“ისე აურიეს რომ ვერც თავს გაუგებდი და ვერც ბოლოს!?” რა წერდა “ივერია”ოზურგეთის თეატრზე

რას წერდა გაზეთი ივერია ოზურგეთის თეატრში 1903 წლის 7 დეკემბრის პრემიერაზე –   ნატალია აზიანის პიესაზე „ფული და ხარისხი“

ქ. ოზურგეთი – როგორც იყო ერთი კარგი პიესა წარმოგვიდგინეს ჩვენმა სცენის მოყვარულებმა, კვირას 7 დეკემბერს ითამაშეს აზიანის „ფული და ხარისხი“, მაგრამ სამწუხაროდ კარგს ვერაფერს ვიტყვით ამ წარმოდგენის შესახებ.

სამწუხაროა, რომ ასეთი რიგიანი პიესა ასე სუსტად წარმოადგინეს. თითქმის ყველას როლების უცოდინარობა ეტყობოდათ. უფრო სუსტად იყო პირველი მოქმედება. მეორე მოქმედებაში კარგები იყვნენ წუწუნავა (არტემ) და თალაკვაძე (ბაგრატ). უფრო-კი თალაკვაძე მოეწონა საზოგადოებას.

დანარჩენები-კი ყველანი სუსტნი იყვნენ. მესამე მოქმედებაში, როცა ბაბალე და დავითი შემოდიან – არტემას სახლში, როგორც პიესაში სწერია, ჯავრობა და ყვედრება უნდა იყოს მათ შორის, მაგრამ ჩვენი მოთამაშენი ისე ლაპარაკობდნენ თითქოს „ღამის სათევში“ ზღაპარს ამბობდნენო! გვიკვირს, რომ ქ-ნმა ევ. წუწუნავამ (მაშო) ეს მისი შესაფერისი როლი ესე სუსტად შეასრულა!

ვოდევილი „დედისერთა“ უნდა ეთამაშნათ, როგორც აფიშაში იყო გამოცხადებული, მაგრამ რაღაც მიზესი გამო „უჩინმაჩინის ქუდი“ წარმოადგინეს და ისე აურიეს რომ ვერც თავს გაუგებდი და ვერც ბოლოს!?

ესე მოუმზადებლად თამაში არ არის კარგი; ყოველივე ღონე უნდა იხმარონ, რომ საზოგადოებას მეტი ასიამოვნონ და უფრო მეტი პატივისცემა დაიმსახურონ, თორემ როცა შეგამჩნევენ უგულობას და მოუმზადებლობას, საზოგადოება ზურგს შეგაქცევს.

საჭიროა კულისებში მეტი წესიერება იქნას დაცული მოქმედების დროს, რომ ლაპარაკი არ მოისმოდეს.

თეატრი ხალხით იყო გაჭედილი.

ავტ. მხიარულიძე (გაზეთი „ივერია“ 11 დეკემბერი 1903 წელი)

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share