გურიის მოამბე

გურია მზის ქვეყანაა

გურია მზის ქვეყანაა
.
„გურია ნამდვილი სამოთხეა, ის ოდესღაც ძველი იმერეთის ნაწილი იყო, ახლა კი ქუთაისის, ბათუმისა და შავი ზღვის გუბერნიებშია გადანაწილებული. მოსახლეობა და ენა ქართველთა მსგავსია, თუმცა წეს-ჩვეულებებით, სამოსითა და ხასიათით ისინი საგრძნობლად განსხვავდებიან.
.
გურულები ბუნებით ვაჭრები არ არიან და გურია პირველ რიგში მიწათმოქმედთა ქვეყანაა. ეს თვისება ყველგან ჩანს და თითქოს წითელი ძაფივით გასდევს „გურიის რევოლუციის“ ყველა ეტაპს. ალბათ სწორედ ამიტომ გაუჭირდა ხელისუფლებას ამ პატარა ქვეყნის დამორჩილება იმაზე უფრო მეტადაც კი, ვიდრე სომხების, თათრებისა და მუსლიმური ტომების ორგანიზებულ მოძრაობებთან გამკლავება.
.
გურია უძველესი ქრისტიანული მხარე – ანტიკური კოლხეთი – და უკვე ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში ქრისტიანული კულტურის კერაა. შუა საუკუნეებში მას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ვაჭრობასა და აღმოსავლურ სამყაროსთან ურთიერთობაში, თუმცა მოგვიანებით მონღოლთა ბატონობის შემდეგ მისი მნიშვნელობა შემცირდა. XVIII საუკუნის ბოლოს გურია ნებაყოფლობით შევიდა რუსეთის მფარველობის ქვეშ და XIX საუკუნის დასაწყისში რუსულ პროვინციად იქცა.
.
კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობებზე, შავი ზღვისკენ დაშვებულ მიწაზე მდებარე გურია მზის ქვეყანაა. მზე თითქოს ყველაფერს – მდელოებს, ტყეებს, სოფლების სახლებსა და ბაღებს და თვით ადამიანებსაც კი განსაკუთრებული სიცოცხლით ავსებს. გურიის მთავარი და განსაკუთრებული თვისება სილამაზეა, აქ გურიაში სილამაზე ყველაფერზე მაღლა დგას.
.
ქალებს კლასიკური სახის ნაკვთები აქვთ, მაგრამ როგორც სამხრეთელ ქალებს ახასიათებთ სილამაზით უფრო ახალგაზრდობაში გამოირჩევიან, მოგვიანებით კანი ეშვებათ და ნაკვთები მკრთალდება. მამაკაცები კი სიცოცხლის ბოლომდე ლამაზებად რჩებიან. არაფერია უფრო ღირსეული სანახავი ვიდრე ჭაღარა გურული მოხუცი.
.
გურული ამაყია თავისი გარეგნობით, იარაღით და ტანსაცმლით. მიუხედავად იმისა, რომ ნაყოფიერი მიწები აქვს, იგი იმდენს მუშაობს, რამდენიც დღევანდელი დღისთვის სჭირდება – ხვალისთვის „ღმერთი იზრუნებს“. მათი საკვები სიმინდის ფქვილია; ღვინოს – ველური ყურძნისაგან აყენებენ. ხილი უხვადაა, მაგრამ მოუვლელობის გამო უხარისხოა.
.
ტანსაცმელი გურულებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა: სახლი შეიძლება მოუვლელი ჰქონდეს, მაგრამ სამოსი ყოველთვის წესრიგში აქვს. დღესასწაულებზე ფართო, მდიდრულ ტანსაცმელს ატარებენ, ჩიბუხით ხელში. საინტერესოა, რომ ეროვნული ტანსაცმელი უმეტესად ახალგაზრდებს აცვიათ, ქალები კი ევროპულ მოდას ამჯობინებენ.
.
იარაღი მათი სიამაყეა, ნამდვილი გურული არასოდეს იშორებს იარაღს, ფოტოს გადასაღებადაც კი სრული შეიარაღებით დგება, სწორედ ამიტომაც იარაღის ტარების აკრძალვამ მათ თავმოყვარეობაზე განსაკუთრებით უარყოფითად იმოქმედა.“
.
– Kaukasische Post #14 1907; Ein Jahr im aufständischen Gurien – Erinnerungen von Eduard Iuon. (1905 წლის თებერვალში გურიაში აჯანყების ჩასახშობად შეყვენილი რუსეთის არმიის გერმანელი ოფიცერი ედურად იუონი)
– ნახატი გაიოზ ფოცხიშვილის (1949)

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights