გასული საუკუნის 80 იანი წლების პირველ ნახევარში, ოზურგეთის რაიაღმასკომის თავმჯდომარე და მოგვიანებით რაიკომის პირველი მდივანი, ოთარ თენეიშვილი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თბილისში, გასული კვირის მიწურულს, 86 წლის ასაკში გარდაიცვლა, მას თბილისშივე, ხვალ დაკრძალავენ;
ოთარ თენეიშვილი ოზურგეთში უამრვ ინფრასტრუქტურულ პროექტთნ, სპორტულ, კულტურულ და გასართობი ცენტრების მშენებლობებთან ასოცირდება.
საბჭოთა კავშირის პერიოდში, ის გახდა უკანასკნელი, მასობრივი რეპრესიების მსხვერპლი, რომელიც სისტემამ – 80 იან წლებში ოზურგეთში განახორციელა;
ოზურგეთის “მერცხალის” წარმატებები, ღამის კლუბი “ვარიეტე” ოზურგეთში, შემოქმედში ნემიროვიჩ დანჩენკოს მუზეუმის გახსნა და კიდევ უამრავი რამ, რაც თენეიშვილთან ასოცირდება; საინტერესოა ასევე ოზურგეთში, საბჭოთა კავშირის მომავალი ლიდერის, მიხილ გორბაჩოვის სტუმრობა, მის მეუღლესთან, რაისა გორბაჩოვასთან ერთად-როცა თენეიშვილმა რაისას, ზემო აჭარაში, შავ ბაზარზე ნაყიდი, ოქრო ვერცხლით მორთული ძველებური, თურქული ქამარი აჩუქა;
თუმცა აქ გთავაზობთ, ოზურგეთელებისათვის ერთ უცნობ ისტორიას, რომელიც კარგად აჩვენებს, თუ როგორ იყენებდა საბჭოტა კავშირში შექმნილ სიტუაციას, ოზურგეთის რაიკომის ყოფილი მდივანი, თავისი რაიონის პოპულარიზაციისა განვიტარებისათვის:

ტარივერდიევი, წარმოშობით თბილისელი იყო, ინგოროყვას ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ფასადზე მემორიალური დაფაც ცხადყოფს. ზოგადი საშუალო განათლების მიღების შემდეგ პროფესიული დაოსტატებისთვის მოსკოვს მიაშურა, სადაც ბედმა პედაგოგად და მფარველად არამ ხაჩატურიანი არგუნა. გაუმართლა და ძალიან დიდ სიმაღლეებს მიაღწია – მის კინომუსიკას და თავად მას, როგორც უბადლო მელოდისტს, საყოველთაოდ აღიარებული პლანეტარული მეტრების – ენიო მორიკონესა და ნინო როტას შემოქმედებით საზღვრებში მოიაზრებდნენ. მადლიერი მსმენელები აღმერთებდნენ. განსაკუთრებით ქალები. თავადაც მათი დიდი ტრფიალი გახლდათ. ერთხელაც ასეთი თავდავიწყება ძალიან ძვირად დაუჯდა:
ულამაზეს მსახიობ ლიუდმილა მაქსაკოვასთან თავბრუდამხვევი სამწლიანი რომანი ჰქონდა. ერთ-ერთი ღამის გასეირნებისას ტარივერდიევის მანქანის საჭეს მაქსაკოვა მართავდა. მოულოდნელად გზაზე საიდანღაც მამაკაცი გამოვარდა. მაქსაკოვამ დამუხრუჭება ვერ მოასწრო, მამაკაცი ისე გაიტანა. ადგილზევე გარდაცვლილი მსხვერპლი ნასვამი აღმოჩნდა. ტარივერდიევმა მაქსაკოვას სასწრაფოდ საჭესთან ადგილი გაუცვალა და სავალალო ავარია თავის თავზე აიღო.
დაიწყო მტანჯველი სასამართლოების 2-წლიანი რეზონანსული პროცესი. საგულისხმოა, რომ მიმდინარე პროცესიდან მაქსაკოვა თანდათან დისტანცირდა, რაც ტარივერდიევისთვის თავზარდამცემი აღმოჩნდა. ხოლო განაჩენის გამოცხადების დღეს კი დივა თავის მეგობრებთან ერთად სულაც სადღაც გაემგზავრა. ამან ტარივრდიევი სრულ შოკში ჩააგდო.
