2025 წლის 20 ნოემბერი – რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალიტეტის შეკრებაზე „დასავლეთის“ დაჯგუფების სარდალი გენერალ-პოლკოვნიკი კუზოვლიოვი უმაღლეს მთავარსარდალს პუტინს ტელეკამერების წინ პატაკს აბარებს იმის თაობაზე, რომ უკრაინული ქალაქი კუპიანსკი „განთავისუფლებულია“, პუტინი ჩაეკითხება – ოპერაცია მთლიანად დაასრულეთ? გენერალი პასუხობს-დიახ, ქალაქი ჩვენ კონტროლს ქვეშაა, მიმდინარეობს მოწინააღმდეგის დაქსაქსული მცირე ჯგუფების განადგურება…
9 დეკემბერს პუტინი გენერალ კუზოვლიოვს რუსეთის ფედერაციის გმირის ოქროს ვარკვლავით აჯილდოებს უკრაინული ქალაქის კუპიანსკის დაპყრობისთვის…
12 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი “სელფს” იღებს სტელას წინ, რომელსაც დიდი ასოებით აწერია „კუპიანსკი“ და გახარებული ამბობს, რომ უკრაინელმა გმირმა მებრძოლებმა შეძლეს წარმატებული კონტრშეტევების განხორციელება, მთლიანად აკონტროლებენ ქალაქ კუპიანსკს და ალყაში ჰყავთ მოქცეული ორასამდე რუსი ოკუპანტი, რომელებსაც მალევე გაანადგურებენ…
ხარკოვის ოლქის აღმოსავლეთით მდებარე ეს პატარა უკრაინული ქალაქი დიდი ხანია წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო ძალების სანატრელ ლუკმას და ის ერთხელ უკვე დაიპყრო პუტინის არმიამ 2022 წლის 27 თებერვალს ანუ უკრაინაზე თავდასხმიდან მესამე დღესვე, რაც არც იყო გასაკვირი, რადგან კუპიანსკი რუსეთის საზღვრიდან მხოლოდ 35 კმ-ში მდებარეობს.
თუმცა, იმავე წლის 10 სექტემბერს უკრაინის არმიამ კუპიანკის ჯერ დასავლეთი, ხოლო 18 სექტემბერს კი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილიც გაანთავისუფლა, ცნობილი ხარკოვის კონტრშეტევითი წარმატებული ოპერაციის დროს და რუსი ოკუპანტები ქალაქიდან აღმოსავლეთით ორმოც კმ-ში ლუგანსკის ოლქში გადადევნა.
მას შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალებს სამი წელი დასჭირდათ ამ ორმოციოდე კმ-ის სისხლისმღვრელი ბრძოლებით დასავლეთისკენ გავლა, რომ ისევ შესეოდნენ კუპიანსკის…
რატომ სურს კრემლს ასე ძალიანს კუპიანსკის ხელახლა დაპყრობა?
საქმე ის არის, რომ სწორედ კუპიანსკზე გადის რუსეთის სამხრეთიდან მომავალი სარკინიგზო ხაზი, რომლითაც რუსეთის არმიის სარდლობას სურს მოამარაგოს აღმოსავლეთ ფრონტზე მებრძოლი თავისი შენაერთები და დანაყოფები.
ამასთან, კუპიანსკის დაპყრობა ნიშნავს მდინარე ოსკოლზე სრული კონტროლის დამყარებას და დასავლეთისკენ ანუ ხარკოვისკენ შეტევის დამატებითი მიმართულების გახსნას.
სწორედ მდინარე ოსკოლი ჰყოფს შუაზე ქალაქ კუპინსკს, რაც ტაქტიკურ თავისებურებას ბადებს ამ ქალაქის დაცვა-დაპყრობა-განთავისუფლების ოპერაციებში,როგორც უკრაინის დამცველებისთვის,ისე რუსი ოკუპანტებისთვის.
უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის მიერ გადაღებული სელფი კუპინსკის დასავლეთ შესავლელთან, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინის არმიამ მეორედ შეძლო კუპიანსკის მთლიანად განთავისუფლება რუსი ოკუპანტებისგან, თუმცა არც ის დასტურდება, რომ რუსეთის არმიას ის თითქოს ბოლომდე ჰქონდა დაპყრობილი ჯერ კიდევ 20 ნოემბრისთვის, რის თაობაზეც რუსმა გენერალმა პრეზიდენტ პუტინს საზეიმოდ უპატაკა და ამისთვის საპასუხოდ გმირის ვარკვლავიც ჩამოიკიდა…
რუსი სამხედრო ბლოგერები თავისივე გენერლებს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ისინი „კრედიტში ათავისუფლებენ“ უკრაინულ ქალაქებს (ისე,კრემლის მხრიდან ცინიზმის რა დონეა, როდესაც რუსული რაკეტებითა და ბომბებით მიწასთან გასწორებული უკრაინული ქალაქების დაპყრობას, მათ „განთავისუფლებას“ უწოდებენ) ანუ ახსენებენ რუსეთის პრეზიდენტს ამა თუ იმ უკრაინული დასახლებული პუნქტის სრულ კონტროლზე მაშინ,როდესაც იქ ჯერ კიდევ ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს,რაც შემდგომ კვირები და თვეებიც კი გრძელდება…
სხვათა შორის, როდესაც შოიგუ „მოაძვრეს“ რუსეთის თავდაცვის მინისტრის პოსტიდან და ის ბეწვზე გადაურჩა დაჭერას (ისე, როგორც დააპატიმრეს მისი სამი თუ ოთხი მოადგილე), მას ისიც ბრალდებოდა, რომ შეცდომაში შეყავდა პუტინი ფრონტზე არსებული ოპერატიული საბრძოლო ვითარების „შელამაზებით“.
რუსეთის ახალმა თავდაცვის მინისტრმა ბელოუსოვმა დანიშვნისთანავე განუცხადა თავის გენერლებს-შეცდომა შეიძლება, ტყუილი არაო…
მაგრამ, როგორც ხედავთ თურმე პუტინსაც ატყუებენ და თავისივე გენერლები.
კვირის პალიტრა








