„ოცნების“ პარლამენტში გადაწყვიტეს, რომ ე.წ. ფასების კომისიას უხელმძღვანელებს დეპუტატი სამშენებლო ბიზნესიდან, რომელმაც გასულ წელს 1 მილიონამდე ლარი მხოლოდ საყიდლებისთვის დახარჯა და 300 ათას ლარამდე – მოგზაურობაში.
„ოცნების“ პარლამენტმა პროდუქტების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი საპარლამენტო დროებითი კომისია დეპუტატ შოთა ბერეკაშვილს ჩააბარა, მილიონერ ბიზნესმენს სამშენებლო ბიზნესიდან. კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ეკა სეფაშვილი აირჩიეს, დეპუტატი „ოცნების“ სატელიტი „ხალხის ძალიდან“.
პირველ საორგანიზაციო სხდომაზე, რომელიც 4 თებერვალს გაიმართა, კომისიის წევრებმა პარლამენტის დროებითი კომისიის დებულება დაამტკიცეს.
დებულების თანახმად, კომისიის მიზანია „სასურსათო პროდუქტების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების ზრდის სისტემური, კომპლექსური და ფაქტებზე დაფუძნებული შესწავლა, ფასების ფორმირების ობიექტური შეფასება და შესაძლო პრობლემური გარემოებების იდენტიფიცირება“.
კომისიაში 14 წევრია.
„ოცნებიდან“ კომისიის წევრები არიან: ნინო წილოსანი, ვატო თურნავა, მაია ბითაძე, პაატა კვიჟინაძე, ზაზა ლომინაძე და გელა სამხარაული.
კომისიაში სამი წევრი ეყოლება ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“: გიორგი შარაშიძე, შალვა კერესელიძე, ქეთევან ბაკარაძე.
სამი წევრი ეყოლება „ოცნების“ სატელიტ „ხალხის ძალას“: გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე და ეკა სეფაშვილი, რომელიც კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა.
კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი 30 წელზე მეტია სამშენებლო ბიზნესშია, მისივე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც მან 2025 წლის 27 იანვარს შეავსო, 2024 წელს მან „ბკ ჰოლდინგიდან“ შემოსავლის სახით 471 2134 ლარი მიიღო.
შოთა ბერეკაშვილს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ის რუსეთის მოქალაქეც არის.
მას შემდეგ რაც შოთა ბერეკაშვილი „ოცნების“ დეპუტატი გახდა, კომპანიის წილებს ოფიციალურად მისი მეუღლე მაკა კვიციანი მართავს.
დეპუტატი ამ ჰოლდინგის 50 პროცენტის მფლობელია, დარჩენილ 50 პროცენტს კი ირაკლი ბურდილაძე ფლობს.
„ბკ ჰოლდინგი“ 3 მაღალბიუჯეტიან კომპანიას: სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, დეველოპერულ კომპანიას „თეთრ კვადრატს“ და სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2“ -ს აერთიანებს.
შპს „თეთრი კვადრატი“ სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს საქართველოს მასშტაბით თავისი შვილობილი კომპანიებით, როგორიც არის, მაგალითად, შპს „თეთრი კვადრატი ჯიქიაზე“ , „თეთრი კვადრატი ისანში“, „მინდელზე“ და ასე შემდეგ.
ანგარიშგების პორტალის მიხედვით, 2024 წელს შპს „თეთრი კვადრატის“ წმინდა მოგება 4 მილიონამდე ლარი იყო [3,961,389 ]. ასევე, ჯგუფთან აფილირებულმა სააქციო საზოგადოებამ „ნიუ დეველოპმენტმა“, რომელიც იმავე მენეჯმენტის მიერ იმართება და „თეთრი კვადრატის“ ბრენდის ქვეშ ოპერირებს, 2024 წელს 25-მილიონიანი შემოსავალი მიიღო, აქედან წმინდა მოგება 5 მილიონ ლარზე მეტი იყო.
„ბიქეი ქონსთრაქშენი“ თბილისის მერიის ავარიული სახლების აღდგენის პროგრამაში მონაწილეობს – პროექტების ღირებულება მილიონობით ლარია. კომპანიას თბილისის განვითარების ფონდთან რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი აქვს გაფორმებული.
თეთრი კვადრატის“ მართვის ქვეშაა შპს „ფილიგრინიც“ – ანგარიშგების პორტალის მიხედვით ამ კომპანიის წმინდა მოგება 2024 წელს 4 მილიონამდე ლარი იყო.
„ოცნების“ დეპუტატის კომპანია „ბიქეი კოსტრაქშენი“ 2022 წელს USAID- თან წარმატებით თანამშრომლობდა.
დეპუტატის დეკლარაციის მიხედვით მაკა კვიციანს „ბკ ჰოდინგიდან“ 2024 წელს შემოსავლის სახით 693 156,93 ლარი მიუღია, ის კომპანიის ერთ-ერთ დირექტორად ფიქსირდება.
დეპუტატმა 2025 წლის ქონებრივ დეკლარაციაში სხვადასხვა ხარჯის სახით 4 მილიონ 764 476 ლარი მიუთითა, აქედან 732 315,99 ლარი საყიდლების ხარჯია.
ამონარიდი დეკლარაციიდან
ამ ხარჯებში არ შედის ასევე ქონების შესყიდვის ხარჯი. იმავე დეკლარაციის მიხედვით, 2024 წელს „ოცნების“ დეპუტატს ბაგების სატყეო უბანში 3 მიწის ნაკვეთი, 1000 კვ.მეტრზე მეტი, ჯამში 640 250 ევროდ შეუძენია.
ბერეკაშვილი ერთადერთი მილიონერი არ არის „ოცნების“ საპარლამენტო კომისიაში, რომელმაც სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურა უნდა შეისწავლოს.
მაგალითად, კომისიის კიდევ ერთმა წევრმა, „ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა 2024 წელს ნახევარ მილიონამდე ლარი შვილებსა და მშობლებს აჩუქა.
ასევე, კომისიის წევრია „ოცნებიდან“ დეპუტატი ვახტანგ თურნავა. ის ძვირადღირებულ აქსესუარებში იხდის იმაზე მეტს, ვიდრე საჯარო სამსახურში, მაგალითად ბათუმის მერიაში, ერთი რიგითი სპეციალისტის მთელი წლის ხელფასია.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მილიონობით ლარის ღირებულების ქონებას ფლობს ფასების კომისიის კიდევ ერთი წევრი, დეპუტატი „ოცნებიდან“, გელა სამხარაული.
ბათუმელები








