საუკუნეები გავიდა, მაგრამ რუსეთში არაფერი შეცვლილა. იქ კვლავ იმპერიული ფანტაზიებით სულდგმულობენ. ეს ფანტაზიები რომ საშიშად სიცოცხლისუნარიანია, რუსეთში ჩატარებულმა ერთ-ერთმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამაც დაადასტურა, როცა გამოკითხულთა ნახევარზე მეტი საბჭოთა (იმავე რუსეთის) იმპერიის, თუნდაც, ტრანსფორმირებული სახით აღდგენის მომხრე აღმოჩნდა. მრავალსაუკუნოვანი პროპაგანდისტული მუშაობის შედეგად მესიანური ფანტაზიები რუსეთის საზოგადოების უკვე ყველა ფენაშია ღრმად გამჯდარი. ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება ის, ინტელეგენციის თუ უბრალო “მუშა-მუჟიკი”, ყველა თვლის, რომ ახალი ტერიტორიების დაპყრობის (მათი აზრით, “ნებაყოფლობითი შემოერთების”) შედეგად მათ “მისიონერული გმირობა” ჩაიდინეს. ამიტომ პუტინის აგრესიულ პოლიტიკას რუსეთში ბევრი უჭერს მხარს.
რუსეთის პრეზიდენტი არასდროს მალავდა, რომ “სახელოვანი” კა-გე-ბეს გაზრდილია. თუმცა მის ბიოგრაფიაში არის პერიოდი (1990-1998 წლები), როცა პუტინი “დემოკრატობას” თამაშობდა. საკმარისი იყო 1998 წლის აგვისტოში პუტინი რუსეთის კონტრდაზვერვის (ანუ ეფ-ეს-ბეს) შეფად დაენიშნათ, რომ პირველსავე პრესკონფერენციაზე ამაყად განაცხადა – მე ორგანოები არასდროს დამიტოვებია, გულში ყოველთვის “ჩეკისტი” ვიყავიო.
პუტინის საქართველოსა და ქართველებისადმი დაუფარავი ცინიზმი და გულღრძოობა უკვე ათწლეულებს ითვლის… საინტერესოა, ხომ არ იყო ამის რამე პიროვნული მიზეზი? ამასთან დაკავშირებით ერთი ფაქტი გამახსენდა, რომელიც ოცი წლის წინ მოხდა. მაშინ ქართველებმა პუტინს დედა მოაგონეს.
2002 წელს, დსთ-ს ერთ-ერთ სამიტზე, რომელიც კიშინიოვში გაიმართა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს 50 წელი შეუსრულდა. ბუნებრივია, შეხვედრის მონაწილენი ამ თარიღისთვის მომზადებულნი აღმოჩნდნენ. იყო მრავალი საჩუქარი და მილოცვა. მაგრამ ამ სიჭრელეში მაინც გამოირჩეოდა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის საჩუქარი. შევარდნაძემ იუბილარს სურათი აჩუქა – ”დედის ოცნება”, რომელიც ზომებით იმდენად არ გამოირჩეოდა (სულ 80X60 სმ იყო), რამდენადაც გურული, ეშმაკური მინიშნებით.
სურათზე დახატული იყო მდინარის პირას მდგომი ქალი, პატარა ბიჭუნასთან ერთად. ახალგაზრდა ქალს ოცნებებში ჩაძირულ სახეზე შვილის დიდი მომავლის იმედი ესახებოდა.
პუტინის რუსეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნისთანავე ჩვენთან ატყდა დიდი აჟიოტაჟი: ვითომ პუტინი საქართველოში, კერძოდ კი – კასპის რაიონის სოფელ მეტეხში იყო გაზრდილი, მამინაცვალი ცუდად ექცეოდა და რომ მისი დედა, საკუთარი შვილისგან მივიწყებული, მაშინაც იქ ცხოვრობდა. ქართულ პრესაში დაიბეჭდა კიდეც სიმპათიური მოხუცი ქალის ფოტოსურათი – ჭაღარა ქალბატონის თვალებში წლების მანძილზე უნახავი შვილის დიდი სევდა, თითქოს, მართლაც იხატებოდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, რუსულმა მასმედიამ ირონიულად მიიღო ქართველების მორიგი “პროვინციული ახირება” და ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, საკმაოდ მკვახედ უარყო ეს ვერსია. საინტერესოა, ამ ფაქტის შემდეგ განვითარებული მოვლენები, კერძოდ კი, რუსეთის მიერ განხორციელებული საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მრავალი, ღია და ფარული ღონისძიება, ხომ არ იყო რუსეთის პრეზიდენტის პიროვნული პასუხი “აბეზარი” ქართველების ამ ღია მინიშნებაზე?
