,,ამ საქმეში ყველას გაუჩნდა შედარების ასოციაცია „მზია ამაღლობელის საქმესთან“: მზია ამაღლობელის სილა და დავით შარაშიძის მუშტები. ეს არის ერთმანეთთან შეუდარებელი ძალადობა და შედეგები, რომელიც ამ ორ ქმედებას მოჰყვა,“ – ადვოკატი ლია მუხაშავრია გვიყვება, რომ ჩოხატაურის საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარის დაპატიმრების ამბავი აქტიური მედიაგაშუქების და საზოგადოების რეაქციის შედეგია.
ლია მუხაშავრია ოზურგეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ,,ბათუმელებს” ესაუბრა. პოლიციელი ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძემ ორ პირთან ერთად სცემა. პროკურატურა ამბობს, რომ დაპირისპირების საგანი „ქურდული სამყაროს პატივისცემა“ იყო.
„თუკი დავით შარაშიძე არ დაისჯება ისე, როგორც მას ეკადრება – კანონის მთელი სიმკაცრით, მაშინ ჩვენ, მთელ საზოგადოებას, შეგვექმნება კიდევ უფრო მყარი აზრი იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური ხელისუფლება არის სრულიად უსამართლო, უკანონო და ის მართლმსაჯულების სისტემას იყენებს, როგორც რეპრესიის მექანიზმს, გამორჩევით ასამართლებს ადამიანებს მათი პოლიტიკური შეხედულებების, საქმიანობის, თუ სხვა ნიშნების მიხედვით,“ – ამბობს ლია მუხაშავრია, იგი სტრასბურგის სასამართლოს საქმეებზე საქართველოდან მუშაობს.
,,დღეს, როცა ეგრეთ წოდებული ხელისუფლება მეტისმეტად ცდილობს დააკნინოს მედიის როლი და გავლენა საზოგადოებაზე, აი, ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ მედიის როლი უმნიშვნელოვანესია, ხანდახან გადამწყვეტიც კი, ძალიან მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესების ცხოვრებაში გასატარებლად. აი, ამ შემთხვევაში ნამდვილად მედიამ შექმნა ის საზოგადოებრივი აზრი და გამოხატა საზოგადოების აღშფოთება ამ ფაქტის გამო, რამაც აიძულა მართლმსაჯულება დამდგარიყო სიმართლეზე.
ამ საქმეში ყველას გაუჩნდა შედარების ასოციაცია „მზია ამაღლობელის საქმესთან“: მზია ამაღლობელის სილა და დავით შარაშიძის მუშტები. ეს არის ერთმანეთთან შეუდარებელი ძალადობა და შედეგები, რომელიც ამ ორ ქმედებას მოჰყვა. კარგია, რომ სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პროკურატურის მოთხოვნას და გამოიყენა საპატიმრო ღონისძიება.
თანამდებობის პირებსა და განსაკუთრებით პოლიტიკური თანამდებობის პირებს ავიწყდებათ, რომ ისინი უნდა იყვნენ უმაღლესი მორალური სტანდარტის დამამკვიდრებელი და სამაგალითო მოქალაქეები საზოგადოების თვალში და არა პირიქით. ბოლო დროს სულ ვხედავთ საპირისპირო მაგალითებსა და შემთხვევებს, რაც იწვევს საზოგადოების აღშფოთებას, რეაქციას უსამართლობაზე.
ეს არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ არც სასამართლოს, არც საკანონმდებლო ხელისუფლებას და არც ადგილობრივ ხელისუფლებას. მგონი, ეს იქნება კარგი ჭკუის სასწავლებელი სხვა რეგიონების პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის და, ზოგადად, პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის, როგორ უნდა იქცეოდნენ საჯარო სივრცეში და ანგარიშს უწევდნენ საზოგადოებრივ აზრს.
რეგიონში მეტი პოლიტიკური თანამდებობა არაფერია – საკრებულოს თავმჯდომარეა და ის აშკარად ძალადობს პოლიციელზე. ამ დროს სასამართლოს რეაქცია მართლაც იყო აღმაშფოთებელი საზოგადოებისა და მედიისთვის. როგორც ჩანს, სააპელაციო სასამართლომ ანგარიში გაუწია საზოგადოებრივ აზრს.
საკრებულოს თავმჯდომარე რეგიონში, ადგილზე წარმოადგენს ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს. მისი თანამდებობიდან ჩამოცილება ამ საპატიმრო ღონისძიებით იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და შეიძლება ამანაც დააფრთხო სასამართლო… კარგია, რომ სააპელაციოში ეს შეცდომა, დარღვევა თუ უგუნურება გამოსწორდა.
გურიის მასშტაბით და საერთოდ, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ეს არის უპრეცედენტო ამბავი და შესაძლოა, გადაწყვეტილება მისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ გამოწვეული იყოს იმით, რომ მისი სამსახურში დაბრუნება შეიძლება გამოიწვევდა გარკვეულ დისონანსს საზოგადოებაში, ან თვით პოლიციის ორგანოებში. არ ვიცი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იყოს სამართლიანი გადაწყვეტილება”-აცხადებს მუხაშავრია.








