“ეს მოგვწონს თუ არ მოგვწონს, რუსების აბსოლუტურ უმრავლესობას, მათ შორის, აქ ჩამოსულ ტურისტებს (და ცხადია, არა დახვეწილ თუ ღია პროპაგანდისტებს) წარმოდგენა არ აქვთ, რა ქვეყანაა დღეს საქართველო, მათ არასდროს გაუგონიათ სიტყვა “ბორდერიზაცია”, არ იციან, როგორ იტაცებენ მათი სამხედროები საქართველოს მოქალაქეებს და პრინციპში “ეს ამბები” დიდად არც აინტერესებთ, რადგან ეს უმრავლესობისთვის “პოლიტიკაა და მათ არ ეხებათ” (რუს მოქალაქეს მართლაც არ ეხება პოლიტიკა – მას თავისივე ქვეყანაში არავინ არაფერს ეკითხება ისტორიულად), ბევრისთვის 2008 წლის ომიც რაღაცა შორეული და ამორფული ისტორიაა, რომელიც “პუტინ-სააკაშვილის დაძაბულ ურთიერთობებს” უკავშირდებოდა და ახლა კი თითქოს ეს პრობლემაც მივიწყებულია… ან სადღაც ძალიან შორის ჩაკარგული. როგორც დროით, ასევე გეოგრაფიულად. ზოგს – ასეთი შემთხვევებიც ყოფილა – გულწრფელად გაკვირვებია, რატომ არ ვაჭრობენ აქ რუბლებით… ანუ საშუალო სტატისტიკური რუსის რეალური თუ გამიზნული არცოდნა ერთია და ეს კომპლექსური პრობლემაა, მაგრამ მე იმ ქართველების იდიოტიზმი მაოგნებს, დაწყევლილივით სიკვდილამდე სიმღერა-ცეკვისთვის მომართული მავნებელი პრიმიტივების, ვინც ამ ჟამიანობის, აპათიისა და ტოტალური კრიზისების დროს, კანონის ფეხებზემკიდიურ-აგდებულობით რომ უშლის სუფრებს მოსკოვიდან ჩამოსულ “ელიტებს”! ამ ქართველებმა ხომ მაინც იციან, რა ხდება საქართველოსა და რუსეთს შორის! ალბათ, როგორ უნდოდათ გიტარის მომარჯვება და ხელებგაშლილ-წრიული ჩამოვლა ნაელარჯალზე… ამიტომ “რუსები” კი არა – აი, ეს ქართველებია ამაზრზენი! რეალობის აღქმის უნარი რომ არ აქვთ და მეტიც, კარგი რუსულით და ტურისტულ-ეგზოტიკური ქართული აქცენტით ნამღერ ერთ “სულიკოს” რომ გადააყოლებენ ყველაფერს… რუსოფობია, ქსენოფობია და ა. შ. მორალური დანაშაული და მიუღებელია, მაგრამ აი, ეს ყველაფრის ფეხებზე დამკიდებელ-გამრთობი ქართველის სახეობა კი არის ნამდვილად საძულველი…,” წერს სოციალურ ქსელში ლაშა ბუღაძე.