საბოლოოდ, როგორც იქნა, კომპოზიტორს 2 წელი მიუსაჯეს. თუმცა, სასჯელი სასამართლო პროცესების ხანგრძლივობის ამავე ვადით გაიქვითა. ამ განცდებმა ტარივერდიევს გულზე დაარტყა:
– Это было не любовь, а болезнь!!! – მოკლედ და მწარედ დაასკვნა მან.
ამ ამბით მოგვიანებით კინორეჟისორი ელდარ რიაზანოვი დაინტერესდა და ფილმის სიუჟეტად აქცია. ტარივერდიევი დიდხანს, დიდხანს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ რიაზანოვი შეუვალი აღმოჩნდა და არ დათმო. მეტიც, ტარივერდიევი ფილმზე “ვაგზალი ორისათვის” კომპოზიტორად დაამტკიცა!!!
რაც შეეხება ფოტოზე აღბეჭდილ ფისჰარმონიას: მიკის (ასე ეძახდნენ ტარივერდიევს) “ვაინბახის” ფირმის პატარა, კაბინეტური ფისჰარმონია ადრეც ჰქონდა, მაგრამ მეგობარს გაუცვალა როიალ “სტენვეიში”. საფორტეპიანო ბაზარზე “სტენვეი” მაშინ პლანეტარული ბრენდი და ტრენდი გახლდათ. არადა, კომპოზიტორი ორღანის ჟღრიალა ტემბრს ვერ ელეოდა და ინსტრუმენტს დიდხანს უშედეგოდ ეძებდა.
ერთ დღესაც მის ბინაში მოხუცი თაყვანისმცემლის ტელეფონის ზარი გაისმა:
– ძალიან მიყვარს თქვენი მუსიკა. გავიგე, რომ ორღანს ეძებთ. მე გებელსის ნაქონი “პარკერი” მაქვს. მარტოხელა ვარ და ვის დავუტოვო? მოდით და წაიღეთ!!! …დავუბრუნდეთ მიკის განსაცდელებს: შემდეგი დარტყმა მას მოსკოვის დიდ თეატრში ელოდა. მთავარ პარტიებში ნინო ანანიაშვილისა და ანდრის ლიეპასათვის დაკვეთილი ბალეტის (“ქალიშვილი და სიკვდილი”) დადგმა იური გრიგოროვიჩმა მოულოდნელად გადაიფიქრა! წლების მანძილზე ტარივერდიევის ქანცგამწყვეტი შრომა სულ ამაო და წყალში გადაყრილი აღმოჩნდა. არადა, მისთვის ბალეტის დადგმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. თავად განსაჯეთ: ის, რამაც მიკის საყოველთაო აღიარება მოუტანა, მაინც მსუბუქი ჟანრის მუსიკად ითვლებოდა. მას კი უნდოდა დაემტკიცებინა, რომ კლასიკური ჟანრებიც არანაკლებ ხელეწიფებოდა!!! …
ტელესერიალ “გაზაფხულის 17 გაელვების” მუსიკამ ტარივერდიევის რეიტინგი პიკზე ააგდო და არნახული პოპულარობა მოუტანა. თუმცა, მოხდა ისე, რომ სერიალის რეჟისორ ტატიანა ლიოზნოვას სამუდამოდ დაემდურა. სცენარისტი იულიან სემიონოვი მიკისთან განუწყვეტლივ ჩიოდა:
– ჩემს სცენარს პატივს არ სცემს, უდიერად ეპყრობა და თვითნებურად ცვლისო!!! ერთხელაც, ამით შეგულიანებულმა მიკიმ ლიოზნოვას უთხრა:
– Таня, ты не права!
ლიოზნოვა სრულიად გაცოფდა. საშინელი სკანდალი მოაწყო და ლამის ყველაფერი დალეწა. საბოლოოდ კი გაავებულმა ლიოზნოვამ ტარივერდიევი სერიალის შემქმნელთა უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარსადგენ სიაში არ შეიყვანა. თუმცა, იმ სიაში ოპერატორიც კი არ გამოუტოვებია. ბუნებრივია, ამან ტარივრდიევი ძალიან დაამცირა და ლიოზნოვასთან ურთიერთობას საბოლოოდ წერტილი დაუსვა (თუმცა, მიკიმ ის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო მოგვიანებით მაინც მიიღო. ოღონდ, ელდარ რიაზანოვის ფილმ “ბედის ირონია ანუ გაამოთ” შემოქმედებით ჯგუფთან ერთად).
