როგორ დაითვლიან აბიტურიენტების ქულებს 2021 წლის გამოცდებზე – დათვლის წესი დეტალურად

ცნობილია, როგორც გამოითვლება წელს აბიტურიენტის აბსოლუტური ქულა:

 

ა) აბიტურიენტის მიერ თითოეული საგნის საგამოცდო ტესტში მიღებული ქულა, ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით, განთავსდება ერთ საერთო სტანდარტულ სკალაზე და მიიღება საგნის სკალირებული ქულა;

 

ბ) აბიტურიენტის მიერ მიღებული სკალირებული ქულა მრავლდება შესაბამის საგამოცდო საგნის წონაზე და მიიღება კონკრეტული ქულა;

 

გ) აბიტურიენტის კონკრეტული ქულების შეკრებით მიიღება აბსოლუტური ქულა. აბიტურიენტი, მისი აბსოლუტური ქულის შესაბამისად, სახელმწიფო სასწავლო გრანტს იღებს მის მიერ ჩაბარებული საგამოცდო საგნისთვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში.

 

საქართველოს მთავრობის მიერ აკადემიური პროგრამისათვის დადგენილი გრანტის წლიური მოცულობა ნაწილდება შემდეგი საგნებისათვის:

 

ა.ა) მათემატიკა;

 

ა.ბ) ბიოლოგია;

 

ა.გ) ქიმია;

 

ა.დ) ფიზიკა;

 

ა.ე) ზოგადი უნარები;

 

ა.ვ) ისტორია;

 

ა.ზ) გეოგრაფია;

 

ა.თ) ლიტერატურა;

 

ა.ი) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

 

ა.კ) სამოქალაქო განათლება.

 

მათემატიკის, ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკისა და ზოგად უნარების საგნებისათვის განსაზღვრულია პრიორიტეტული წონა – 1.4, ხოლო დანარჩენი საგნებისათვის – პრიორიტეტული წონა – 1.

 

საქართველოს მთავრობის მიერ აკადემიური პროგრამისათვის დადგენილი გრანტის წლიური მოცულობის 5% თანაბრად ნაწილდება თითოეულ საგანზე, ხოლო 95% პროპორციულად ნაწილდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ზემოაღნიშნული საგნებისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობის შესაბამისად, საგნებისათვის მინიჭებული პრიორიტეტული წონის გათვალისწინებით. ამ მიზნით გამოითვლება თითოეული საგნისათვის გამოცხადებული აწონილი ადგილების რაოდენობა, რისთვისაც თითოეული საგნისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობა მრავლდება შესაბამის წონაზე, შემდეგ კი აკადემიური პროგრამებისათვის დადგენილი გრანტის წლიური მოცულობის 95% საგნებზე გადანაწილდება თითოეული საგნისათვის გამოცხადებული აწონილი ადგილების პროპორციულად.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share