ერთმა გლეხმა ოჯახის რჩენის მიზნით სოფელში მისივე სიტყვით, რომ ვთქვათ „პაწა“ პურის საცხობი მოაწყო, მოგეხსენებათ ცომის მომზადებას წყალი სჭირდება, ჰოდა ისიც იქვე არსებული წყაროდან ამარაგებდა საცხობს. ბიზნესის დაწყებიდან ორი კვირაც არ იყო გასული გარემოს დაცვა დაადგა თავს – აქაოდა ბატონო ლიცენზია არ გაქვს და ბუნებრივი რესურსი მიწის ქვეშა მტკნარი წყალი დაგიტაცებიათო! გაოგნებულმა „დამნაშავემ“ ბევრი იმართლა თავი – „რა მიწის ქვეშა წყალი ბატონო, აგერ ზეით მოდის და მაინც ანღროვილ ღელეში მიდიოდისო“, პურიც არ იყიდება და ისედაც „დევიფსე“ კაციო, მარა რად გინდა „კანონის დამცველებმა“ ათასი ლარი ჯარიმის სახით დააკისრეს და სამასიც კიდე ზევიდან დაუმატეს – ესეც 30 ვედრო მიწისქვეშა მტკნარი წყალი, რომ დაიტაცე იმის ღირებულებააო. გადაირია გლეხი – „ვედრით მოტანილ წყალში ამდენ ფულს რაფერ მახდიებთ შამპანური ხომარააო“, მარა ისევ და ისევ რად გინდა – კანონი კანონიაო! უთხრეს და ასე ტრაგიკულად დაასრულა თავისი ბიზნესი კანონის უზენაესობის პრინციპს შეწირულმა ჩვენებურმა გლეხმა და დაადგა სოციალური შემწეობის მაძიებელის გზას. ასეა ვედრით წყაროს წყალის „დატაცებისას“ კანონი მკაცრი და დაუნდობელია, აი ექსკავატორი და ბულდოზერი თუ გყავს მაშინ ლმობიერი.
კახა ჩავლეშვილი