გურიის მოამბე

,,ადამიანის უფლებების კრიზისული მდგომარეობა ახალ ნიშნულზე გადავიდა” – საია ტროტუარზე დგომის გამო პატიმრობაზე

,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (საია) ტროტუარზე დგომის გამო ადამიანები დაპატიმრებას ეხმიანება და წერს, რომ 2026 წლის 23 იანვარს, ადამიანის უფლებების კრიზისული მდგომარეობა ახალ ნიშნულზე გადავიდა, როდესაც საქართველოს მოქალაქეები საფეხმავლო გზაზე პროტესტის გამო სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო. აღნიშნული, შეკრების თავისუფლებას იმთავითვე შეზღუდულ უფლებად აქცევს, შინაარსს აცლის მის ფუნდამენტს და არის ცალსახად ანტიკონსტიტუციური.

ორგანიზაცია წერს, რომ საია ამ საქმეებში იცავს დიმიტრი ჯამბურიას ინტერესებს. მის წინააღმდეგ არსებულ დადგენილებაში სასამართლო ფორმალურად ციტირებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, თუმცა, ევროსასამართლოს სტანდარტების ჭეშმარიტი მოხმობა სასამართლოს საშუალებას არ მისცემდა, მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ეცნო მაშინ, როდესაც ისინი ტროტუარზე პროტესტის გამოხატვის მიზნით იმყოფებოდნენ.

ამასთან, საია აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის შუამდგომლობა, სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებით მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

საია-ს განცხადებით, ასეთმა პრეცედენტებმა შეუქცევადად შეიძლება დააზიანოს, არამხოლოდ, ინდივიდუალური უფლებები, არამედ დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური საყრდენები.

დღეს, 2026 წლის 23 იანვარს, ადამიანის უფლებების კრიზისული მდგომარეობა ახალ ნიშნულზე გადავიდა, როდესაც საქართველოს მოქალაქეები (დიმიტრი ჯამბურია, მიხეილ ზაქარეიშვილი, სანდრო მეგრელიშვილი, ნათია ჭავჭანიძე, ნუკრი კაკულია, ლუკა ნაგლიაშვილი, ანი ახმეტელი) საფეხმავლო გზაზე (ტროტუარზე) პროტესტის გამო სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, შეკრების თავისუფლებას იმთავითვე შეზღუდულ უფლებად აქცევს, შინაარსს აცლის მის ფუნდამენტს და არის ცალსახად ანტიკონსტიტუციური. 

შეკრების თავისუფლება, როგორც აზრის გავრცელების საშუალება, დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია. მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამეტური შესაძლებლობაა, ინდივიდებმა, მიუხედავად მათი სტატუსისა, გამოხატონ შეხედულებები და პროტესტი სხვადასხვა საკითხის მიმართ, გააკრიტიკონ, წარადგინონ ალტერნატიული მოსაზრებები. შეკრებების დროს არსებითად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი და სხვა სივრცეების ლეგიტიმური გამოყენება, და, რადგან ამას შეიძლება, თავისი ბუნებით, ჩვეულებრივი ცხოვრების რითმის გარკვეული დონის შეფერხება მოჰყვეს, ნებისმიერი შეზღუდვის დაწესება ინტერესთა ბალანსის მკაცრ ტესტს უნდა გადიოდეს. 

საია ამ საქმეებში იცავს დიმიტრი ჯამბურიას ინტერესებს. მის წინააღმდეგ არსებულ დადგენილებაში სასამართლო ფორმალურად ციტირებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, თუმცა, ნაცვლად მათში მოცემული მსჯელობების საქმესთან მისადაგებისა, შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი სტანდარტების საქმისგან აბსტრაჰირებული მითითებით. ევროსასამართლოს სტანდარტების ჭეშმარიტი მოხმობა თბილისის საქალაქო სასამართლოს საშუალებას არ მისცემდა, საქართველოს მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ეცნო მაშინ, როდესაც ისინი ტროტუარზე იმყოფებოდნენ პროტესტის გამოხატვის მიზნით. 

ამასთან, საიას შუამდგომლობა, სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებით გადაეგზავნა საქმე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ეს ნიშნავს იმას, რომ “ტროტუარზე დგომისთვის” ადამიანების სამართალდამრღვევად ცნობის საქმის განხილვისას სასამართლოს არ გაუჩნდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ნორმატიული აქტი, რომელიც სასამართლოს ამ საქმის გადაწყვეტისას უნდა გამოიყენებინა, შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო კონსტიტუციის შეუსაბამოდ. როგორც წესი, კონსტიტუციური წარდგინების არსებობისას, საკონსტიტუციო სასამართლო საერთო სასამართლოს წარდგინების საფუძველზე იხილავს იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის საკითხს, რომელიც კონკრეტული საქმის განხილვისას უნდა გამოიყენოს საერთო სასამართლომ. სასამართლოში საქმის განხილვა განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ. ამ მექანიზმის გამოყენება, დამატებით შესაძლებლობას მისცემდა საერთო სასამართლოებს სამართლის უზენაესობის კონსტიტუციური პრინციპის აღსრულებისთვის. 

ასევე, არ დააკმაყოფილა სხვადასხვა შუამდგომლობები, მტკიცებულებების გამოთხოვაზე / დართვაზე, მოპოვებული კამერების ჩანაწერების კანონიერების შესწავლაზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights