გურიის მოამბე

ლანჩხუთში სოფლის მოსახლეობამ გზა მოითხოვა-ხელისუფლებამ შეუთვალა “გზას სხვაგან ვაშენებთ და თქვენ გზას ძველი საფარის აღებიდან დაგროვებული მასალით შევაკეთებთო”

ლანჩხუთში სოფლის მოსახლეობამ გზა მოითხოვა-ხელისუფლებამ შეუთვალა “გზას სხვაგან ვაშენებთ და თქვენ გზას ძველი საფარის აღებიდან დაგროვებული მასალით გაგიკეთებთო”

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, აკეთის თემის სოფელ ჭანჭათის მოსახლეობა, სოფელში არსებულ მძიმე პირობებზე ჩივის და ხელისუფლებიდან სავალი გზის შეკეთებას ითხოვს:

“ექიმთან ვერ წაგვიყვანია ავადმყოფი, ისეთ ცუდ დღეშია გზები, მიუხედავად არაერთი დაპირებისა, ხელისუფლება გზის შეკეთება არ აპირებს, რაც კიდევ უფრო გაუსაძლის ქმნის ჩვენს ყოფას” – უთხრეს “გურიის მოამბეს” ჭანჭათში:

ადგილობრივების მტკიცებით, მუნიციპალიტეტის მერს მათ, ადგილობრივი დეპუტატის პირით სთხოვეს დახმარება, დეპუტატმა კი მერის შემონათვალი ჭანჭათლებს გადმოსცა: “ახლა სხვა გზას ვაშენებთ, იქედან უნდა ავიღოთ გზის მწყობრიდან გამოსული საფარი და თქვენ გზაზე არსებულ ორმოებს იმ ასფალტის ანაფრეზებით ამოვავსებთო”

პასუხმა ადგილობრივები გააბრაზა; ჭანჭათში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ამ დასახლების მაცხოვრებლებს მეორეხარისხოვან მოსხლეობად აღიქვამს:

“გურიის მოამბე” ლანჩხუთის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატს, აკეთის თემის მაჟორიტარს, ირაკლი ტოროტაძეს დაუკავშირდა:

“მესმის, საუბარია ჭანჭათი გაგურის შემოვლით გზაზე, წელს შენდება და მიმდინარეობს გაგური – ქვემო აკეთის (ნაგომრის (სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში) ხიდამდე) სავტომობილო გზის მოასფალტება; მომავალ წელს ვგეგმავთ გაგური ზომლეთის გზის მოასფალტებას, ამ პროცესში რაც დრჩება, გზის საფარის აყრით, ასფალტის ანაფრეზს ვგულისხმობ, რადგან, სამწუხაროდ ქვიშა ხრეშის პრობლემაა, ამ ანაფრეზით ამოვავსებთ ორმოებს შემოვლით გზაზე, არ არის ახლა ასეთი გაუსაძლისი პირობები, ავტომანქანა უპრობლემოდ გადაადგილდება”

გვითხრა მაჟორიტარმა;

სოფლის მოსახლეობის თქმით, პრობლემაა ტრანსპორტი: “ჭანჭათი ლანჩხუთის მიკროავტობუსი – ერთი მგზავრის გადაყვანის ღირებულება 5 ლარი – მხოლოდ სკოლის ფუნქციონირების პერიოდში მოძრაობს, რადგან ის პარალელურად სასკოლო ავტობუსია; ზაფხულობით, როცა სკოლა მოხსნილია, ანაც სასკოლო არდადეგების დროს, მძღოლი მგზავრებს საკუთარი “ფურგუნიანი მანქანით” ემსახურება, მგზავრობა აქაც 5 ლარია, იქეთ-აქეთ 10 ლარი, თუ ადგილი არაა მგზავრები საბარგულში სხედან; რაც შეეხება ჭანჭათი ოზურგეთს, ის კვირაში მხოლოდ სამი დღეა, ოთხშაბათი, პარასკევი, შაბათი, ჭანჭათი – ბათუმია ყოველდღე, მაგრამ დრო არის შეუსაბამო”

გვიყვებიან ჭანჭათში, ადგილობრივები;

ასფალტის ანაფრეზი (იგივე ასფალტის ნამცეცი ან ფრეზირებული ასფალტი) არის ძველი გზის საფარის მოხვეწის (ფრეზირების) შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალა;

Verified by MonsterInsights