3 დღეში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ვაქცინაციის პროცესში ჩართვას შეძლებენ. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, სფეროში დასაქმებულმა ადამიანმა ვაქცინაციის შემდეგ, შესაძლოა, როგორც სახელმწიფოსგან, ისე კერძო სტრუქტურებიდან გარკვეული ბენეფიტი მიიღოს.
„ეს ფაქტი მისასალმებელია, ახლა უკვე მენეჯმენტის საკითხია. დაახლოებით სამ დღეში სფეროს წარმომადგენელს, ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია ვაქცინაციის პროგრამაში ჩაერთოს. ჩემი სუბიქტური აზრია, რომ ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესია და ეს არის ერთადერთი გადარჩენა. ასევე გაჟღერდა ინიციატივა ადამიანებისათვის, ვისთვისაც შესაძლებელია და ვისაც სურვილი ექნება, გარკვეული ბენეფიტები მიიღოს როგორც სახელმწიფოსგან, ისე კერძო სტრუქტურებისგან. ჩემი კონკრეტული ინიციატივა იქნება, რომ არა მარტო ჩვენს თანამშრომელს, არამედ ნებისმიერ ადამიანზე განვახორციელოთ ეს იდეა, ვინც ვაქცინირებული იქნება. რაც შეეხება ბენეფიტებს, ჯერჯერობით იდეა არსებობს, მუშაობს სახელმწიფო და თავად წარადგენენ ამის შესახებ ინფორმაციას”, – აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, ბენეფიტებს მიიღებს ის კომპანიები, რესტორნები და სასტუმროები, რომლის თანამშრომლების 60%-დან 80-%-მდე იქნება აცრილი.