სურსათის უვნებლობის სააგენტოს ცნობით, ოზურგეთში ორი ობიექტი გამოავლინეს, სადაც ხორცსა და ხორცპროდუქტებს კუსტარულად აწარმოებდნენ.
საუბარია არალეგალურ საწარმოებზე.
„ფიზიკური პირი ა. კ. (თაყაიშვილის N1) კუსტარულად მოწყობილ ობიექტზე, სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით აწარმოებდა ხორცს.
ხოლო ინდმეწარმე ზ. ა. (გურიის ქ. N35) ვეტერინარული ზედამხედველობისა და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა თვითნებურად მოწყობილ სასაკლაოში“ – წერს სურსათის უვნებლობის სააგენტო.
უწყების ცნობით, ორივე ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, დაილუქა საეჭვო წარმომავლობის 135 კგ-ზე მეტი გოჭისა და ფრინველის ხორცი და გულ-ღვიძლი.
ბიზნესოპერატორები დაჯარიმდა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინონ სურსათი, განსაკუთრებით ხორცი და ხორცპროდუქტები, არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში და ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.
ბათუმელები







