,,სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანადამფუძნებელი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, იურისტი თამთა მიქელაძე ფეისბუქზე ეხმიანება „ოცნების“ მიერ დაანონსებულ მორიგ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს. იგი წერს, რომ ამ ცვლილებებით „ოცნების“ მთავარი მიზანია საქართველოს დატოვება აიძულოს საზოგადოების დიდ ნაწილს.
„ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ გაცხადებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უცხოეთთან ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობას მთავრობის კონტროლს უქვემდებარებს და ძალიან მაღალ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს, საზოგადოებაზე (და უკვე არა ინსტიტუციებზე და სექტორებზე, რომელიც წინა წლის რეპრესიულმა კანონებმა პრაქტიკულად ისედაც გაანადგურა) სრული კონტროლის მოპოვებისა და პოლიტიკური თავისუფლებების უპრეცედენტო შეზღუდვის ინტერესთან ერთად, ატარებს ფარულ გენერალურ მიზანს – ეს საზოგადოების კრიტიკული მასის მიგრაციაა.
სტუდენტები, მკვლევრები, არტისტები, ექსპერტები, უფლებადამცველები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, ლექტორები, პროფესორები, ექიმები, მეცნიერები და სხვები, ვინც უცხოეთიდან დაფინანსებულ პროექტებში არიან ჩართულები და საჯაროობაზე გავლენის მოხდენას მოინდომებენ პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ან მთავრობის სრულ კონტროლის ქვეშ მუშაობას უნდა დათანხმდნენ, ან ციხეში წავიდნენ 6 და ზოგჯერ 9-12 წლით.
ანუ საზოგადოების ის კრიტიკული მასა, რომელიც “ქართული ოცნების” გავლენებისგან და ბიზნეს ინტერესებისგან ავტონომიური რჩება ამ დრომდე და ბედავს საჯარო ინტერესებისთვის მუშაობას უბრალოდ განადგურდება ეკონომიკური და საბოლოოდ პოლიტიკური გაგებით.
ამ კლასს დარჩება ერთადერთი არჩევანი – ან მათი როგორც მოქალაქის სიკვდილი და ცხოვრების სრული პრივატიზაცია, ან მიგრაცია.
ინსტიტუციური აქტორები ხომ გაანადგურეს, ახლა უნდა კრიტიკული მასებისგან პოლიტიკური სხეულის გაწმენდა დაიწყეს იმისთვის, რომ სრული ჰეგემონიის დამყარება შეძლონ საზოგადოებაზე.
ეს მომავლის მკვლელობაა პირდაპირი გაგებით.
თუ ეს პროცესი არ გაჩერდა, 5 წელში ჩვენს ქვეყანას ვეღარ ვიცნობთ, მერწმუნეთ!
და მერე იქნება ძალიან გვიან… და მათ შორის იმათთვისაც ვინც დაიჯერა, ვინც შეშინდა, ვინც დახარბდა, ვინც დაიკიდა, ვინც დაბოლდა. ყველასთვის!“ – წერს თამთა მიქელაძე.
დღეს, 28 იანვარს, „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები დააანონსა.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით ცვლილება შედის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში, კერძოდ:
ზუსტდება გრანტების განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი, ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით, ან განზრახვით განხორციელებულ, ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო, ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ, ან შეცვლისკენ, აგრეთვე, ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური, ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან, ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება” – წერს მიქელაძე.