პუტინმა ისწავლა რუს “მუჟიკებზე” და “დერჟავნიკებზე” ზემოქმედების ტექნოლოგია. მისი პოლიტიკური და ეკონომიკური კურსი სახელმწიფო-ბიუროკრატიული კაპიტალიზმისკენაა მიმართული. მაქსიმალური სახელწიფო კონტროლი ეკონომიკაზე (სათბობ-ენერგეტიკული რესურსების მოპოვების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის პროცესზე; ჩაკეტილი საბანკო სივრცე და ეკონომიკური ბერკეტების პოლიტიკური ზეწოლის იარაღად გამოყენება, “ჯიბის სათათბირო”, მასმედიაზე ოლიგარქების კონტროლი სრული სახელმწიფო (ფაქტობრივად კი, პირადად პუტინის) კონტროლით შეიცვალა, არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვა, მაქსიმალური კონტროლი მსხვილ ბიზნესზე და ა.შ.) – ეს ყველაფერი პუტინის პრეზიდენტობის შედეგია.
თუ მის გუნდში ხარ, “აბრამოვიჩი”, მილიარდერი და გუბერნატორი ხარ, ხოლო თუ რამეში ეწინააღმდეგები ან შენში კონკურენტს დაინახავს, მაშინ “ხოდორკოვსკი”ან “ნავალნი” ხდები და თუ მოგწვდა, ციმბირი ხელში გიჭირავს ან კილერის ტყვია გეძებს ლონდონში…
რუსული დემოკრატიული საზოგადოების წარმომადგენელებიც კი “ველიკოდერჟავულ” აზროვნებას ვერ გასცდნენ. უკრაინაზე სამხედრო თავდასხმამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთში ნამდვილი დემოკრატები თითქმის არ არსებობენ, ან თუ არსებობენ, ძალზე უმნიშვნელო გავლენას ახდენენ მოვლენებზე. თუ რუსი “პატრიოტები” საბჭოთა (იმავე რუსეთის) იმპერიის აღდგენაზე ხმამაღლა ლაპარაკობენ, ე.წ. დემოკრატები იმავე აზრს გულში ინახავენ და ხელისუფლებაში მოსულნი, საქმით ცდილობენ მის აღსრულებას.
რუსეთი უკვე აღარ თამაშობს ცხვრის ქურქში გახვეული მგლის როლს. ეს მას აღარ სჭირდება. მის ქმედებებში მგლურმა ინსტიქტმა იმძლავრა და მოჩვენებითი წესიერება რაღად უნდა? მსოფლიო არენაზე ის უკვე ღიად აცხადებს –“მსურს ამ რეგიონში ჩემი სტრატეგიული ინტერესები დავაფიქსირო, მსურს ამა და ამ ქვეყანაში მყავდეს “მოკავშირე” – რეალურად მარიონეტი.
პუტინის რუსეთის ნეოკოლონიალური პოლიტიკის რეანიმირებას, სამწუხაროდ, დასავლეთმა თავიდანვე სათანადო ყურადღება არ დაუთმო. 2008 წლის “აგვისტოს ომი” არ გამოდგა გაკვეთილად მსოფლიოსთვის: მათ ვერ შექმნეს პუტინის შეჩერების სტრატეგია. ამას მოჰყვა ყირიმის ანექსია, ამჟამად კი – უკრაინაზე თავდასხმა.
ტელეეკრანიდანაც ნათლად ჩანს, რომ პუტინი-დიქტატორის ფსიქიკური მდგომარეობა ძალზე არასტაბილურია. რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის შეფს – ნარიშკინს ენის ბორძიკით წამოსცდა: სანამ ამ “რესპუბლიკების” აღიარებას ხელს მოაწერთ, იქნებ აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდეთ და მოლაპარაკებები გამართოთო, რასაც პუტინის ცინიკური შენიშვნები მოჰყვა. საოცრად დაბნეულმა და აშკარად შეშინებულმა ნარიშკინმა სულ ბოდიშები იხადა, პუტინი კი ირონიულად იღიმოდა.
უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გუშინ განაცხადა: “პუტინი თანამედროვე ჰიტლერიაო”. მართლაც, ჰიტლერსაც “1918 წელს დაჩოქებული გერმანიის” აღორძინება სურდა – შემდეგ იყო ნიურნბერგი. ყველა დიქტატორი ასე იწყებს და ასე ასრულებს: ჯერ ეძებს მიზეზებს, აღვივებს “პატრიოტულ მუხტს” და მეზობლებთან ომს აჩაღებს, ტერიტორიებს ართმევს, შემდეგ კი პასუხისმგებლობის დრო დგება.
დღეს, XXI საუკუნეში, რუსი “პოლიტიკოსების” იმპერიული აზროვნება ფსიქიატრების შესასწავლია, ხოლო პუტინის მიერ იმპერიული პოლიტიკის რეალობად ქცევა, სამხედრო ინტერვენციით, უკვე ჰააგის სამხედრო დანაშაულებათა საერთაშორისო ტრიბუნალის განხილვას ექვემდებარება. ეს კი აუცილებლად მოხდება.
წყარო: კვირის პალიტრა