,,საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ ხალხს ტერორისტებად მიიჩნევენ” – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი სოციალურ ქსელში წერს და “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პოსტს ეხმაურება.
მიჰკელსონის თქმით, მისთვის პატივია იდგეს იმ ევროპელებს შორის, რომლებმაც არ დაივიწყეს ქართველი ხალხის თავისუფლების სურვილი.
,,საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ ხალხს ტერორისტებად მიიჩნევენ. ჩემთვის პატივია ვიდგე იმ კეთილ ევროპელებს შორის, რომლებმაც არ დაივიწყეს ქართველი ხალხის თავისუფლების სურვილი და რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსეთის მცდელობას, გააფართოვოს თავისი იმპერია საქართველოს ხარჯზე,” – წერს მარკო მიჰკელსონი.
რას წერს შალვა პაპუაშვილი?
,,დღეს 4 თებერვალია და ოთხი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ბრიუსელმა უარი თქვა დაეგმო საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ბრბოს თავდასხმა, რის შედეგადაც 20-ზე მეტი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ოთხი თვე საკმარისზე მეტი დროა იმის დასადასტურებლად, რომ ბრიუსელი არც დაგმობს და არც დისტანცირებას არ აპირებს გადატრიალების მცდელობისგან. თუმცა, ეს გასაოცარი ფაქტი ლოგიკურია: რატომ უნდა დისტანცირდეს ბრიუსელი გამოცხადებული გადატრიალებისგან, რომელსაც ფაქტობრივად მხარს უჭერდა ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი ანიტა ჰიპერი გადატრიალების მცდელობამდე რამდენიმე დღით ადრე?
როდესაც თბილისის ცენტრში გადატრიალება მიმდინარეობდა, ევროპელმა ჩვეულებრივმა ეჭვმიტანილებმა, რომლებსაც ქართული საზოგადოება ბრიუსელთან აიგივებს, ერთმანეთის მიყოლებით გააკეთეს მხარდამჭერი განცხადებები დამნაშავეების მიმართ. ნატალი ლუაზომ, რასა იუკნევიჩიენემ, მაიკლ როთმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა, მაია სანდუმ, ლაურინას კასჩუნასმა, მარკო მიხკელსონმა, ანა ფოტიგამ პირდაპირ დაუჭირეს მხარი ადგილობრივ ტერორისტებს, რომლებმაც ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა სცადეს.
ამიტომ, ბრიუსელის ეს პოზიცია აღარ არის უბრალოდ დუმილი, არამედ უკვე პოზიციად იქცა.
ბრიუსელი სწრაფად შორდება იმ ძირითად ღირებულებებს, რომლებზეც დაარსდა ევროკავშირი და ამით სულ უფრო მეტად აიგივებს საკუთარ თავს ძალადობასთან, სიძულვილთან და ექსტრემიზმთან.
თუ ეს მიდგომა არ შეიცვლება, ევროკავშირი მხოლოდ სახელით ევროპული დარჩება, იდეების, ღირებულებებისა და არსის გარეშე,” – დაწერა შალვა პაპუაშვილმა.