“გაზაფხულის 17 გაელვების” გამო ტარივერდიევის ნერვიულობა ამით არ დამთავრებულა. მთავარი დარტყმა – საშინლი დარტყმა – ჯერ კიდევ წინ ელოდა: ფილმის მუსიკის პოპულარობის მზარდი დინამიკა გრანდიოზულ მასშტაბებს აღწევდა. ერთ-ერთ უპრესტიჟულეს ფესტივალზე (“Песня Года”) აბსოლუტურად ყველა ჯილდო “გაელვების” მუსიკამ მოხსნა. კონცერტის შემდეგ უბედნიერეს ტარივერდიევს კულისებში შეატყობინეს, რომ “გაელვების” მუსიკის პლაგიატის გამო საზღვარგარეთიდან საპროტესტო ტელეგრამა მოვიდა და ამიტომ დილით სსრკ კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე ტიხონ ხრენნიკოვთან იბარებდნენ. ტარივერდიევს ეს ჯერ ხუმრობა ეგონა. თუმცა, უთხრეს, რომ საქმე სერიოზულადაა და ხრენნიკოვი მას მოუთმენლად ელის!
მეორე დღეს ხრენნიკოვის მისაღებში მიკის აჩვენეს საერთაშორისო სატელეგრამო გზავნილი პარიზიდან, რომელსაც მიბმული ჰქონდა რუსულენოვანი თარგმანი:
–
Поздравляю
с успехом моей музыки в вашем фильме. Композитор Френсис Ли.
თითქოსდა, საქმე ეხებოდა Fransis Lai-ს მუსიკის პლაგიატს რეჟისორ არტურ ჰილერის საქვეყნოდ პოპულარული ოსკაროსანი ფილმიდან “Love story”.
ტარივერდიევი გაოგნდა. კინაღამ გული გაუჩერდა. საკითხი უკიდურესად გასკანდალდა! ყოველ ფეხის ნაბიჯზე მზარდი დინამიკით იქოქებოდა. ყველა მოურიდებლად პირში ახლიდა:
– მართალია, რომ თქვენი პლაგიატის გამო საბჭოთა კავშირმა ფრენსის ლის 100-ათას დოლარიანი კომპენსაცია გადაუხადა? თუმცა, მისი პასუხი არავის აინტერესებდა, არავინ უსმენდა!
ტარივერდიევის ცხოვრება სრულიად გაუსაძლისი გახდა! სადაც იყო, გული გაუსკდებოდა!
და სასოწარკვეთილმა, რომ იტყვიან, თავზე ხელი აიღო: მოსკოვში საფრანგეთის საელჩოში დარეკა და კულტურის ატაშესთან დაკავშირება ითხოვა. დააკავშირეს (დღეს ალბათ ყველა გაიოცებს, მერე რა მოხდაო. მაგრამ იმ დროს ეს აბსოლუტურად სასიცოცხლო რისკი იყო!!!).
ტარივერდიევმა და ატაშემ მეორე დღეს შეხვედრა კომპოზიტორთა კავშირთან დათქვეს. შეხვდნენ. კავშირის კაფეში ყავა დალიეს. ატაშემ განუცხადა, ამ სკანდალში საელჩო საერთოდ არ ფიგურირებსო. მიკიმ სთხოვა, რომ პირადად ფრენსის ლის გამოხმაურება სჭირდებოდა. ატაშემ მეორე დღეს მიკი საფრანგეთის საელჩოში დაიბარა და პირადად ფრენსის ლისთან ტელეფონით დაკავშირებას შეპირდა. შეთანხმდნენ.
მანქანის დაძვრისთანავე მიკიმ შეამჩნია, რომ უშიშროების შავი, დაბურულ მინებიანი მანქანა აედევნა. სახლში მისვლისთანავე ტელეფონით თავის დას – მირას დაურეკა. მირას პასუხისთანავე მიკიმ ყურმილში რაღაც ტკაცუნი გაიგონა და მიხვდა, რომ უკვე უსმენდნენ. მიუხედავად ამისა, მირას მაინც ყველაფერი წვრილად მოუყვა და დასძინა, რომ საელჩოში აუცილებლად წავიდოდა. წავიდოდა, რადგან დასაკარგი უკვე აღარაფერი ჰქონდა; რომ მისმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა და ასეთ გამწარებულ ყოფას მეტს ვეღარ გაუძლებდა.
ოც წუთში კარზე ზარი გაისმა და КГБ- დან ორი ახალგაზრდა წარუდგა. უთხრეს, რომ მათი უწყება ამ მეგასკანდალის კურსში იყო, მაგრამ აქამდე არ ერეოდა. ამიერიდან კი ჩაერეოდა და საქმეს თავად მოაგვარებდა. ხოლო თუკი ტარივერდიევი არ დაიშლიდა და ხვალ საფრანგეთის საელჩოში ატაშესთან შესახვედრად მაინც წავიდოდა, პერსონალურ დოსიეს საბოლოოდ გაიფუჭებდა და შემდგომი მოსალოდნელი სამწუხარო შედეგების განჭვრეტა მისთვის რთული არ უნდა ყოფილიყო.
და აი, აქ უკვე დროა ამ პოსტის სათაური გავშიფრო: მეორე დღეს ტარივერდიევს სახლში ოთარ თენეიშვილი ეწვია, რომელიც წლების მანძილზე პარიზში “Совэкспортфильм”-ის წარმომადგენელი გახლდათ.
– მიკი, მე ძალიან კარგად ვიცნობ ფრენსის ლის. აღარ ინერვიულო. სიტყვას გაძლევ, რომ პირადად დავუკავშირდები და ის აუცილებლად გამოგეხმაურება. და ეს უმსგავსობაც აუცილებლად დასრულდება!
ოთარ თენეიშვილმა სიტყვა შეასრულა. მართლაც, სამ დღეში პარიზიდან ფრენსის ლის ტელეგრამა მოვიდა, სადაც ის კატეგორიულად იუწყებოდა, რომ მიქაელ ტარივერდიევთან და მის მუსიკასთან პრეტენზიები საერთოდ არ ჰქონდა!!!
ამით ოთარ თენეიშვილმა ტარივერდიევის ცხოვრებაში გრანდიოზული დიპლომატიური როლი შეასრულა – მაშველი რგოლის ფუნქცია იკისრა და მიკის რეაბილიტირება მოახდინა!!!
წარმოშობით ოზურგეთელი ოთარ თენეიშვილი, რომელზედაც მოგახსენებთ, მოსკოვში მეტად გავლენიანი პერსონა იყო. არაერთ საპასუხისმგებლო დონეზე პოზიციონირებდა. მათ შორის, უცხოეთშიც. ერთი ხანობა იგი პარიზში საბჭოთა კავშირის კულტურის ატაშეც კი გახლდათ და ლამის პლანეტარული კავშირები გააჩნდა.
როგორც ადგილობრივი თეატრის თბილისიდან მივლინებული კურატორი (იყო მაშინ ასეთი პრაქტიკა) მე მას ერთხელ შევხვდი ოზურგეთში. ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახლ-მუზეუმის გახსნის ზეიმსა და მახარაძის თეატრის 120 წლის იუბილეზე იგი მოსკოვის МХАТ-ის დელეგაციას ახლდა. ახლაც თვალწინ მიდგას: ბანკეტზე ეს ერთობ პუტკუნა სიმპათიური მამაკაცი როგორი საოცრად დახვეწილი ელეგანტურობითა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ელასტიურობითაც კი ცეკვავდა ულამაზეს მსახიობ ირინა აკულოვასთან. მათი დუეტის ცქერა მართლაც სიამოვნება იყო.ამ ზეიმს კი უბადლოდ მასპინძლობდა კიდევ მეორე ოთარ თენეიშვილი – მაშინდელი მახარაძის რაიონის თავკაცი, განთქმული მეურნე და ორგანიზატორი (დღეს რომ მენეჯერს ეძახიან). იგი, სამწუხაროდ, პოლიტიკურ ინტრიგებს შეეწირა: როცა ქვეყნის ახლად დანიშნულმა მაშინდელმა ლიდერმა პირადი შურისძიების გამო სოლიკო ხაბეიშვილი დააპატიმრა, ელდაზე სოლიკოს ინფარქტი დაემართა და კლინიკაში გადაიყვანეს. რა თქმა უნდა, ხაბეიშვილი ყველამ გაწირა და აღარავინ ეკარებოდა. ერთადერთი, ვინც კაცურად მოიქცა, სწორედ ოთარ თენეიშვილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა – იმ ნაბიჯს არ შეარჩენდნენ, კლინიკაში გასამხნევებლად მეგობარი მაინც მოინახულა. ეს სოლიდარობა ძვირად დაუსვეს: მართლაც, მეორე დღეს თენეიშვილიც დააპატიმრეს.
ასეთი ისტორიები მრავლად იყო ოთარ თენეიშვილის ცხოვრებაში;
იგონებს მარინა ბუზუკაშვილი








