რადგან ძალიან ბევრი ადამიანია ციხეში და პოლიტიკური პარტია ასე ვერ იფუნქციონირებს… ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა იატაკქვეშეთში უშვებდნენ თვითგამოცემებს: “ოქროს საწმისი”, “საქართველოს მოამბე”, იმიტომ, რომ სხვა სივრცე არ იყო, მაგრამ დადგა დღე, როდესაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა. ეს დროც მოვა! მე მაინც მგონია, რომ ეს არის საერთო-სახალხო მოძრაობა, იურიდიულად და გაუფორმებლად. რეჟიმი ხელოვნურ სუნთქვაზეა, დრო რეჟიმსაც ღლის, იმიტომ, რომ მუდმივ დანაშაულში, მუდმივ შიშში ყოფნა, მუდმივი ბოროტმოქმედება შენი ქვეყნის წინააღმდეგ, ეს რესურსი ამოუწურავი არ არის. ეს ბრძოლა გამძლეობის ბრძოლაა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ დაინახოს ერთიანი პოლიტიკური ოპოზიცია. ამიტომაც საზოგადოებამ უნდა წარმოშვას ერთიანი პოლიტიკური ალტერნატივა. რამდენჯერ ვნახეთ დასავლეთის გულწრფელი მხარდაჭერა და ეს ბევრად გაიზრდება, თუ ვაჩვენებთ დიდ კოორდინაციას, საერთო მიზნებს (არ ვამბობ გაერთიანებას).
– ანუ თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვათ, “როცა ერთში არის უთვალავი, როცა უთვალავი ერთი ხდება”… მაინც რა აღვივებს თქვენს ოპტიმიზმს?
– ერთ დღესაც ყველა მიხვდება ამ ქვეყანაში, მათ შორის რეჟიმის წარმომადგენლებიც, რომ ახალ საპარლამენტო არჩევნებს არა აქვს ალტერნატივა. უნდა გამოუშვან პატიმრები და გაიმართოს ისეთი არჩევნები, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ერთ დღესაც ხელისუფლებას ეს მოუწევს. დავიმახსოვროთ ჩვენი დიალოგი – “ოცნებას” მოუწევს თავისუფალი არჩევნების ჩატარება. ეს გულისხმობს, რომ მის ხელში არ უნდა იყოს არჩევნების ჩატარების ყველა ბერკეტი, სადაც არ ყალბდება და სადაც სწორად თვლიან ხმებს, ისეთი არჩევნებია გამოსავალი, სადაც არ არის ზეწოლა ამომრჩეველზე, სადაც არ არის კარუსელები, სადაც კრიმინალი არ აკონტროლებს ამომრჩეველს და სადაც ცენტრალური საარჩევნო კომისია მართლაც კომისიაა და არა მანიპულაციის, გაყალბების და გადაწერის კომისია. სხვა გამოსავალი არ არსებობს!
როდესაც “ჩონჩხიან კარადებზე” ვსაუბრობ, არ გამოვრიცხავ, რომ იმდენი რაღაც გასკდეს, ესენი ვერც მივიდნენ არჩევნებამდე, თუმცა, ასე თუ ისე, ნებისმიერ შემთხვევაში არჩევნები გარდაუვალია!
კვირის პალიტრა








