გურიის მოამბე

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: „ძალის თამაში

ერთი ნაბიჯიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი არაერთი ილუზია ერთბაშად ჩამოშლილიყო.

ტრამპმა უბრალოდ გააკეთა ის, რასაც სხვები, სხვადასხვა ფორმით გამოხატულ  სიტყვიერ მუქარებში აჟღერებდნენ. და რაც მთავარია – ამ ნაბიჯით ყველას კიდევ ერთხელ შეახსენა ის, რაც თითქოს გვავიწყდებოდა: მსოფლიო პოლიტიკაში საბოლოო სიტყვა მაინც მოქმედებას ეკუთვნის და არა არგუმენტს.

ამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არ არის, რომ საერთაშორისო სამართალი კვლავ დისკუსიის საგნად იქცა. მთავარი კითხვა სხვაა – ვინ აღმოჩნდა მზად ,,ძალის თამაშისთვის” და ვინ დარჩა მხოლოდ კომენტარის, ან საერთოდ დუმილის რეჟიმში.

ვინც ტრამპს აქამდე ტაშს უკრავდა, ფიქრობდა, რომ მის მეორედ მოსვლასთან ერთად დგებოდა მომენტი, როცა „წესებს მიღმა თამაში მათაც ლეგიტიმურად შეეძლებოდათ“.

მაგრამ მალევე გაირკვა, რომ ისინი სინამდვილეში ძალიან ვიწრო წრესაც კი არ წარმოადგენენ. ეს რაც შეეხებათ ძველი წესრიგის ამრევ რევიზიონისტებს და მათ ჩვენებურ გულშემატკივრებს..

აქ ჩნდება უხერხული სიჩუმე იმ მხარეს, ვინც წლების განმავლობაში რუსეთს, ჩინეთსა და ირანს „ახალ, ძლიერ სამყაროდ“ გვიხატავდა. აღმოჩნდა, რომ ეს სიძლიერე კარგად მუშაობს სტუდიებში, ეთერებში და ხმაურიან განცხადებებში, თუნდაც საკუთარი ხალხის ან მეზობლების ჩაგვრაში – მაგრამ ქრება იქ, სადაც გლობალურ დონეზე, დიდ ,,ძალის თამაშში” რეალური გადაწყვეტილება, რეალური რესურსები, რეალური მოქმედება და რეალური შედეგებია საჭირო.

მართლა ჩვენიანებს კი რაც შეეხებათ – წლების განმავლობაში ძველი წესრიგით მოსარგებლეთა ცივილიზებული ნაწილი  დეკადების განმავლობაში კომფორტულ სამყაროში ცხოვრობდა. სამყაროში, სადაც წესები არსებობდა, ან გვჯეროდა, რომ არსებობდა. მაშინაც კი როცა მისი რევიზიის პირველი ნიშნები გამოჩნდა და ეს მოხდა 2008 წელს საქართველოში, ეს მათთვის კომფორტული ილუზია იყო: როცა ვერ მოქმედებ, შეგიძლია წესებზე ილაპარაკო; როცა ძალა არ გაქვს, მორალს აფარებ თავს.

ეს მოდელი პასუხისმგებლობას ამსუბუქებდა.

ახლა კი ეს მოდელი დაიმსხვრა, გაქრა, აორთქლდა.

რა თქმა უნდა ახლა უფრო მეტად მაინც რევიზიონისტები შეწუხდნენ: საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული წესრიგი ამერიკის დომინაციით არ უნდოდათ, ახლა იღებენ ახალ წესრიგს, კვლავ აშკარად ამერიკის დომინაციით, ოღონდ ჯერ მართლა არავინ იცის თუ რა წესებზე დაფუძნებულს. მათთვის სასარგებლოზე რომ არა ეს ახალი წლის შემდეგ ძალიან მკაფიოდ და ეფექტურად ჩანს.

საერთაშორისო სამართალს ყველაზე ხმამაღლა მაშინ იხსენებენ, როცა ხვდებიან – ამ „ძალის თამაშში“ წესებს ისინი აღარ წერენ.

მანამდე ეს წესები მხოლოდ სხვებისთვის იყო სავალდებულო.

მანამდე ყველაფერი ,,წესრიგში” იყო.

დღეს კი აღმოჩნდა, რომ პრობლემა არ არის თავად წესების დარღვევა.

პრობლემა ის არის, ვინ გაბედა მათი დარღვევა…

და ვინ ვერა.

ეს არის სამყარო, სადაც სიტყვა სულ უფრო იაფდება,

ხოლო გადაწყვეტილებას და მოქმედებას სულ უფრო დიდი ფასი ედება.

საქართველოსთვის ეს ყველაფერი აბსტრაქცია არ არის. ასეთ სამყაროში პატარა ქვეყნები თეორიებით, მითუმეტეს ძველი სამყაროს და წესრიგის თეორიებით ვერ იცხოვრებენ. ან გყავს ძლიერი პარტნიორი, რომელსაც აქვს ძალა, შეუძლია და მზად არის იმოქმედოს – ან უბრალოდ ელოდები, ვის როდის მოუნდება შენი ბედის გადაწყვეტა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights