“საშველი რაია თალიკო ბებია, რაფერ ფიქრობთ? -მაი რა ვიცი ნენა მე, ან ვინ მეკითხება?”

მაინძელო, მაინძელო..
მობძანდი, რომელი ხარ? მობძანდი..
გამარჯობა თალიკო ბებია.
თვალებზე მარჯვენა ხელს იჩრდილავს, თხილის ჯოხს იბჯენს და მათვალიერებს..
შენ ზურიკი ხარ ხომ კი? რაფერ შორიდან იძახი მობძანდი ნენა, შინ მობძანდი.
პარმაღში შემიძღვა, ჩემთვის სელის სკამი გამოდგა, თითონ ჯერკოზე ჩამოჯდა.
რამ შეგაწუხა, ხომაა მშვიდობა? მკითხა მორიდებულად.
კი თალიკო ბებია, თქვენი ნახვა და თქვნთან დალაპარაკება რა ხანია მინდა, როვა ბძანდები?
ბძანება საღათაა ნენა, მოვხუცდი, ნამეტანი მოვხუცდი, ოთხმოცდაათს რეთი ხანია გავსთი, რამე თუ მომეროდა არ მეგონა, მარა აააა..
მშვენივრად გამოიყურებით..
ისე დამშვენდა შენი მტერი და დამაწყევარი, არანდარა გამარტებამდე მართლა მშვენივრათ ვიყაი, რეთ საქმეს ვათენებდი კაცმა არ იცის..
ამ ეზოს არ ეტყობა, რომ არ შეგიძლიათ..
კი , კი თქლათ ასეც არა საქმე, მაგდენს კი ვახერხებ ჯერემ, ტყულა რა დამაჯენს აბა?, უკან, ბახჩაც დარგული და დათესილი მაქ სუნელი, ყველაფერი, გიჩვენებ თუ მოგინდება.. შარშან შემოდგომაზე გადავკაფე თუ რამე დაფნის ხეი და ბუჩქი იდგა, გატიალდა აქოურობა, დადგა უშველებელი მთაი, გეიმსო ყორიფელი, იბარებენ, მეიკითხეს, წეიღეს, ვინცხას ეგონა ავშენდი, მარა აფერი.. გლეხის ნაშრომს არცაროის არ ქონია ფასი და ახლაც ასეა.
თქვენ საიდან ბრძანდებით ამ ოჯახში გამოთხოვილი თალიკო ბებია?
უჰჰ როის იყო მაი, ჭაჭიეთელი ვარ მახარაძის ქალი. აქანე, ნინიძნებში დიდი, გამართული ოჯახი დამხთა, დედამთილი, მამათილი, ბაღანა ვიყავი, თქლათ ბაღანა. ოთხთვალი, ყავრით დახურული წაბლის ოდა ედგენ და ისლით დახურული ქუხნა, მე რომ მევედი. ქორწილამდე დომებიენ ოდის კრამიტით დახურვა, ვერ მუუსწრიენ. იმ შემოდგომას ურმის ნადი ქნა ჩემმა მამათილმა და ერთ გამოტანაზე გამოზიდეს აცანიდან სახლის კრამიტი კაცებმა. ურმებზე გვიმბრა გუუფინეს და ისე გამოზიდენ. ახლაც აგდია საცხა, დამღიანი კრამიტის ნატეხა, ჩხაიძნები ზელდენ და წვავდენ მაშინ აცანაში კრამიტს. რომ დავახურეთ ბზინავდა ქლათ, გვიხაროდა. აგერ უფრო აქით, ჩემი დედამთილმამათილი რომ აღარ იყვენ, გვიან მე და გივიმ მერე დავდგით აი ორსართულიანი სახლი.
-ძალიან ნაშრომი ბრძანდებით, ეს მეც კი ვიცი.
არ იკითხო , მაი ამბავი, არ იკითხო. ახლა ახალგაზდებს, რომ ვუყურეფ აღარცაა იმფერი შეძლება და ძალა მაშინ, რომ იყო, ვერცეთი იმის ნახევარს ვერ იზამს ჩვენ რომ ვშობოდით. ჩაის კრეფა კრეფად და გოდრით ზიდვა მთლად წელში გვწყვეტდა, ვშრომობდით რომელია, ძალიანი ვშრომობდით, ჩემი გივი ბრიგადირი იყო, ყველას უყვარდა, ახალგაზდები ვიყავით, ვაშენებდით, ოჯახს უძღობოდით, გვიხაროდა.
-თქვენ საუკეთესო შვილები, შვილიშვილები გაზარდეთ..
-მაგაზე სხვამა თქუას, მე მუუსმენ და გევიხარებ თუა მასე. გლახა ნამდვილათ არ არიენ, ვერიკაცი ვერ იტყვის გლახას ვერცერთზე..
-თალიკო ბებია, თქვენ ბებიაჩემი ხმით იტირეთ, კარგად მახსოვს, თოვდა იმ დღეს, ბარდნიდა, ფეხით მობრძანდით ჩვენსას მეზობლის ქალებთან ერთად, თავშალი გეხურათ, მთლად გათეთრებული მოდიოდით და ტიროდით, დაო, მერიკო, დაო, დაო.. კარგად მახსოვს. გრიშა ქუთათელაძე, რომ იტირეთ ხმით იგიც მახსოვს, გივი ბაბუასთან მეგობრობდა თვარ ვცთები.
-ვიტირებდი აბა რას ვიზამდი ნენა, შენ იმფერი ბებიე გყავდა თუ კი შემეძლო ვიტირებდი აბა რას ვიზამდი? კაის იყვენ, ყორიფელობამდე კაის, ერთად მოვხუცდით, ეთად ვიცხოვრეთ, ვიშრომეთ. გრიშას ეთერი და მეც კარქათ ვიყავით ერთმანეთთან, არცეთი აღარაა, ჩემი ხნის იმ დროის აგერ ეგერ დარჩა, ჩემ კუთხეში გუგულია აგერ დარჩენილი მარტვა ასათიანი, ციცანე ვაშალომიძე და გათავდა მაგით.
სირცხვილი იყო კაცის, გინდა ქალის შუცხადებლობა, უნგლოვლობა აბა ახლა ბებია ისე მოკტება, ისე დამარხავენ , როის, როის იტყვის ვინცხა მოკტაო, აგია საქმე? ლობიეს საჭმელათ არ შერცხვებიენ ისე, შეხტებიენ და ოზურგეთში მიივლიენ ავტობუსით. გამკეთებელიც აღარაა არიკაცი. კაცი რომ მოკტებოდა ვებძგოოდით ზეთ, ყორიფელ საქმეს გადავდობდით, ვინ მეიხედავდა უკან, ისე სხვაი ჩვენსას და ასე. ახლა სხვაფერაა, ყველაფერი რაცხა სხვაფერ, მისდა მისდა.
-თქვენ დარდობთ ამაზე?
-ვდარდობ რომელია ზურიკო?
მე აფერი არ მომაკტება და არც მომემატება ტირილით და არც უტირლობით როცხა იქნება, მარა წესი იყო ასე და არ იყო გლახა, ერთიმეორეზა ვცხოვრობით, ერთად ვიყავით, ერთად ვწუხდით და ერთად გვიხაროდა. ყველაფერს ვასწრებდით, შრომასაც, დარდსაც, სიხარულსაც ყველაფერს მისი ადგილი და წესი ქონდა, ჩემს ოჯახში მოსლას აფერი არ ჯობდა, სულ სტუმარი მყავდა, ისე ვშლიდი ჯარი სულის პურმარილს წარბსაც არ შევიხრიდი. არ გავსტირნებდი იმ დროს რომ ვხედავდე ახლა ჯობია, არ ვარ მე იი ქალი იცი შენ, მარა სხვაფერ მგონია საქმე და ამას ვჩივი.
-საშველი რაია თალიკო ბებია, რაფერ ფიქრობთ?
-მაი რა ვიცი ნენა მე, ან ვინ მეკითხება?
ერთი ვიცი მარტუა და გეტყვი აგერ შენ, სიყვარული, სიყვარულია უფრო მეტი საჭირო, შემოგვაკლდა მგონია.
ერთიმიორის სიყვარული, ებიჯო თბილათ გამოლაპარაკებას, თბილის და ტკბილის თქმასაც ფული ხომ არ ჭირია? ამოთქვი დალოცვილო, თბილი ამოთქვი, რუმ წაპილწეს ქვეყანა..
-წავალ აწი მე, აღარ დაგღლით..
-როვა გეკადრება, ასე გაგიშობ გგონია?
შინ მობძანდი, მობძანდი..
ფიჭიანი თაფლი, აკაცისაა, მაისის ბოლოს ვხილეო..
ჩირი კარალიკისაა, მე გავთალე, ნამეტანი გლახა ამინდები დიესრო, მარა მაინც გავაშრეო, ნახე გადიღე დამტკბარიაო.
კამპოტი მირთვი, ფეიხოა და კაია ჩივიენ, მე დასანახათ არ მინდაო. თხილი გატეხე, შველისყურაა, ნამეტანი კაიაო. ხაჭაპურსაც გამუაცხობ პაწას თუ მასთი და არ ამაჩქარეფო და მისთანები ბევრი..
გამომატანა სიყვარული, სიხარული, იმედი ბევრი, ბევრი..
იცოცხლე თალიკო ბებია, დიდხანს იცოცხლე!!!!
თალიკო მახარაძე ნინიძის. ასკანა 2021 მაისი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share