უკრაინულ დელეგაციას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უნდა დაკვირვებოდა, საქართველოში არ უშვებენ.
უკრაინული “რადას” ჟურნალისტებისა და დეპუტატების დელეგაციას, საქართველოსგან არჩევნებზე დაკვირვების ფორმალური თანხმობა ჰქონდა, თუმცა მათი ჩარტერული რეისი მოულოდნელად გაუქმდა. 50 კაციანი ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებისგან პასუხს გვიან ღამემდე აეროპორტში ელოდა და საბოლოოდ, უარი მიიღო.
ნაციონალური მოძრაობა უკრაინელი დამკვირვებლების საარჩევნოდ საქართველოში არ შემოშვებას მიზანიმართულ ხელისშეშლად აფასებს.
“ეს არის კიდევ ერთი დასტური თუ რას აპირებს ხვალინდელ არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება” – ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, კობა ნაყოფია.
მმართველი პარტია განცხადებას, თუ რატომ უთხრეს უარი უკრაინელ დამკვირვებლებს საქართველოში ჩამოსვლაზე, მოგვიანებით გააკეთებს.
ცნობისთვის, გუშინ, 30 ოქტომბერს “იმედზე”, “ქართული ოცნების” მთავარმა იდეოლოგმა, ლაშა ნაცვლიშვილმა, უკრაინელი დეპუტატების საარჩევნოდ ჩამოსვლა, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, საქართველოში რევოლუციის ექსპორტად შეაფასა.