საქართველოში კარტოფილი გაიაფდა

ადგილობრივ ბაზარზე სათბურის ახალი კარტოფილი წელს, შარშანდელთან შედარებით, გაცილებით იაფია, ამასთან, მარაგი დიდია, იმპორტის მაჩვენებელი კი, სულ უფრო იზრდება.

არსებულ ვითარებას, East fruit-ის ანალიტიკოსები აკვირდებიან და მიზეზების გარკვევას ცდილობენ.

მათი შეფასებით, საქართველოში კარტოფილის მწარმოებლებისთვის 2020/21 წლების სეზონი გაცილებით ნაკლებად მომგებიანი იქნება. უფრო მეტიც, ანალიტიკოსების აზრით, 2020 წლის კარტოფილის მარაგების გაყიდვას ყველა ვერ შეძლებს, რადგან მარაგების ფონზე კარტოფილის იმპორტის მაჩვენებელი დიდია.

East-Fruit- ის მიერ ჩატარებული საბითუმო ფასების მონიტორინგი აჩვენებს, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კარტოფილის ფასები დოლარში საშუალოდ 49%-ით შემცირდა, ხოლო ლარში 37%-ით. ანალიტიკოსების დაკვირვებით, 2020 წლის და 2021 წლის ფასებში ასეთი მნიშვნელოვანი განსხვავება ძირითადად განპირობებულია იმით, რომ კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღა 2020 წელს დაიწყო ამ პერიოდში მოსახლეობა საკვებს პანიკურად ყიდულობდა.

თავად ფერმერები 2021 წლის პირველ კვარტალში კარტოფილის დაბალ ფასს უკავშირებენ, 2020 წელს მიღებულ დიდი რაოდენობის მოსავალს და ამასთან, მოთხოვნის შემცირებას, რაც თავის მხრივ გამოწვეული იყო ტურისტების სიმცირით და მომსახურების სექტორების (რესტორნებისა და სასტუმროების) დახურვით. მათი ინფორმაციით, დიდი რაოდენობის მოსავალი განპირობებული იყო ხელსაყრელი კლიმატური პირობებითა და მიწის ფართობის გაზრდით. გარდა ამისა, მწარმოებლები ირიბად ადასტურებენ, რომ 2020 წელს სათესლე კარტოფილის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მიუხედავად ამისა, 2020/21 წლების სეზონის 8 თვეში, კარტოფილის იმპორტი 27% -ით მეტი იყო, ვიდრე წინა სეზონში. უფრო მეტიც, საქართველოში ფასების კლების ტენდენციის მიუხედავად, იმპორტი ყოველ თვე იზრდებოდა. ამ პერიოდში კი, საქართველოში რეალიზებული კარტოფილის მთავარი და ფაქტობრივად, ერთადერთი მიმწოდებელი თურქეთი იყო, სადაც კარტოფილის ფასი დაბალია.

2020 წლის მარტ-მაისში საქართველოში 9 ათას ტონაზე მეტი კარტოფილის იმპორტი განხორციელდა. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ეს იყო ბაზრის რეაქცია მოთხოვნის ზრდაზე, რაც, თავის მხრივ, გამოწვეული იყო ჩაკეტვის გამო მოსახლეობის პანიკით, ასევე, სასოფლო-სამეურნეო ბაზრების დახურვითა და ადგილობრივი მარაგების სიმცირით.

ამასთან, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, 214%-ით გაიზარდა სათესლე კარტოფილის იმპორტიც.

რაც შეეხება ფასებს, გასული კვირის ფასების მონიტორინგის მიხედვით, 1 კგ ადრეული ან ახალი სათბურის კარტოფილი 4-5 ლარი ღირდა ($ 1.17 -1.47 დოლარი).

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share