გურიის მოამბე

მდიდრული სახლები, რომლებშიც მინისტრები და დეპუტატები ცხოვრობენ

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ბევრი მაღალჩინოსანი დაწინაურების პარალელურად გამდიდრდა. მაღალჩინოსნებმა შეიძინეს უძრავი ქონება, ძვირადღირებული ავტომანქანები, ძვირფასი ნივთები, მოგზაურობენ უცხოეთში და შვილებს ძვირადღირებულ სკოლებში ასწავლიან.

მათ შორის ბევრი მაღალჩინოსანი საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად ბევრად მეტს ხარჯავს, ვიდრე ერთი პენსიონერის მთელი წლის პენსიაა.

ძვირადღირებული ქონების შეძენასთან ერთად, „ოცნების“ დეპუტატები და მაღალჩინოსნები საკუთარი საცხოვრებელი სახლებისთვის ადგილს ირჩევენ მშენებლობებითა და საცობებით გადატვირთული დასახლებებისგან მოშორებით, სადაც ჰაერში მავნე ნივთიერებების მაღალი მაჩვენებელი არ ფიქსირდება.

ხშირად ირჩევენ ნაძვნარს, ფიჭვნარს, მთისა და წყალსაცავების ხედებს;

ფეშენებელურ სახლებს იშენებენ ქალაქგარეთ, გამწვანებულ ზოლში ან საერთოდაც ტყესთან ახლოს, დიდი და მდიდრული ეზოებით, დამხმარე ნაგებობებით და გასართობი სივრცით. ამ სახლების ფართობები მეტწილად 600 კვ.მეტრამდეა და კიდევ უფრო მეტი.

საცხოვრებელი სახლების სამშენებლოდ კი ისინი ირჩევენ ძვირადღირებულ, ენერგოეფექტურ მასალებს და არანაკლებ ძვირადღირებულ ავეჯს, სახლების მოსაწყობად.

ზოგიერთი მათგანის დეკლარაციაში წლიდან წლამდე ასობით ათასი ლარია მითითებული სამშენებლო-სარემონტო ხარჯებში. ხშირად ეს ხარჯები ჯამურად მილიონს და ზოგჯერ მეტსაც აღწევს – ეს ამ მაღალჩინოსნების სახლების აშენება-გარემონტების ხარჯებია.

არიან ისეთები, ვინც საჯარო სამსახურში მისვლამდე გამდიდრდა და ხელფასი, რასაც საკანონმდებლო ორგანოში იღებენ, მათთვის „ზღვაში წვეთია“, მაგრამ პოლიტიკაში მაინც მოვიდნენ. ამ კატეგორიას მეტწილად საქართველოს პარლამენტში შეხვდებით. მათგან საკანონმდებლო ინიციატივები ნაკლებად გვახსოვს.

მაშ, რისთვის მოვიდნენ ისინი პოლიტიკაში? – ბოლო წლებში საქართველოში არაერთი კვლევა გამოქვეყნდა პარლამენტიდან ბიზნესის ლობირების წარმატებულ პრაქტიკაზე – არაერთი დადასტურებული შემთხვევაა, როდესაც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ბიზნესმენი კიდევ უფრო გამდიდრდა.

  • „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის სახლები

„ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა ირაკლი კირცხალიას მას შემდეგ ჩააბარეს, რაც მამუკა მდინარაძე პარლამენტიდან სუს-ში გადავიდა.

დეპუტატი ქონებრივ დეკლარაციაში წერს, რომ თბილისში, ჯაფარიძის ქუჩაზე სახლი აჩუქეს. მისივე ინფორმაციით, ნაჩუქარი სახლი მოიცავს 2 საცხოვრებელ ფართობს, ჯამში 95,2 კვ.მეტრს და ტექნიკურ სათავსოს – 37,6 კვ.მეტრს.

ზუსტად იმავე მისამართზე, იმავე შენობაში, ირაკლი კირცხალიას კიდევ შეუსყიდია რამდენიმე ქონება – საერთო ჯამში აქ დეპუტატი 588.12 კვ მეტრამდე ფართობს ფლობს, მათ შორის ღია ტერასას: შემაღლებაზე ახალაშენებული კორპუსი აერთიანებს ბინებს ქალაქის ხედით და ღია ტერასებით. ამ ქონებაში ირაკლი კირცხალიას 700 000-ზე მეტი ლარი აქვს გადახდილი.

