VOA: აშშ-ს ოფიციალური პირი მთავრობას არჩევნების დამოუკიდებელი გამოძიებისკენ მოუწოდებს

გამოცემა ამერიკის ხმა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის უფროს ოფიციალურ პირს ანონიმურობის პირობით ესაუბრა. მისი თქმით, არჩევნების შემდეგ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ცნობების ფონზე პრეზიდენტის ადმინისტრაციას საქართველოში დემოკრატიის უკუსვლით უფრო მეტად შეშფოთებულია, ვიდრე მანამდე რუსული კანონისა და სხვა ფაქტორების გამო იყო.

“არჩევნების შემდეგ, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა უფრო მეტად გვაშფოთებს, ვიდრე იქამდე. იყო წინასაარჩევნო პერიოდში გადადგმული მთელი რიგი ნაბიჯები, რამაც გამოიწვია ჩვენი ძალიან დიდი შეშფოთება იმ მიმართულების გათვალისწინებით, რომლითაც ქვეყანა და კონკრეტულად ხელისუფლება მიდიოდა. ეს მოიცავდა ე.წ. “უცხოური გავლენის” კანონს. მაგრამ, არჩევნებმა, “უცხოური გავლენის” კანონმდებლობის მიღმა, დამატებითი შეშფოთების მთელი რიგი გამოიწვია – ადმინისტრაციული რესურსების ამდენი არასწორად გამოყენების და როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები ამბობენ, ამომრჩევლის დაშინებისა და იძულების შემთხვევების გამო. ეუთოს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საკმაოდ მკაცრი იყო შეფასებაში თუ რამდენად პრობლემურად ჩატარდა არჩევნები”. – თქვა აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.

გამოცემის კითხვის საპასუხოდ, შეუძლია თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ სასამართლოზე პოლიტიკური გავლენების შესახებ შეშფოთებების ფონზე მის წინააღმდებ ბრალდებები გამოიძიოს, ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ამისთვის ხელისუფლებამ გამოძიების დამოუკიდებელი მექანიზმი უნდა გამოიყენოს.

“იმისთვის, რომ [გამოძიება] მიუკერძოებელი იყოს, საქართველოს მთავრობამ ის მიუკერძოებელი მექანიზმით უნდა ჩაატაროს. შესაძლოა საერთაშორისო მექანიზმით ან ისეთი მექანიზმით, რომელშიც ჩართულნი იქნებიან სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები ან ჯგუფები, რომლებიც მოიცავს სხვა პოლიტიკურ ძალებს, რათა გამოიძიონ ზოგიერთი საკითხი. რადგან, თუ ამ დარღვევებზე პასუხისმგებელია მმართველი პარტია, არ არის მიზანშეწონილი, გამოძიება თავად მმართველმა პარტიამ წარმართოს. მე კონკრეტული მექანიზმი მხედველობაში არ მაქვს, მაგრამ ვიტყვი, რომ არჩევნებისადმი ნდობისთვის, გამოძიების მიუკერძოებელი მექანიზმი კრიტიკულად მნიშვნელოვანია”. – თქვა აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.

გამოცემასთან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა ბოლო დროს დემოკრატიულ ნორმებსა და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მომავალს დაშორდა.

“საქართველოს მთავრობის მიმართულება, განსაკუთრებით ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, დაშორებული იყო დემოკრატიულ ნორმებსა და ინსტიტუტებს და საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. ის, რაც მოხდა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, შეუთავსებელია ევროკავშირსა და ნატოსკენ საქართველოს გზასთან. მიმართულება ნათელია. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა არსებობდა, იმის მიუხედავად, თუ რა წინათგრძნობა ჰქონდა ხალხს არჩევნების დღემდე, ყოველ შემთხვევაში თეორიულად მაინც. რაც ჩვენ ვნახეთ, არჩევნები ჩატარდა დარღვევებით, დაშინების და იძულების შემთხვევებით. ეს იმედგამაცრუებელია. ეს მოითხოვს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა, არა მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა, არამედ ჩვენმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა ევროპაში, ერთობლივად შეაფასონ რა ნაბიჯებს გადავდგამთ და ასევე შევაფასოთ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა. გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემთვის ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, რომ ქვეყანას შეეძლება გააგრძელოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა”. – თქვა აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა ისაუბრა ასევე იმ ქმედებებზე, რომლებსაც აშშ საქართველოს ხელისუფლებისგან მოელის.

