“ოლიგარქი” – POLITICO-მ ივანიშვილი ევროპის გავლენიანი ადამიანების რეიტინგში შეიყვანა

გამოცემა POLITICO-მ ევროპაში გავლენიანი ადამიანების რეიტინგი გამოავლინა. ყველაზე გავლენიანი ადამიანის გარდა, სია სამ კატეგორიად იყოფა – საქმის გამკეთებელი, ჩამშლელები, მეოცნებეები, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ტიპის ძალაუფლებას წარმოადგენს. თითოეულ კატეგორიაში 9 ადამიანია წარმოდგენილი.

“ჩამშლელების” კატეგორიაში POLITICO-მ ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი შეიყვანა, რომელიც “ოლიგარქად” მოიხსენია.

“თუ საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ, ბიძინა ივანიშვილს დავუჯერებთ, იგი პოლიტიკიდან წავიდა, რათა შავ ზღვასთან, დენდროლოგიურ პარკში უბრალოდ ცხოვრებას მიუძღვნას თავი. თუმცაღა საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი (რომლის სიმდიდრეც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მესამედს შეადგენს), მმართველ პარტია ქართულ ოცნებას კულისებიდან მართავს. მისი მიზანია: თბილისი ევროკავშირის მოსაცდელიდან კრემლის კლანჭებში გადაიყვანოს. […]

ანალიტიკოსების აზრით, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ სწორედ ივანიშვილია დიდწილად პასუხისმგებელი საქართველოს პრომოსკოვურ მოძრაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების მეხუთედი ოკუპირებულია კრემლის ძალებისა და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მათი მარიონეტების მიერ, ქვეყანა რუსეთში პარალელური ექსპორტის საკვანძო ცენტრად იქცა. ამავე დროს, დამკვირვებლები ამბობენ, რომ თბილისი უკან იხევს ადამიანის უფლებებისგან, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიისგან – სწორედ იმ მომენტში, როდესაც ბრიუსელი გაწევრიანების განაცხადს განიხილავს.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში წევრობას და სურთ, რათა ქვეყანა დასავლეთისკენ შეტრიალდეს. მას შემდეგ, რაც ბრიუსელმა 2022 წლის ივნისში 12 რეკომენდაცია წარმოადგინა, რომელთა შესრულებაც ბლოკში გაწევრიანებისთვის აუცილებელია, თბილისს 2024 წელს მკაფიო გზა აქვს, თუ მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევა სურს. საკითხავია, დაუშვებს თუ არა ამას ივანიშვილი”, – წერს გამოცემა ივანიშვილზე.

ივანიშვილთან ერთად “ჩამშლელების” სიაში მოხვდნენ კარლ პუოჩდემონი, ვიქტორ ორბანი, ანალენა ბერბოკი, მანფრედ უებერი და სხვები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share