ამ სახლთან ახლოს, დეპუტატს სხვა საცხოვრებელი სახლიც აქვს – დეკლარაციაში მიწის ნაკვეთის შესახებ მიუთითა და იქვე ჩაწერა, რომ ამ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობაც დგას, რომლის საერთო ფართობი 524.1 კვ.მეტრია. დეპუტატი აქვე ფლობს კიდევ ერთ შენობა-ნაგებობას, რომლის საერთო ფართობი 427.9 კვ.მეტრია, ეს ქონებაც უჩუქებიათ.

დეპუტატს საჩუქრად მიუღია ასევე მიწის ნაკვეთები მცხეთაში, სოფელ ქსოვრისში. 2021 წელს კირცხალიას 6 მიწის ნაკვეთი – ჯამში 4 ჰექტარზე მეტი აჩუქეს. ერთ-ერთ მიწის ნაკვეთზე რვა შენობა დგას, საერთო ჯამში 1000 კვ.მეტრზე მეტია, მათ შორის არის საცხოვრებელი და დამხმარე ფართობები.

  • 112-ის დირექტორის სახლი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის დირექტორი გიორგი არსოშვილი, ქონებრივ დეკლარაციაში წერს, რომ 2021 წელს მემკვიდრეობით მიიღო მიწის ნაკვეთი თბილისში, რუსუდან მიქელაძის ქუჩაზე. მან თანამესაკუთრედ მარინა ჯაყელი მიუთითა.

ის დეკლარაციაში ასევე უთითებს, რომ ამ მიწის ნაკვეთზე შენობა დგას, რომლის ფართობიც 700 კვ.მეტრზე მეტია.

2020-2021 წლებში ამ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით [მაშინ დოესის ქუჩა ერქვა] არსოშვილი წერდა, რომ მემკვიდრეობით მიღებულ მიწის ნაკვეთზე იყო 521 კვ.მეტრი სახლი.

„ბათუმელებმა“ მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც ირკვევა, რომ არსოშვილმა 2020 წელს ამ ნაკვეთზე სახლის რეკონსტრუქციის ნებართვა მიიღო. რეკონსტრუქციის პროექტი ითვალისწინებდა შენობის მოცულობის გაზრდას, ფასადის მაღალი ხარისხით ლესვა-ღებვას, ე.წ. შინგლით გადახურვას, ლითონის მოაჯირისა და ალუმინის ვიტრაჟის მოწყობას.

საჯარო რეესტრის 2021 წლის ამონაწერის მიხედვით, შენობა 771.4 კვ.მეტრია, რომელიც მოიცავს საცხოვრებელ ფართობს – 545 კვ.მეტრი, საზაფხულო ფართობს – 99 კვ.მეტრი, სარდაფს – 28 კვ.მეტრი, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი – 16 კვ.მეტრი, დამხმარე ფართობი – 10 კვ.მეტრი, ავტოსადგომის ფართობი – 72 კვ.მეტრი.

არც ერთ დეკლარაციაში არსოშვილმა არ მიუთითა, რამდენი ლარი დახარჯა სახლის რეკონსტრუქციაზე.

  • პარლამენტარ შოთა ბერეკაშვილის სახლი

პარლამენტარი შოთა ბერეკაშვილი მათ შორისაა, ვინც პარლამენტში ბიზნესიდან მივიდა.

მისივე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ბერეკაშვილის მეუღლე, მაკა კვიციანი თბილისში, ხახულის ქუჩის N2-ში ფლობს 1196 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს, რაშიც მას 300 000 დოლარი გადაუხდია 2019 წელს. ამ ნაკვეთის გვერდით მაკა კვიციანი კიდევ ერთ მიწის ნაკვეთს ფლობს, რომელიც 2016 წელს არის შეძენილი, აქვეა ფეშენებელური სახლი.

შოთა ბერეკაშვილმა დეკლარაციაში მიუთითა, რომ ეს ქონება 900 000 დოლარად შეისყიდა 2o16 წელს.

ამ სახლზე დაიბეჭდა ჟურნალებში, რომლებიც თანამედროვე ინტერიერის ტენდენციებით ინტერესდებიან.