“არსებობს მნიშვნელოვანი შეშფოთება და ვფიქრობ, საქართველოს მთავრობის მოვალეობაა, გადადგას ძალიან კონკრეტული ნაბიჯები, ამ შეშფოთების გასაქარწყლებლად. ერთ-ერთი მათგანი არის ე.წ. “უცხოური გავლენის” კანონის უკან წაღება და კიდევ ერთი, დაუყოვნებლივ დიალოგის დაწყება საქართველოს სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, რათა აღდგეს არჩევნებისადმი ნდობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ არჩევნების კონტექსტში, ეს არა სასურველი, არამედ აუცილებელია. […] ახლა ხელისუფლების გადასაწყვეტია, გადადგამს თუ არა ის ნაბიჯებს, რომლებიც გამოასწორებს არჩევნებზე დარღვევების ამ ცნობებს, დაშინების, იძულების შესახებ თუ წავა ანტიდემოკრატიული მიმართულებით, ჰიბრიდული რეჟიმის თუ ავტორიტარული რეჟიმის მიმართულებით. ამას, ცხადია, შედეგები მოჰყვება. წინასწარ არ ვაპირებ რაიმე დამატებითი ნაბიჯების შესახებ გაცნობოთ. მაგრამ, ჩვენ მზად ვართ გადავდგათ დამატებითი ნაბიჯები, თუ დავინახავთ, რომ საქართველო ამ მიმართულებით მიდის”. – თქვა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა.

აშშ-ს ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მათი შეშფოთების საპასუხოდ ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამბობს, რომ საქართველოში ანტიდემოკრატიულ ქმედებებში მონაწილე პირებს პასუხს აგებინებენ.

“ჩვენ მოვუწოდეთ მთავრობას, მიიღოს მთელი რიგი დაუყოვნებელი ზომები, ჩვენი შეშფოთების საპასუხოდ. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, მაშინ ჩვენ გავაგრძელებთ გზების ძიებას, რათა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ძალაუფლება იმისთვის, რომ პასუხი ვაგებინოთ აქტორებს საქართველოს შიგნით და ხელისუფლების შიგნით, რომლებიც ანტიდემოკრატიულ ქმედებებში მონაწილეობენ. ეს მოიცავს არჩევნების პროცესს. იყო მთელი რიგი შეშფოთება არჩევნების შესახებ, რომლებიც, ჯერჯერობით, არ არის საფუძვლიანად გამოძიებული ან დადასტურებული. მე მესმის, რომ ზოგიერთი ამ დარღვევის გამოძიებას დრო სჭირდება. როგორც მესმის, სწორედ ამისკენ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტიც. ვფიქრობ, ზოგიერთი ამ დარღვევის გამოძიება, ლეგიტიმურია”. – თქვა ოფიციალურმა პირმა.

დასავლელი პოლიტიკოსები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევების მიუკერძოებელი გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებს აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოეხმაურა. ბაიდენმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გამოიძიოს არჩევნებთან დაკავშირებული ყოველი დარღვევა, მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების, ამომრჩევლის დაშინებისა და იძულების ფაქტები და გაიწვიოს კანონები, მათ შორის, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც ადამიანის ფუნდამენტურ თავისუფლებებს ზღუდავენ.

ამ ფონზე, საქართველოს პროკურატურამ არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამო 29 ოქტომბერს გამოძიება დაიწყო და გამოკითხვაზე დაიბარა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ოპოზიციასთან ერთად ამბობს, რომ არჩევნები გაყალბებულია.

მანამდე, 16 სექტემბერს აშშ-ს ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა (OFAC) სანქციები დაუწესა იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან მონაწილეობდნენ საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ძირის გამოთხრაში. მათ შორის ალტ-ინფოს ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს და გდდ-ს დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილსა და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share