ფოტო: home is. დეპუტატის მეუღლის, მაკა კვიციანის სახლი

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ სახლის საერთო ფართობი 708.8 კვ.მეტრია, მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 168 კვ.მეტრია, დამხმარე ფართობი – 120.8 კვ.მეტრი, სარდაფი – 235.9 კვ.მეტრი, საზაფხულო ფართობი – 135.4 კვ.მ, ავტოსადგომი კი – 48.6 კვ.მეტრი. სახლს ჯერ კიდევ მშენებარეს სტატუსი აქვს.

ფოტო: home is. მაკა კვიციანის სახლის ინტერიერი

  • დავით ნარმანიას სახლი

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის [სემეკი] თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ თბილისის პრესტიჟულ უბანში ფეშენებელური სახლის მშენებლობა დაასრულა. ოფიციალური დეკლარირებული ინფორმაციით, დავით ნარმანიას ამ სახლზე დახარჯული აქვს მინიმუმ 1.1 მილიონზე მეტი ლარი, ამაში შედის სამშენებლოდ შესყიდული მიწის ნაკვეთის ფასი, რაშიც 180 000 დოლარი გადაუხდია.

დავით ნარმანიას სახლის რენდერი

  • ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მშენებარე სახლები

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ოჯახმა თბილისის პრესტიჟულ უბანში, ვაკეში ფეშენებელური სახლის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო, მაშინ თურნავა  ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, შემდეგ მინისტრი გახდა.

2025 წელს შევსებულ დეკლარაციაში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთი, 380 კვ.მეტრი სამშენებლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მეუღლემ 2015 წელს 100 000 დოლარად შეისყიდა. 2020 წელს დავით ვეშაპიძეს აქ კიდევ 207 კვ.მეტრი ფართობი და ძველი შენობები შეუსყიდია 75 000 დოლარად.

გასულ წელს ამ ნაკვეთთან ერთ კოდზე გააერთიანეს კიდევ 2 მცირე ზომის მიწის ნაკვეთი, რომელიც თურნავას მეუღლეს 2024 წელს თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ელექტრონულ აუქციონზე შეუსყიდია 18 582 ლარად.

2019 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, სახლის მშენებლობისთვის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მეუღლემ 239 746 ლარი დახარჯა. იდენტური თანხაა მითითებული 2021-2023 წლებში შევსებულ დეკლარაციებშიც, როგორც დაუმთავრებელი მშენებლობის ხარჯი. ამ დროს შენობა შავი კარკასის მდგომარეობაშია.

2024 წლის დეკლარაციაში ნათია თურნავამ დაუმთავრებელი მშენებლობის ხარჯის სახით 350 000 ლარი მიუთითა, რაც დიდი ალბათობით იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მშენებლობა გააგრძელეს. ამავე დეკლარაციაში ის კიდევ ერთ სამშენებლო ხარჯზე წერს – საჩხერეში, სოფელ საირხეში, სახლის დაუმთავრებელი მშენებლობისთვის მის მეუღლეს 92 000 ლარი დაუხარჯავს.

2023 წლის დეკლარაციაში ნათია თურნავამ მშენებლობის ხარჯის სახით 239 746 ლარი მიუთითა და დააკონკრეტა, რომ ეს არის დაუმთავრებელი მშენებლობის ხარჯი. 2025 წელს შევსებულ დეკლარაციაში თურნავა ასევე წერს, რომ მან და მეუღლემ, დავით ვეშაპიძემ სარემონტო ხარჯის სახით 262 000 ლარი დახარჯეს.

დოკუმენტების მიხედვით, რომელიც ნათია თურნავას მეუღლის, დავით ვეშაპიძის სახელზეა გაცემული, მშენებარე საცხოვრებელ სახლს აქვს დიდი ღია ტერასა, საზაფხულო ფართობი, მცირე ზომის აუზი ეზოში და ასე შემდეგ. პროექტის მიხედვით, სახლის საერთო ფართობი დამხმარე ნაგებობებით 561,8 კვადრატული მეტრია. აქედან 462 კვადრატული მეტრი უშუალოდ საცხოვრებელი ფართობია.

ამ პროექტისთვის მინისტრის მეუღლემ დადგენილი კ2 კოეფიციენტის გაზრდა ითხოვა და თანხმობაც მიიღო.

მშენებარე სახლის რენდერი

ნათია თურნავას დეკლარაციაში კიდევ ორი მშენებარე სახლის შესახებ წერია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დეკლარაციაში ჩაწერა, რომ 2024 წელს, 200 კვ.მეტრამდე სახლი იყიდა ბაკურიანში 123 710 ლარად. სახლზე მიმაგრებულია 600 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთი და ნათია თურნავა ამ ქონებას იყოფს შვილთან – ირაკლი ვეშაპიძესთან.

სახლი ბაკურიანში

დეკლარაციაში ჩანაწერი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს უკვე აშენებული სახლი შეისყიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. თუმცა დოკუმენტებით დგინდება, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას სახლის მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად ირაკლი ვეშაპიძემ მიმართა, პროექტის საინფორმაციო ბანერზე კი დამკვეთად ნათია თურნავაა მითითებული.

პროექტის მიხედვით, სახლი ორსართულიანია – მიწისზედა ერთი სართული და მანსარდა.

როგორც დეკლარაციაშია მითითებული, კიდევ ერთ სახლს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მისი მეუღლე სოფელ არაშენდაში აშენებენ.

  • მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის სახლი

თავისი მასშტაბით, დიზაინითა და მდებარეობით, შეიძლება ითქვას, რომ მოსამართლე გიორგი მიქაუტაძისა და მისი მეუღლის სახლი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია, რასაც მიწის ნაკვეთის დამრეცი ფორმაც უწყობს ხელს. ტერასული სახლი დიდი ვიტრაჟებით, საცურაო აუზით და გამწვანებული ეზოთი მოსამართლეს თბილისთან ახლოს, ნეგოს ტყის ქუჩაზე აუშენებია.

2500 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი სამშენებლოდ მოსამართლეს 2020 წელს შეუსყიდია 90 000 დოლარად. მან ასევე დეკლარაციაში მიუთითა, რომ აქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც მოსამართლე ბოლო სამი წლის დეკლარაციაში წერს, ამ სახლის მშენებლობისთვის 765 000 ლარი დახარჯა. ამას მიწის ნაკვეთის შესაძენად გადახდილ თანხასაც თუ დავუმატებთ, მილიონზე მეტი ლარი გამოვა.

დაასრულა თუ არა მოსამართლემ სახლის რემონტი საბოლოოდ, უცნობია.

სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით, პროექტი ითვალისწინებდა ალუმინის ვიტრაჟების მოწყობას, ფასადი ხის პანელებითა და ბეკონის ეფექტის ფილებით შეფუთვას, სამშენებლო მასალები კი ენერგოეფექტური უნდა ყოფილიყო.

მოსამართლე მიქაუტაძის სახლის რენდერი

მოსამართლე მიქაუტაძის სახლის რენდერი

  • შს მინისტრის სახლი

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით,  შს ახალი მინისტრის ოჯახის საკუთრებაშია ორი საცხოვრებელი სახლი, ჯამში 700 კვ.მეტრზე მეტი; 4 მიწის ნაკვეთი; 5 ბინა; 2 კომერციული ფართობი და სამი ავტოფარეხი.

სოლიდურია გეკა გელაძის ყოველწლიური დანახარჯებიც, თუმცა ბევრად სოლიდური უნდა იყოს სამშენებლო ხარჯები, რაზეც გეკა გელაძე დეკლარაციებში არ უთითებს.

2024 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, გეკა გელაძის მეუღლემ 2017 წელს იყიდა მიწის ნაკვეთი კოჯორში, რომელშიც 11 000 ლარი გადაიხადა. ფართობი მითითებული არ არის, თუმცა ამ ნაკვეთთან დაკავშირებით გეკა გელაძე დეკლარაციაში შენიშვნის სახით უთითებს, რომ აქ 2 ნაკვეთი შეისყიდეს 2012 წელს და სახლის მშენებლობის შემდეგ გააერთიანეს. მინისტრმა დეკლარაციაში მიუთითა ასევე შენობის მასშტაბზე, თუმცა მშენებლობის ხარჯებზე არაფერი ჩაწერა.

დეკლარაციის მიხედვით, ამ სახლის საერთო ფართობია 403.3 კვ.მეტრი. მათ შორის, საცხოვრებელი ფართობი 195.7 კვ.მეტრია, საზაფხულო ფართობი – 93.1 კვ.მეტრი, სარდაფი – 72 კვ.მეტრი; კიბის უჯრედი და სადარბაზოს – 13.5 კვ.მეტრი; მიწის ნაკვეთი 817 კვ.მეტრია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights